ტელეკომპანიებში „რუსთავი 2“-სა და „იმედში“ დღის განმავლობაში რამდენჯერმე შევიდა ბომბის არსებობის შესახებ მორიგი შეტყობინება. რა თქმა უნდა, ორივე ტელეკომპანიიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა. ტელეკომპანიის ეზოდან გაიყვანეს ავტომანქანებიც. ტელეკომპანიის პერიმეტრზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. „რუსთავი 2“-ში გამნაღმველთა სამი ეკიპაჟი მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ 112-ში ზარი გუშინ საღამოსაც შევიდა. „იმედში“ კი განგაში დღის განმავლობაში უკვე მეორედ გამოცხადდა. მსგავსი ფაქტი უკვე დაფიქსირდა რამდენიმე დღის წინაც, შეტყობინება თბილისის აეროპორტსაც ეხებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, აქამდე თითქმის ყველა შემთხვევაში ცრუ შეტყობინებების ავტორები არასრულწლოვნები იყვნენ.
ტელეკომპანიების გარდა, თანამშრომელთა ევაკუაცია მოხდა ქუთაისში, პარლამენტის შენობაში. მიზეზი ისევ ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაცია გახლდათ. ევაკუაციის გამო შეწყდა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა.
უკვე ცნობილია, რომ შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 16 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედში“ ნაღმის არსებობის შესახებ განხორციელებული ზარის ავტორის ვინაობა დაადგინეს. ის 2000 წელს დაბადებული დავით ბ. აღმოჩნდა.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო აწარმოებს.
ცხადია, რომ ზარებს უკვე მასობრივი და კარგად ორგანიზებული ხასიათი აქვს, მოტივი და მიზანი ჯერჯერობით უცნობია. ფაქტია, რომ ორგანიზატორები ქვეყანაში წინასაარჩევნოდ ქაოსური სიტუაციის შექმნას ცდილობენ.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ აღნიშნულ ზარებს არ შეიძლება, შემთხვევითი ხასიათი ჰქონდეს.
„როგორც ჩანს, მზადდება რაღაც სერიოზული ქმედება. მსგავსი რამ ხდებოდა ლიბანში, ბეირუთში, როდესაც ანალოგიურად, ვითომდა ხუმრობით ხორციელდებოდა ზარები, რის შემდეგაც მოხდა ცნობილი ტერაქტი ბეირუთში“,- აცხადებს მაისაია.
როგორც მაისაია ამბობს, ბეირუთში მსგავსი რამ ორჯერ განმეორდა, ზარები ხორციელდებოდა ყურადღების მოდუნებისა და კომიკური სიტუაციის შექმნის მიზნით, რაც ორივე შემთხვევაში ტერაქტით დასრულდა, ხოლო ორგანიზატორები სირიის სპეცსამსახურები იყვნენ.
„შეიძლება ვაჭარბებ და ვაზვიადებ, ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ის რაც ანონიმურ ზარებთან დაკავშირებით ხდება, ძალიან მაგონებს ისლამისტური სპეცსამსახურების ხელწერას“, - აცხადებს მაისაია.
მისივე შეფასებით, ამგვარად ფიქრის საფუძველს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აძლევს, როგორიცაა, ე.წ თალიბების კლიპი, რელიგიურ ნიადაგზე შუღლის ჩამოგდების მცდელობა რამდენიმე რეგიონში და საქართველოში ვაჰაბიტური დაჯგუფებების გააქტიურება.
საზოგადოებაში პირველი ზარებისთანავე გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ამ ზარების ორგანიზატორი იყოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არჩევნების წინ ქაოსის შექმნასა და იმის ხაზგასმას ცდილობს, რა უსუსურია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ვახტანგ მაისაია თვლის, რომ იმდენად ასიმეტრიულად აზროვნებენ ნაციონალები, მათგან მსგავსი რამ არ არის გამორიცხული, მაგრამ ამ ზარების უკან კარგად კოორდინირებული, კარგად ორგანიზებული ხელწერა იგრძნობა. ამ ზარებს მაისაია რაღაც მნიშვნელოვანის წინ „მოთელვის პროცესად“ განიხილავს.
ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან არაერთი ვერსია არსებობს. ასევე საინტერესოა, რომელ პოლიტიკურ ძალას შეიძლება აწყობდეს ქვეყანაში ქაოსის შექმნა.
მაისაია ასევე არ გამორიცხავს, რომ თუკი ქვეყანაში ქაოსი მართლაც შეიქმნა, ეს დაახლოებით სამოქალაქო ომის ტოლფასი შეიძლება იყოს. მაისაია ასევე ფიქრობს, რომ ნაციონალების ისეთ რადიკალურ ნაწილს როგორიცაა სააკაშვილ-ბოკერიას ტანდემი, შესაძლოა, მსგავსი იდეა მართლაც მოუმწიფდეთ თავში, რადგან „მათ დასაკარგი მართლაც ბევრი აქვთ, სააკაშვილის მუქარის შემცველი განცხადებებიც ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს“, - ამბობს მაისაია.
