"ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ წინა პლანზე წამოიწევს რუსეთთან მჭიდროდ დაახლოების პოლიტიკა და რუსეთის გავლენა გაიზრდება - ეს გამოწვეულია იმით, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მხარდაჭერისა და ლობირების გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მოსახლეობის თვალში საკუთარი რეიტინგი გაინადგურა. კოალიციაში უკვე შეინიშნება შიდა რყევები თუნდაც საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კოალიცია უახლოეს თვეებში დაიშლება და "ნაციონალური მოძრაობის" გააქტიურებაც ამ პერიოდს დაემთხვევა. მეტსაც გეტყვით - რესპუბლიკური პარტია და "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო გადატრიალებისთვის ემზადებიან!" - აცხადებს მოძრაობა "ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სანდრო ბრეგაძე: რესპუბლიკური პარტია და "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო გადატრიალებისთვის ემზადებიან!
"მოგეხსენებათ, რესპუბლიკური პარტიის მიერ წარმოებული ხელოვნური კოაბიტაციის შედეგად, დღეს საქართველოს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობა" მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს, რაც დიდი ცოდვა და დანაშაულია სწორედ უსუფაშვილის მსგავსი პოლიტიკოსებისა, რომლებიც "ნაცმოძრაობის" გადარჩენას ქართული დემოკრატიის ამოცანად მიიჩნევენ! ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტია და "ნაცმოძრაობის" ე.წ ლოიალური ფრთა შექმნიან პროდასავლურ ალიანსს და შეეცდებიან პარლამენტში თავიანთი უმრავლესობის შექმნას - ეს იქნება სწორედ გადატრიალება და რევანში. ეს რომ არ მოხდეს, სწორედ ამიტომ არის გასამართავი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ასეთ შემთხვევაში ნაციონალებს 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი გაუჭირდებათ და ავტომატურად განეიტრალდებიან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო ბრეგაძე.
"კოაბიტაციის დამთავრება, სამწუხაროდ, მარგველაშვილზე არ იქნება დამოკიდებული, არამედ რესპუბლიკელები, გია ხუხაშვილი და სხვა მსგავსი პერსონები გადაწყვეტენ ნაციონალებთან კოაბიტაციის დამთავრება-არდამთავრების დაკითხს. "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოპარული აქვს 19 მილიარდი დოლარი. ეს არის ნაღმი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წუთში აფეთქდეს, ამაზე კი პასუხისმგებლობა სწორედ იმ ადამიანებს დაეკისრებათ, რომლებმაც მკვლელებსა და ჯალათებთან კოაბიტაციის კურსი აირჩიეს", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"არსებობს ინფორმაცია, რომ "მასტერას", ახალაიას და მათი კლანის წევრებს საქართველოდან გატანილი აქვთ მაკომპრომეტებელი ფარული ჩანაწერები და ამით აშანტაჟებენ ახალი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს. რა თქმა უნდა, ეს ხელოვნური კოაბიტაცია "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის ამითაც არის გამოწვეული. იმის გამო, რომ ხელისუფლებაში ვიღაცებს მიქარული აქვთ მათ ამით აშანტაჟებენ, ამის გამო ქვეყნისა და ხალხის ინტერესები რატომ უნდა დაზარალდეს. ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმა, რომლებზეც ფარული ჩანაწერები არსებობს, კეთილი ინებონ და თანამდებობები დატოვონ!" - დასძენს სანდრო ბრეგაძე.