საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება სწორი და დროულად გადადმული ნაბიჯია.
ხუხაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში სრულიად ახალი ტიპის პოლიტიკური რეალობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს და საზოგადოებაში არსებული წარმოდგენა - ხელისუფლება არის სახელმწიფო, - დაინგრევა, რადგან საზოგადოებამ უნდა შეიგრძნოს, რომ ხელისუფლებაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი ხალხის მსახურია.
ამასთან, ხუხაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ შესაძლო დაშლის საკითხის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ კოალიციაში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ღირებულებების და პოლიტიკური მსოფლმხედველობის მქონე ძალებია გაერთიანებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება აუცილებლად დაიშლება, თუმცა არა - ახლო პერსპექტივაში, რადგან წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და დამოუკიდებელ სუბიექტებად წარმოდგენილ კოალიციის ყოფილ წევრებს ლეგიტიმაციის პრობლემა შეექმნებათ.
როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებიდან უახლოეს პერიოდში იგი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს? საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს უდროო გადაწყვეტილება იქნება, პოლიტიკოსების გარკვეული კატეგორია კი აღნიშნულ ნაბიჯს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებად, ანუ საპარლამენტო არჩევნებამდე გაცემული დაპირებებისგან გაქცევად მიიჩნევს.
- პირველ რიგში, ეს მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა ჩემთვის. იმიტომ, რომ რამდენადაც მე ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, ის არასოდეს არ საუბრობს საუბრისთვის და ეს მისთვის პოლიტტექნოლოგიების თემა არ არის. ეს არის მისი ცხოვრება და როდესაც მან თავიდან განაცხადა, რომ ის ამ ნაბიჯს გადადგამდა, ბუნებრივია, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ამ ნაბიჯს გადადგამდა როდესაც ჩათვლიდა საჭიროდ და ზუსტად იმ დიაპაზონში, როდესაც ეს ხდება. რაც შეეხება საკუთრივ თემას, მე ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ თუ ჩვენ გვინდა, საბოლოოდ სისტემურად შევცვალოთ ქვეყანა და მანკიერი სპირალიდან გამოვიდეთ, როდესაც რაღაც პერიოდულობით ვირჩევთ პიროვნებას, შემდგომ ვაბარებთ და მთლიანად მასზე გადაგვაქვს მთელი პასუხისმგებლობა და ველოდებით როდის მოგვიტანს ეს ერთი პიროვნება კეთილდღეობას, როდის მოიტანს სამართლიანობას და ა.შ. შემდეგ ციკლში ისევ უკმაყოფილება იბადება და ამ წრეზე ვტრიალებთ.
როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება ხომ არ გამოიწვევს საზოგადობაში ქაოსს და როგორ წარმოგიდგენიათ შემდგომი პოლიტიკური პროცესები?
- მე ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, რატომ არის ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება სწორი. საქმე ის გახლავთ, რომ როდესაც მანკიერი წრე ვახსენე, ფაქტობრივად, ჩვენშიც, საზოგადოებაშიც დამკვიდრდა ხელისუფლების გაგება როგორც სახელმწიფოსი. სინამდვილეში, სახელმწიფო ეს არის ბევრად უფრო რთული, ბევრად უფრო მასშტაბური ფენომენი, რომელიც ძალიან ბევრ ელემენტს შეიცავს. მე ვიტყოდი არანაკლებ მნიშვნელოვანს, ვიდრე ხელისუფლება და სანამ მთლიანად არ დალაგდება ეს წესრიგი და მთელი მოზაიკა არ შეიკვრება, მანამდე ჩვენ ვერ ვიქნებით ნებისმიერი ხელისუფლების იმედად. ნებისმიერი ხელისუფლება თავისთავად მიდრეკილია გარყვნილებისკენ და თუ ფაქტობრივად, ხელისუფლებაზე კონტროლი დაიკარგა, რაღაც ეტაპზე ის აუცილებლად არასწორ მიმართულებას იღებს. თუ კლასიკური დემოკრატიის დამკვიდრება გვინდა, ჩვენ უნდა გადავიდეთ პოლიტიკის იმ გაგებაზე, როდესაც ხელისუფლება პატრონი კი არ არის, არამედ ხელისუფლება მსახურია და საზოგადოება არის დამკვეთი. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი როდესაც ამბობს, რომ ის არსად არ მიდის, ის ნამდვილად არასად არ მიდის. ის გადადის საზოგადოებაში იმისათვის, რომ ხელისუფლებას ყველამ ერთად ასწავლოს მსახურება. ბიძინა ივანიშვილი კი, ამ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე მოქალაქე იქნება.
