საპატიმრო დაწესებულება ბიზნესმენთა რაოდენობას არ უჩივის. გლდანის 8-ე დაწესებულებაში 4 თვეა სასჯელს იხდის ბიზნესმენი გელა მიქაძე, რომელიც თავს უდანაშაულოდ თვლის და ბრალდების მხარესთან ყოველგვარ გარიგებაზე უარს ამბობს. ბიზნესმენი 2013 წლის 9 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს, საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იგი დაკავებული იქნა. მას ბრალი სისხლის საამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დასდეს, რაც დიდი ოდენობით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენი 4 თვეა დაკავებულია, მისთვის ამ დრომდე ბრალდების მხარეს კითხვები არ დაუსვამს. დაყადაღებულია მის მფლობელობაში არსებული ქონება და საბანკო ანგარიშები, მათ შორის დიდედრ-სიმამრის კუთვნილი ქონებაც. ბიზნესმენის და, ეკა მიქაძე ქუვეითში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩია. ამ ისტორიაში არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც, ბიზნესმენის დაკავებამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ელჩი ეკა მიქაძე საქართველოში არატრადიციული მუსლიმანური ჯგუფის წევრებს აგზავნიდა.
რა გახდა რეალურად ბიზნესმენის დაკავების მიზეზი და ითხოვდნენ თუ არა მისგან კომპანია „რაკიინიდან“ 10%-ის გადაფორმებას, რომლის მფლობელიც ამჟამად 8-ედაწესებულებაში გამოკეტილი ბიზნესმენი გელა მიქაძე, ამ საკითხებზე for.ge ბიზნესმენის ახლობელს, პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
ბიზნესმენ გელა მიქაძეს ქართული საზოგადოება არ იცობს. ბატონო სოსო ვინ არის ეს ადამიანი და რა გახდა მისი დაკავების რეალური მიზეზი?
სოსო ცისკარიშვილი: მე ვიცი, გელა როგორი ოჯახის შვილია. ის გახლავთ ქართული ინტელიგენციის ღირსეული წარმომადგენელი და ნიჭიერი ადამიანი. მისი და, ეკა მიქაძე გახლავთ საქართველოს საამაყო ელჩი რომლის მიმართაც წინმსწრებად, შეგნებულად დაიწყო ცილისმწამებლური კამპანია.
რომ დავაკონკრეტოთ, ცილისმწამებლურ კამპანიაში რას გულისხმობთ?
- მოგახსენებთ. თითქოს ის საქართველოში აგზავნიდა არატრადიციული მუსლიმანური ჯგუფების წარმომადგენლებს, ლამის ტერორისტად შერაცხეს. თუმცა კონკრეტიკაზე საუბარი აქ არ ყოფილა. ის ამჟამად ქუვეითშია, მანამდე იორდანიაში გახლდათ ელჩი. სამარცხვინო დუმილით შეხვდა ამ ფაქტს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ნუთუ გენერალურ პროკურატურას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრზეც აქვს გავლენა? როგორ შეიძლებოდა ამ ცილისწამების უყურადღებოდ დატოვება?! მაგრამ თურმე ქარი სულ სხვა მხრიდან ჰქროდა.
რას გულისხმობთ?
- როდესაც დააპატიმრეს მისი ძმა, ბიზნესმენი გელა მიქაძე და დაიწყო მასზე ზეწოლა. მომჩივანი გახლავთ ჩვენთვის არცთუ პოზიტიურად ცნობილი „რაკინი“. კომპანია რომელიც თავს იმართლებდა, რომ ის არასოდეს ყოფილა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი. თუმცა მშენებლობები დაიწყეს თბილისში, დიღომში, ტაბახმელაში და ასევე სხვა რაინოებში, გარდა ამისა ვალდებულებებით ფოთის აეროპორტის მშენებლობა და ფოთის პორტთანაც ჰქონდათ მათ შეხება და ზოგადად თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან იყვნენ ასოცირებული. ბატონი სააკაშვილის ფავორიტი კომპანია გახლდათ.