მისივე ინფორმაციით, ასევე არსებობს ფაქტები, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და ჩრდილო კავკასიის ვაჰაბიტური იატაკქვეშა ორგანიზაციის კავშირებზე მეტყველებს.
„ამ კონტექსტშიც განვიხილავდი საკითხს. რაც მთავარია, საქმის კურსში ჩავაყენებდი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებსაც, რომ შეესწავლათ, რა ხდება საქართველოში“, - აცხადებს მაისაია.
ექსპერტი თეონა აქუბარდია თვლის, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა საკმაოდ კარგად გაართვეს თავი პრობლემას და ძალიან მალე გამოავლინეს ზარის ავტორები.
„ვფიქრობ, რომ ეს არის ვიღაცის ბოროტი ხუმრობა და არ აქვს ინფორმაცია, რა მოჰყვება ასეთ ხუმრობას. როგორც ჩანს, ეს მცირეწლოვნების გართობის საშუალებაა, რაც ძალიან ცუდია“, - აცხადებს აქუბარდია.
თეონა აქუბარდია ხედავს ორგანიზებულობის კვალსაც, თუმცა თვლის, რომ მიზანი უფრო იმ ორგანიზაციებისთვის მუშაობის ხელშეშლას ჰგავს, სადაც ეს ზარები გაისმა.
„ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს კერძო მოტივი კონკრეტულ მედიასაშუალებასთან, თუმცა „რუსთავის“ გარდა დარეკეს „იმედზეც“, რომელიც რადიკალურად სხვა პოლიტიკური ფლატფორმის გამტარებელია“, - მიიჩნევს აქუბარდია.
მისივე შეფასებით, ამ ორგანიზებულობის უკან ნაკლებად იგრძნობა რომელიმე პოლიტიკური ძალის კვალი, რადგან ხაზი გაესვა იმას, რომ სახელმწიფო ძალიან კარგად და ოპერატიულად რეაგირებს ასეთ ზარებზე.
ექსპერტი გიორგი თავდგირიძე თვლის, რომ დიდი ალბათობით ეს არის ორგანიზებული კამპანია, რადგან წარმოუდგენელია ამდენ მოზარდს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ეტაპზე ჩადენილი საქციელისთვის მათ არ ემუქრებათ მკაცრი სასჯელი.
„ობიექტები, რომელიც ამორჩეულია, არის მნიშვნელოვანი და იწვევს საინფორმაციო რეზონანსს. სწორედ ეს ბადებს ეჭვს, რომ ორგანიზებულია“, - აცხადებს თავდგირიძე.
როგორც გიორგი თავდგირიძე თვლის, უცხოური სპეცსამსახურები რომ იყვნენ ამ ყველაფრის ორგანიზატორები, ეს უზარმაზარ თანხებთან იქნებოდა დაკავშირებული, მისი მოსაზრებით, ამაში უფრო შიდა ხელი ურევია, რომელიც პოლიტიკურ ან ბიზნესჯგუფებს უკავშირდება.
თავდგირიძე მიიჩნევს, რომ ძალიან ძნელია მოტივსა და მიზანზე საუბარი და, ალბათ, გამოძიება დაადგენს რეალურად ვისგან არის პროცესი მართული. თუმცა ამასთანავე თვლის, რომ წინასაარჩვნო პერიოდის მიუხედავად, ეს იქნება ძალზე მშვიდი და უმტკივნეულო არჩევნები, რადგან არ კეთდება არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხმების მიღების არანაირი შანსი არ აქვს, არც ბურჯანაძეს არ აქვს ის ბერკეტები, ასეთი ოპერაციები მართოს, ამის გარდა, მისთვის მსგავსი რამ ძალზე დიდი რისკის შემცველი იქნებოდა.
ამ ყველაფერს სჭირდება ისეთი ბერკეტები, რომელიც გააჩნია რაღაც საიდუმლო ორგანიზაციებს, ბურჯანაძეს ეს არ გააჩნია, „ნაციონალური მოძრაობა“ სულ თავდაყირაც რომ დადგეს, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწევს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ ხელეწიფება მსგავსი ღონისძიებების გატარება.
უფრო მგონია, რომ ამის უკან შეიძლება იდგნენ სამართალდამცავი და სახედრო სტრუქტურების გარკვეული დაჯგუფებები, რომლებიც გარკვეულწილად უკმაყოფილოები არიან, რომ ჩამოშორებულები არიან ძალაუფლებას და ასეთი ღონისძიებებით ცდილობენ თავიანთი საჭიროება წინ წამოსწიონ. ეს, რა თქმა უნდა, ვერსიაა და თუ გამოძიება დაიწყება, ალბათ, მსგავს კვალზე გავალთ“, - მიიჩნევს გიორგი თავდგირიძე.
ვის შეიძლება აწყობდეს მსგავსი რამ, ამ ეტაპზე როგორც მოგახსენეთ, სხვადასხვა ვერსიები არსებობს, თუმცა, იმედია, რომ ძალიან მალე გამოძიება ვერსიების არსებობის საშუალებას არ დატოვებს და კონკრეტულ დამნაშავეებს დამკვეთებსა და ორგანიზატორებს გამოავლენს.