ივანიშვილის გადასვლით საზოგადოებაში და ხელისუფლების ამ ფორმით კონტროლით ხომ არ შეიქმნება პარალელური, არაფორმალური ხელისუფლების არსებობის განცდა?
- როდესაც ის თვითონ ამბობს, რომ ამ მენეჯმენტში, ანუ მართვის პროცესში არ ჩაერევა და არ მიიღებს მონაწილეობას, დამერწმუნეთ, ეს ასე იქნება.
ბიძინა ივანიშვილმა როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა საზოგადოებრივ სექტორში გადასვლის შემდეგ, შესაძლოა, ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენა მოახდინოს, თუნდაც არაპირადაპირიო გაგებით. რამდენად მოდის შესაბამისობაში მმართველობის მსგავსი სტილი დემოკრატიული სახელმწიფოს მოდელთან?
- ბიძინა ივანიშვილი არ არის კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი და ამას ზუსტად ადასტურებს მისი ქმედებები. როდესაც პოლიტიკაში შემოსვლისას მისთვის აბსოლუტურად არადამახასიათებელ საქმიანობას შეუდგა და თავის თავი ამ ქვეყნის საპსხვერპლოზე დადო, დღეს მიდის და არ ეპოტინება არაფერს. მისთვის ყველაზე ადვილი მისაღებია ეს გადაწყვეტილება, გვერდიდან მართვა რაში სჭირდება ივანიშვილს?! არის პრემიერ-მინისტრი და შეუძლია ძალიან ბევრი წელი დარჩეს პრემიერ-მინისტრად. იმ გაგებით, რასაც ჰქვია ხელისუფლების, ძალაუფლების ფლობის სურვილი და წყურვილი, თუ ის თავს თვლის პოლიტიკოსად, ასეთი ირიბი მართვის მოთხოვნილება არ ექნებოდა და მაშინ არც წავიდოდა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს მაინც და მაინც ლოგიკურია.
როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში, რამდენად მოსალოდნელია, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალმა 6-მა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელთაც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ხედვები და ღირებულებები აქვს, ერთიანობა ვერ შეინარჩუნოს და თითოეულმა მათგანმა დამოუკიდებლად განაგრძოს პოლიტიკური მოღვაწეობა?
- საბოლოო ჯამში, კოალიცია, რა თქმა უნდა, დაიშლება. თუმცა ახლო პერსპექტივაში და არც საშუალო პერსპექტივაში მე ამას ვერ ვხედავ. მოგეხსენებათ, მოდის ადგილობრივი არჩევნები და მე ამ პერიოდში არ ველოდები მის დაშლას. შემდგომი საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლებელია ასე განვითარდეს მოვლენები, თუმცა აგრეთვე შესაძლებელია, რომ არ განვითარდეს. ფაქტია, რომ კოალიცია არის საკმაოდ ეკლექტური, სხვადასხვა მსოფლმხედველობის ძალებიც არიან გაერთიანებული და გრძელვადიანი, სისტემური ალიანსი მათ შორის, რა თქმა უნდა, არის შეუძლებელი. მაგრამ, ახლო პერსპექტივაში მე ასეთ რისკებს არ ვხედავ ძალიან ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის - ლეგიტიმაციის, ანუ ინდივიდუალური ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, აქ ნამდვილად არის პრობლემები. ასე რომ, ახლო პერსპექტივაში მე ამას ვერ ვხედავ.