მას შემდეგ, რაც, თვითონ ემირატებში შეიცვალა ამ კომპანიის მფლობელი, ერთმანეთში ვერ მორიგდნენ ძველი და ახალი მფლობელები, პრეტენზიები წამოვიდა ქართული მხარის მიმართ. ვგულისხმობ მათსავე წარმომადგენლობას საქართველოში, რომ გაყიდულიყო საქართველოში ყველაფერი რაც კი „რაკინთან“ არის დაკავშირებული და ეს თანხები სასწრაფოდ გადაგზავნილიყო მათი მფლობელების ანგარიშზე.
სწორედ ეს გახლავთ „რაკინი“ რომელიც, როგორც ჩვენი ოფიციალური პირები აცხადებდნენ, ახლად შექმნილ და ჯერ არ ამუშავებულ საინვესტიციო თანდაფინასების ფონდში აპირებს ერთი მილიარდი დოლარის ინვესტირებას. ამ ინფორმაციის გაჟღერება იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ძალიან მძიმე ფინანსურ ვითარებაშია თავად ამ „რაკინის“ სამშობლოში, ეს იქნებოდა ბომბის აფეთქების ტოლფასი. რადგანაც, ეს კომპანია დიდ ხანია ასეთ თანხებს აღარ განკარგავს და ის გაქირავებული ფართის თანხის იმედად დარჩა.
ერთი კითხვაა ასევე ჩემთვის უპასუხოდ დარჩენილი, რა იქნა ამ კომპანიის საიტი? გაქრა „რაკინის“ საიტი. ამის პარალელურად მეოთხე თვეა ციხეში ზის ადამიანი, რომელიც არანაირი კრიმინალთან დაკავშირებული არაა და მასთან არც ერთხელ, არც ერთი გამომძიებელი არ შესულა არც ერთი კითხვით. ვშიშობ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მოგვიწევს პოლიტპატიმრების ახალი სიის დაწყება.
რაც შეეხება თავად ელჩის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს, რატომ დუმს ამაზე საგარეო საქემეთა სამინისტრო?
- როგორც ჩანს პრესას არ ეცნობიან სამინისტროში და ეს არაა გასაკვირი. სახელმწიფო დაწესებულებები კერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის განკარგულებებით მუშაობენ. არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ აქვს გამოწერილი ქართული პრესა. როგორც ჩანს საგარეო საქმეთა სამინისტროს თავის მართვლების თემა იქნება ის, რომ ჩვენ ეს წაგვიკითხავს. როცა ასეთი დისკრედიტაცია ხდება წარმატებული ელჩის და ეს მხოლოდ დუმილის აკომპანიმენტით მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ სხვაგან უნდა ვეძებოთ ძაღლის თავი, რომელიც დამარხულია არც თუ კეთილი მიზნებით. თუ რაიმე სიმართლეა იმ ინფორმაციაში, რაც ქვეყნდებოდა ამ ელჩის წინააღმდეგ, მაშინ გამოძიება უნდა დაეწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს. თუ თავად ისინი თვლიან, რომ ეს არის ცილისწამება, ცხადია ამაზეც უნდა დაეწყოთ გამოძიება, რომ მიეკვლიათ წყაროსთვის, რატომ ხდება ეს ასე.
შეუძლებელია, მინისტრმა არ იცოდეს, რა სახის ბრალდებები იწერება მისი ელჩის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე სამინსტრომ არ დაიწყო მოკვლევა, ეს მხოლოდ არაკომპეტენტურობის ბრალია?
