ზაფხულის ტურისტული სეზონი მძიმედ დაიწყო და ასევე გრძელდება. ევროპელებს ომი და ეკოლოგია აშინებთ და ძალიან პასიურობენ, ადგილობრივებს ამინდი უშლით ხელს. ტურიზმის ინდუსტრიამ საფრთხე იგრძნო და წინასწარ წუწუნი დაიწყო, რათა სამომავლოდ სხვადასხვა სახის მოთხოვნებისათვის ნიადაგი მზად ჰქონდეს.
ჰოლდინგ „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელი პაატა კოკაია მეორე კვარტლის შედეგებით უკმაყოფილოა. ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, წელს ევროპიდან ვიზიტორების რიცხვი ნაკლები იქნება, ამიტომ სახელმწიფომ ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ტაილანდიდან ვიზიტორების მოზიდვაზე უნდა იმუშაოს.
„ყველამ ერთად - სახელმწიფომ და კერძო სექტორმა - უნდა ვიზრუნოთ და გავიხედოთ ინდოეთისკენ, ჩინეთისკენ, ტაილანდისკენ. საჭიროა, პირდაპირი ავიარეისების სიხშირის გაზრდა და პირველ რიგში, ელექტრონული ვიზების საკითხის მოგვარება.
როგორც ვიცი, მთავრობაში ამ საკითხის (ელექტრონული ვიზების პორტალი) მოგვარებაზე მუშაობა დაწყებული აქვთ. სურთ, უწყებათშორისი საბჭოს შექმნა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრო, შსს და, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტრო შევა.
არ შეიძლება, საზღვარზე ინდოელ თუ ჩინელ ტურისტს აჩერებდნენ და უკან აბრუნებდნენ ახსნა-განმარტების გარეშე, როცა ყველა საბუთი წესრიგში აქვს. გასაგებია, რომ საზღვარზე შეყოვნება ყველგან ხდება, მაგრამ იმიტომ, რომ მესაზღვრემ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, უცხოელი სახეზე არ მოეწონა და ამიტომ უკან გააბრუნა - ასე არ შეიძლება. მესაზღვრეს უნდა ჰქონდეს ზუსტი მითითება, ვის არ უშვებს ქვეყანაში.
ჩემი პროგნოზით, ივლის-აგვისტო-სექტემბერი ნორმალური სიტუაცია გვექნება, მაგრამ ახლა გვაქვს სამუშაო, რომ აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ ტურისტები. ახლა უნდა დავიწყოთ მუშაობა და საერთოდ არ უნდა ვიძინოთ, თორემ ჩამოიშლება ტურიზმის ინდუსტრია, რადგან სასტუმროები ზამთარში, ფაქტობრივად, თავს ვერ ირჩენენ თბილისში და ვერც სხვაგან, გარდა ზამთრის კურორტებისა.
ვფიქრობ, მთლიანად აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ უნდა შევატრიალოთ ვექტორი, თან ძალიან სერიოზულად და სწრაფად, რადგან ამ ეტაპზე გადარჩენას მე აქ ვხედავ... ომის გამო ევროპელები მოგზაურობას უფრო ფრთხილად ეკიდებიან; იტალიელ ტურისტს ვერ ეტყვი, რომ ჩამოდი და ყველაფერი კარგად იქნებაო, როცა 30 კილომეტრში ოკუპანტის ჯარი დგას“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ პაატა კოკაიამ.
ევროპელი ტურისტები რომ საქართველოთი დიდად არ ინტერესდებიან, ამას ადასტურებენ ტურ-ოპერატორთა ასოციაციაში და იმასაც ამბობენ, რომ წელს უფრო მეტ ვიზიტორს ელოდნენ, მაგრამ რეალური ვითარება სხვაგვარი აღმოჩნდა. ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი შექმნილ მდგომარეობას რუსი მიგრანტების სიჭარბით ხსნის.
„როგორც კი გადავხედავთ ჩვენს სტატისტიკას და შემოსვლებს ქვეყანაში, მაშინვე ცხადი გახდება, რომ ევროპამ ჩვენზე თითქოს უარი თქვა. ევროპაში მე ვგულისხმობ ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც კი, საიდანაც ყოველ ზამთარს თუ ზაფხულს ინტენსიურად შემოდიოდნენ საქართველოში და სარგებლობდნენ სხვადასხვა სერვისებით.
ამ სიტყვების მიღმა იგულისხმება, რომ უკვე არაერთ ცნობილ დიდ ტურ-ოპერატორს, რომლებიც ზოგი 10-20 წელია საქართველოსთან მუშაობენ და ყოველ ზაფხულს გზავნიდნენ ტურისტებს, ახლა არ ჰყავთ ტურისტები. თვითონ ამბობენ, რომ ვერ ყიდიან ტურებს. ჩვენ ზუსტი მიზეზები ბოლომდე არ ვიცით, მაგრამ მაგალითს მოვიყვან, რომ არაერთმა ახსენა: - რუსეთში რომ გვინდოდეს წასვლა, წავიდოდითო, რუსების თავმოყრა სადაც არის, ჩვენ იქ პრინციპულად არ წავალთო, ამიტომ ეს ძალიან გვიშლის ხელს.
აქ მარტო იმაზე კი არ არის საუბარი, რომ მათ რუსული საუბრის მოსმენა არ უნდათ, საუბარია იმაზე, რომ ევროპელები კანონმორჩილები არიან, როდესაც ისინი ხედავენ, რომ მათი ქვეყნები სანქციებს ადებენ სხვადასხვა კომპანიებს, ქვეყნებს თუ მიმართულებებს და ამ დროს საქართველო იქ არ არის, ზუსტად აქ არის მე თუ მკითხავთ ერთ-ერთი პრობლემა, თუმცა არა ერთადერთი“, - განაცხადა თაბაგარმა, რომლის არგუმენტი უფრო პოლიტიკური აღმოჩნდა, ვიდრე დარგობრივი.
ცეცხლის ფასები და დაბალი დონის სერვისები რომაა ჩვენს კურორტებზე, ეგ არაფერია. რუსული ენა ხვდებათ თურმე ყურში ცუდად და იმიტომ არ ჩამოდიან ტურისტები.