ჩვენი პრემიერის საყვარელი სიტყვებით რომ ვთქვათ, საინტერესო ამბები ხდება წინასაარჩევნოდ ჩვენს მრავალტანჯულ და მრავალ არჩევნებზე გადამხტარ ქვეყანაში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, სილქნეტით 1 წლით უკან გადავახვიეთ და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა საქართველოში ვცხოვრობთ... ოღონდ, ახლა „ოცნებისა“ და ივანიშვილის როლში ბურჯანაძე და „დემოკრატიული მოძრაობა“ გამოდის, „ნაციონალების“ მანტია კი „ქართულ ოცნებას“ აქვს მორგებული...
სულ უახლეს მაგალითებს მოგიყვანთ:
წინასაარჩევნოდ პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კოდექსში და ყველა პატარა, კიდევ უფრო პატარა და ერთკაციან პარტიებსაც კი მისცა სახელმწიფო დაფინანსება. მარტო ბურჯანაძე და მისი პარტია დატოვეს გაღიმებულები...
სახელმწიფო აუდიტის სამსახური (შარშან მოგელაძესთან ერთად რომ მილიონიან ჯარიმებს წერდა, ის ხალხი) მხოლოდ ბურჯანაძის ოფისების კანონიერების შემოწმებით და ჯარიმების გამოწერით არის გართული. მართალია, ტელევიზორებიდან გამონათებული ქ-ნი ნათია მოგელაძის თვალისმომჭრელი ღიმილი ყოველ საღამოს აღარ იწვევს ჩვენს აღტკინებას, მაგრამ ამით საქმის არსი არ იცვლება. მმართველი პოლიტიკური ძალა კვლავაც ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ოპონენტის ფინანსების კონტროლში და მისი მომხრეების დაკითხვებზე დაბარებაში ხედავს ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების დაცვას...
მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ათეულ კანონში შედის ცვლილება, პრეზიდენტის ისედაც შეკვეცილი უფლებები კიდევ უფრო იზღუდება და პრემიერის დასტურის გარეშე ვერაფერს (ვიმეორებ - ვერაფერს!) ვერ აკეთებს. ნუ, შეიძლება საჭირო ოთახში წასვლის ნებართვა არ ითხოვოს...
სულ ახლახან შეტანილი საკანონმდებლო ინიციატივით კი საგრძნობლად მარტივდება ახლად არჩეული პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა. რაც 10 თვის მანძილზე სააკაშვილისთვის ვერ გაიმეტეს (თუ ვერ გაუბედეს), იმას ჩვენი გმირი პარლამენტარები მომავალი პრეზიდენტისათვის ამზადებენ...
რით აიხსნება ეს ყველაფერი, მეგობრებო? ნუთუ ბურჯანაძის შესაძლო და მოსალოდნელი გამარჯვების შიშით? ნუთუ ჩვენი გმირები „ქართული ოცნებიდან“, რომლებიც 2012-ში სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიებს არ უფრთხოდნენ, შემდეგ კი იმავე რეჟიმის ლიდერებთან კოჰაბიტაციაში შევიდნენ, დღეს ქალბატონმა ნინომ შეაშინა? ისე, ბოლომდე რომ გავყვეთ 2012-ის ოქტომბერში განვითარებული მოვლენების ანალოგიებს, ამ შიშს მართლაც აქვს საფუძველი. თანაც, ნინო ბურჯანაძე ხომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და „კოჰაბიტაციის“ რეალური დამთავრების და სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგებით გამოდის. ჩვენი პარლამენტარები კი არათუ რიგგარეშე არჩევნებს არ მისცემენ ხმას, მათგან საკუთარი უფლებამოსილების ორჯერ გახანგრძლივების ინიციატივაც არ იქნება მოულოდნელი.
„ოცნების“ შიშები განსაკუთრებით უცნაურად ჩანს იმ პირობებში, როცა მათი ყველა ლიდერი ერთ ხმაში მღერის გ.მარგველაშვილის ერთადერთობისა და უალტერნატივობის შესახებ. რეალობა კი სულ სხვაა. დარწმუნებული ვარ, ისინიც აცნობიერებენ ამ რეალობას, მაგრამ შიშს ხომ ყველა ეპოქაში დიდი თვალები აქვს...