ხუდონჰესის ახალ პროექტზე გამოცდილი შვეიცარული კომპანია მუშაობს. წინასწარვე ცნობილია, რომ ეს იქნება ძველისგან სრულიად განსხვავებული პროექტი, სადაც მოსახლეობის ინტერესი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. წესით და რიგით, აუქციონის გამოცხადებას მთავრობა მალე აპირებს.
ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის საკითხი პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშშიც მოხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ ხუდონჰესის პროექტზე შვეიცარიული კომპანია მუშაობას, რომელმაც ჰესი ისე უნდა დააპროექტოს, რომ მიმდინარე გარკვეული ტერიტორია არ დაიტბოროს.
წლიური ანგარიშის წარდგენისას ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა მსხვილი ჰესების პროექტების განვითარებას გეგმავს, რის შემდეგაც 3 ათასი მეგავატი სიმძლავრე შეემატება გენერაციის ობიექტებს.
„ხუდონის პროექტზე მიდის მუშაობა და ერთ-ერთი შვეიცარიული კომპანია ამ პროექტის მოდიფიკაციას აკეთებს. ჩვენი სურვილია, რომ მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რაც იყო - დატბორვა - მათ შორის, ეკლესიის და სოფლის, აღარ მოხდეს. ეს თავიდან რომ ავირიდოთ და ამგვარად განვახორციელოთ პროექტი, ბუნებრივია, ადგილზე ხალხის ჩართვა. კიდევ არის რამდენიმე მსხვილი პროექტი და ჯამში, დაახლოებით, 3 ათას მეგავატის სიმძლავრის ჰესის აშენება შეგვეძლება მომდევნო 2-3 წელიწადში, რაც მინიმუმ 4 მილიარდი ლარის მოცულობის ინვესტიციაა. ეს, რა თქმა უნდა, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ხუდონჰესის მშენებლობას სწორედ დატბორვის გარეშე განიხილავდა ენერგეტიკოსთა წრე, რომლის წარმომადგენლებს თავის დროზე ჰესის მშენებლობის სქემაც ჰქონდათ შემუშავებული. ასეთი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია საინიციატივო ჯგუფის წევრი, ენერგეტიკოსი სიმონ ბახტურიძე. იგი მთავრობის გადაწყვეტილებით ამჯერად კმაყოფილია.
„ყველაზე სწორი გზა გამოინახა და ხუდონჰესი აშენდება უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით, სადაც გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ამაზე ჩვენ წლების წინ ვსაუბრობდით, რადგან მიგვაჩნდა, რომ დატბორვის გარეშე ჰესის მშენებლობა შესაძლებელი იყო, რასაც ვადასტურებდით კიდეც. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ელექტროსადგურის ლოკაცია არ იცვლება, რჩება როგორც იყო, გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე მცირდება, ხოლო წყალსაცავი, რომელიც ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, ახალ სქემაში გატანილია ზემოთ. იგი იქნება ზომით მცირე, უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ჰესთან დაკავშირებულ პროექტზე ჩვენ რამდენიმე წელი ვიმუშავეთ და საფუძვლიანი კვლევა წარმოვადგინეთ. კარგია, რომ „ოქროს შუალედი“ მოიძებნა. სწორი გზა გამოინახა ისე, რომ სოფელი არ უნდა დაიტბოროს. დაადასტურა დრომ, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული სქემა იყო მნიშვნელოვანი, რომელიც ქვეყანას სარგებელს მოუტანს და არავინ დაზარალდება. მზად ვართ მთავრობას ამოვუდგეთ მხარში და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“, -აღნიშნა ბახტურიძემ და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ასევე სოციალური გარანტიები, რაც ჰესის მშენებლობის შედეგად უნდა მიიღოს მოსახლეობამ, რაც მათ კეთილდღეობაზე დადებითად იმოქმედებს.
თავდაპირველი პროექტით ხუდონჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მისი დადგმულ სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. ინვესტიციად დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი სახელდებოდა. პროექტი ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკს“ უნდა განეხორციელებინა, თუმცა მისი წამოწყებაც ვერ მოხერხდა, მოსახლეობის მძაფრი პროტესტის გამო. შესაბამისად, მთავრობას ჯერ პროექტის შეჩერება, ხოლო შემდეგ მისი გამოსყიდვა მოუხდა.
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ხუდონჰესის პროექტის ინვესტორისგან გამოსყიდვას 13.5 მლნ დოლარი დასჭირდა. აუქციონის გამოცხადებას მთავრობა მალე გეგმავს.
„ხუდონჰესთან დაკავშირებით პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ იყო ის, რომ სახელმწიფოს შეძლებოდა პროექტის დაბრუნება, რათა პროექტის განხორციელების ეტაპზე ბარიერი აღარ ყოფილიყო და უმოკლეს პერიოდში ჩვენ პროექტის განხორციელების დაწყება შეგვძლებოდა. 13.5 მლნ აშშ დოლარი იყო თანხის მოცულობა, რაზეც ინვესტორ კომპანიასთან გარიგება შედგა“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ახალი პროექტით გიგანტური ჰესის სიმძლავრე ცოტათი შემცირდება, თუმცა სხვა ყველა საკითხი (ეკოლოგია, მოსახლეობის ინტერესები) გარანტირებული იქნება.