- არაკომპეტენტურობას ვერ დავარქმევდი. საგარეო საქმეთა სამინისტროში კომპეტენცია ყველას გააჩნია იმისა, რომ თეთრი და შავი გაარჩიოს. ეს ან დანაშაულებრივი დუმილია, ან საერთოდ სამსახურეობრივი მოვალეობის რბილად, რომ ვთქვათ შეუსრულებლობა. რადგან, ქვეყნის პრესტიჟი არის კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ ასეთ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ურთიერთობს ჩვენი ელჩი და უფრო მეტიც, ტერორისტებს აგზავნის საქართველოში საქმიანობისთვის. კითხვა, რომელსაც მისვამთ ჩემთან არ არის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ბევრი რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ დაინტერესებულიყო ამ ფაქტით.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამის შემდეგ ქალბატონი ელჩი ჩამოსული იყო საქართველოში და იმყოფებოდა სამინისტროში. საგარეო საქმეთა სამინისტროს რა ინფორმაციაც არ უნდა მიეღო ქალბატონი მიქაძისაგან, ეს არ უნდა ყოფილიყო გასაიდუმლოებული და ამაზე განცხადება უნდა გაკეთებულიყო, ეს იყო რეალობა თუ ცილისწამება. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა ყოფილიყო ინფორმაცია. როგორც ჩანს, არც ერთი ელჩი არაა დაცული ცილისწამებისგან, ვიდრე ასეთი მენეჯმენტია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რაც შეეცხება თავად ბიზნესმენს, არსებობს ინფორმაცია, რომ დაკავებამდე მას მოსთხოვეს ბიზნესის დათმობა და როგორც ამბობენ, მასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებას გენერალური პროკურორის მოადგლე ლაშა ნაცვლიშვილი აწარმოებდა და სწორედ უარის შემდეგ მოხდა მისი დაკავება. რასაც ასევე მოჰყვა მისი ქონებისა და საბანკო ანგარიშების დაყადაღება...
- სხვათა შორის სიდედრ-სიმამრის საცხოვრებელი სახლი და მათზე რიცხული ქონებაც დაყადაღებულია, ასეთი რამ მგონია, რომ პირველად ხდება, რაც მიუღებელია იმ ქვეყნისათვის, რომელიც ცდილობს, რომ ეს პრაქტიკა მოშალოს. არ გამოვრიცხავ, რომ არა მხოლოდ ეს საქმე, არამედ რამოდენიმე ამდაგვარი სკანდალური თემა, სრულიად შეგნებულად არის შექმნილი სწორედ დღევანდელი მთავარი პროკურორის დისკრედიტაციისთვის. მე არ ვფლობ ინფორმაციას კონკრეტულად თქვენს მიერ დასახელებული პირი იყო თუ არა ამ წილის მომთხოვნი, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი მოთხოვნა ნამდვილად იყო და ეს ჩემთვის ცნობილია. ფაქტიც იმის შესახებ, რომ არც ერთ კითხვას არ უსვამენ ადამიანს ვისაც სულ უფრო მეტ ბრალს უყენებენ, მიმანიშნებს იმაზე, რომ მხოლოდ ბრალდება არის გამოძიების ინტერესი და არა სიმართლის დადგენა.
კონკრეტულად, რომელი ბიზნესის გადაფორმებაზე იყო საუბარი?
- ამ „რაკინის“ საქმიანობა იყო მის მფლობელობაში და შესაბამისად ყოველი ამ გარიგების შემდეგ 10% ჰქონდა თავისი შემოსავალი. ეს ძალიან მიმზიდველია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც იკადრებს ამას საკუთარი თანამდებობიდან გამომდინარე, რომ მიითვისოს სხვისი ქონება. სხვათა შორის ეს არაა ერთეული შემთხვევა.
ყველა გახმაურებულ და სკანდალურ საქმეში რატომ ფიგურირებს ლაშა ნაცვლიშვილის სახელი? შეგახსენებთ ერთ ფაქტს ე.წ. ტრაქტორების საქმე...
- უპირველეს ყოვლისა, მაკვირვებს ჩვენი პრემიერ-მინისტრის შემწყნარებლური დუმილი ლაშა ნაცვლიშვილთან დაკავშირებით. რადგან, ჩემის აზრით მისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო ინფორმაცია, რომელსაც ის იღებდა იგივე ტრაქტორების საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის და შვეიცარიის ელჩისგან, მათ შორის ბატონი ჰამერბერგისგან და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტისგან. როცა ასეთ წერილებზე რეაგირება არ ხდება, ჩნდება კითხვები, რომელზეც როგორც ჩანს, პასუხის მიღება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც კიდევ ერთხელ შეიცვლება ხელისუფლება.