საქართველოში წელს დიდი მოთხოვნით მთის კურორტები სარგებლობს. მას შემდეგ რაც ზღვაზე უსაფრთხო დასვენებასთან დაკავშირებით ტურისტებში ეჭვი გაჩნდა, ხალხმა მთისკენ აიღო გეზი. კახოვკის კაშხლის აფეთქებამ დამსვენებლებს არჩევანი შეაცვლევინა, შესაბამისად, მოთხოვნის ვექტორი ახლა უკვე შეიცვალა.
მთის კურორტების მიმართ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობენ ინდუსტრიის მსხვილი წარმომადგენლებიც. მოთხოვნამ მოიმატა როგორც რუსეთის, ასევე ევროპული ქვეყნების მხრიდან, რაც აფიქრებთ, რომ წინა წლის მაჩვენებლებს მკვეთრად გაუსწრებენ. ამ მხრივ ბაკურიანი ერთ-ერთი გამორჩეული კურორტია, სადაც დიდი აქტიურობაა.
„ინნ ჯგუფის“ ხელმძღვანელი ერეკლე კოკაია აღნიშნავს, რომ სასტუმროს დატვირთულობა ბაკურიანში 60%-ია და ეს მაჩვენებელი სეზონის განმავლობაში მოიმატებს.
„სეზონი სულ ახლახან დავიწყეთ და შედეგით კმაყოფილი ვართ. ზაფხულში, ბაკურიანი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურორტია დასასვენებლად ახალგაზრდა ოჯახებისა და ბავშვებისთვის. ასე იყო ყოველთვის და ტენდენცია არც წელს შეცვლილა. მაღალი დატვირთვით გამოირჩევა გუდაურიც, სადაც ძირითადად უცხოელები არიან. ქუთაისშიც უმეტესწილად უცხოელებს ველოდებით, უფრო ევროპელებს, ვინაიდან ქუთაისიდან ევროპული ავიარესიები სრულდება და ამ ფაქტორის გავლენა იგრძნობა. რაც შეეხება ფასებს, წინა წლის შემოდგომაზე ტარიფები დაკორექტირდა და სერვისი 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 20-30%-ით გაძვირდა, ამიტომ ფასს ამაზე მეტად ვერ შევეხებით“, - განაცხადა ერეკლე კოკაიამ.
სტუმრების სიჭარბეა სვანეთშიც. მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ახალ ბუტიკურ სასტუმრო „ფალიანში“ წელს მოთხოვნა განსაკუთრებით აქტიურია. სასტუმრო ორიოდე წლის წინ გაიხსნა, მაგრამ უკვე დატვირთულია.
როგორც „ფალიანის“ წარმომადგენელი ამბობს, წლის სხვადასხვა სეზონზე მაღალი მოთხოვნაა, განსაკუთრებით ზაფხულში და ეს წელსაც შენარჩუნებულია. ჯავშნები ამ ეტაპზეც აქტიურია, თუმცა 100%-იანი დატვირთვით სასტუმრო 20 ივლისიდან იმუშავებენ. დინამიკა, სავარაუდოდ, აგვისტოსა და სექტემბერშიც შენარჩუნდება.
„სვანეთში წლევანდელი ტურისტული სეზონი ძალიან აქტიურია. ვერ გეტყვით, რამდენად უკავშირდება ზღვის ფაქტორს, თუმცა მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით უცხოელი ტურისტების მხრიდან, რაც ჩვენს სასტუმროზეც აისახება. მიმდინარე პერიოდშიც შეკვეთები საკმაოდ დიდია, ველოდებით, რომ სრულად სასტუმრო 20 ივლისიდან დაიტვირთება.
აგვისტო-სექტემბერიც ასევე აქტიურობით გამორჩეული სეზონია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ტენდენციას შევინარჩუნებთ. სხვადასხვა კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. როგორც ტურისტულ კომპანიები, ასევე ორგანიზაციები ჩვენი მომსახურებით აქტიურად სარგებლობენ.
განსხვავებული კონცეფციის სასტუმროა, რომელიც გამოირჩევა ყველაზე კარგი ხედებით და მიმზიდველი ინტერიერით, ეკომეგობრულია და უნიკალური სამზარეულო აქვს. ეს ყველაფერი სასტუმროს დატვირთულობაზე აისახება“, - ამბობს „ფალიანის“ წარმომადგენელი.
ზოგადად მოთხოვნამ მოიმატა როგორც რუსეთის, ასევე ევროპული ქვეყნების ვიზიტორთა მხრიდან. ამიტომ ქედაში მდებარე სასტუმრო „ზებოში“ ფიქრობენ, რომ წინა წლის მაჩვენებლებს მკვეთრად გაუსწრებენ.
„უკრაინაში კაშხლის აფეთქებამ საზღვაო კურორტებზე მდგომარეობა რადიკალურად შეცვალა. ზღვის მოყვარული ადამიანების დიდი ნაწილი ახლა უკვე უპირატესობას მთას ანიჭებს, ეს ტენდენცია ნამდვილად შესამჩნევია. ბუმი არ არის, მაგრამ მოთხოვნა სულ მცირე 30-35%-ით გაზრდილია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ველოდებით, რომ სეზონის განმავლობაში დატვირთვა კიდევ მოიმატებს“, - განაცხადა სასტუმროს დამფუძნებელმა ზებურ ბოლქვაძემ.