საქართველოში GSP+-ის მოქმედების საკითხი, შესაძლოა, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდეს. პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ბელგიური არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ ბელგიის პროფკავშირებს, რათა მათ ევროპის პროფკავშირების კონფედერაციაში პოზიციის ლობირება მოახდინონ. კერძოდ, კონფედერაციამ ევროპარლამენტზე იქონიოს გავლენა და საქართველოს GSP+ სარგებლობის უფლება აღარ გაუგრძელდეს.
GSP+ კი ევროკავშირის პრეფერენციების სისტემაა, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით შეღწევის შესაძლებლობას აძლევს. ეს ქართული პროდუქციისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ბელგიურმა პროფკავშირებმა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას მიმართა, აღნიშნულთან დაკავშირებით მისი პოზიცია გააცნოს.
პეტრიაშვილის უწყება კი მეტად შეფიქრიანებულია ევროპელი კოლეგების გადადგმული ნაბიჯით და ამ ყველაფერს შრომის კოდექსს უკავშირებს.
„წინა ხელისუფლება იყო განსაკუთრებულად ბრმა და ყრუ დასაქმებულთა უფლებების საკითხში. არად დაგიდევდათ დასაქმებულთა გოდებას და არაფრად აგდებდა პროფკავშირების წინადადებებს. ევროკავშირთან ვაჭრობაში პრეფერენციების სისტემის შეჩერების პროცესი სწორედ ასე დაიწყო.
უდავოა, რომ ახლა პოზიტიური ნაბიჯები დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით იდგმება და პროფკავშირები პირდაპირ ზეწოლას ხელისუფლების უმაღლესი პირებისგან აღარ განიცდის, ნაწილობრივ შეიცვალა კანონმდებლობაც, მაგრამ ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ფორმალურად სოციალური დიალოგი ჯერჯერობით არ მიმდინარეობს, რის გამოც პროფკავშირებს არ ეძლევა საშუალება განიხილოს შრომის სფეროში არსებული პრობლემები ხელისუფლებასთან და დამსაქმებელთა ორგანიზაციებთან პირისპირ არც დარგობრივ და არც ეროვნულ დონეზე.
მწვავე პრობლემები კვლავაც არსებობს, მაგალითად არ ხდება ცოტა ხნის წინ ძალაში შესული შრომის კანონმდებლობის იმპლემენტაცია და ამ კუთხით დასაქმებულთა უფლებები ისევ ირღვევა. პროფკავშირების გაერთიანების წევრი რიგი დარგობრივი ორგანიზაციების საქმიანობაში (ფოსტაში, რკინიგზაში, პედაგოგებთან, საავტომობილო ტრანსპორტის, სამთო მოპოვებისა და მეტალურგიის სფეროებში) კი ისევ ერევიან დამსაქმებლები და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების ხელმძღვანელები“, - აცხადებს პეტრიაშვილი.
პროფკავშირების ინფორმაციით, მსოფლიო და ევროპის პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტები ერთ კვირაში საქართველოს ეწვევიან და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან შრომის კანონმდებლობის საკითხებზე კონსულტაციას გაივლიან.
ამიტომ პეტრიაშვილი თვლის, რომ შრომის კოდექსში ცვლილებების მეორე ნაწილი აუცილებელია. „ეს პროცესი დაწყებულია. იუსტიციის სამინისტრომ ჩვენ უკვე მიგვიწვია ამ საკითხებზე სასაუბროდ. ერთი შეხვედრა გაიმართა, შემდგომ ელექტრონული ფოსტის დონეზე გავცვალეთ წინადადებები და როგორც იუსტიციის მინისტრმა აღქვითქვა, ეს საკითხი, ალბათ, ნოემბრამდე პარლამენტში შევა“, - ამბობს პეტრიაშვილი.
თავის მხრივ არც მთავრობაა გულხელდაკრეფილი და შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებისთვის საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობს.
შრომითი ურთიერთობების მონიტორინგის განმახორციელებელი სამსახურის შექმნის ინიციატივა სახალხო დამცველის აპარატს ეკუთვნის. როგორც სახალხო დამცველის მოადგილე აცხადებს, სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან მთავრობას რეკომენდაციებით მიმართვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საკანონმდებლო პაკეტზე უკვე მუშაობს.
პაატა ბელთაძის თქმით, სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთ მუხლში სწორედ შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებაზეა საუბარი. მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატი სამუშაო ჯგუფთან თანამშრომლობისთვის მზადაა.