სოსო მანჯავიძე სკანდალურ ფაქტებზე საუბრობს

სოსო მანჯავიძე სკანდალურ ფაქტებზე საუბრობს

უწყებათაშორისი კომისიის წევრი, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი სოსო მანჯავიძე მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ “ნაცმოძრაობა” რეგიონებში ხელისუფლებას ძალისმიერი მეთოდებით იბრუნებს და ამაში შსს-ში დარჩენილი “ნაციონალი კადრებიც” არიან ჩართულნი, რომლებიც მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ძალით ცვლიან:

- ვანში, კასპში, ლენტეხსა და დმანისში მუნიციპალიტეტებსა და საკრებულოებში ხელისუფლების ცვლილება ძალისმიერი მეთოდებით ხდება და “ნაცმოძრაობა” ძალაუფლებას შანტაჟით იბრუნებს. შანტაჟის სქემა კი, ძალიან მარტივია: შსს-სა და უშიშროებაში დარჩენილი “ნაცმოძრაობის” კადრები საკრებულოს წევრებზე ზეწოლას ახდენენ, აიძულებენ, გამგებლები გადაირჩიონ და მათ ნაცვლად  ისინი ინიშნებიან, ვინც “ნაცმოძრაობის” წევრები იყვნენ. ყველაფერი ეს მიზნობრივად კეთდება - საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, დავით ბაქრაძის სასარგებლოდ, ხმების მობილიზებას ახდენენ. ე.წ სუს-ი, რომელიც კუდ-ის სამართალმემკვიდრეა, კოჰაბიტაციიდან გამომდინარე, გარკვეულ პოლიტიკურ შეკვეთებს ასრულებს. რეგიონებში მხოლოდ საკრებულოს წევრებს კი არა, ხალხსაც აშანტაჟებენ და აშინებ. ზეწოლა უმეტესად “ქართული ოცნების” მხარდამჭერებზე მიმდინარეობს... მოსახლეობა გაოგნებულია... ყველაფერ ამის კლასიკური მაგალითი ბოლნისის საკრებულოა - გაყალბებული ოქმების “გათეთრების” მიზნით, საკრებულოს იმ ფრაქციამ, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების უზურპაციას ახდენს, ყალბი ბეჭედი დაამზადა. ჩვენი ამოცანაა, რომ საკრებულოებში ამგვარი დრამატული ცვლილებების გატარება შეჩერდეს. დაძაბულობის ეს კერები თუ არ ჩავახშეთ, უმართავ შედეგებამდე მივალთ.

- “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ყველაფერ ამაზე ხმას რატომ არ იღებენ?

- ალბათ, იმიტომ, რომ ამ პროცესებს მწვანე შუქს დავით საგანელიძე უნთებს - მისგან ნებართვა აქვთ, რომ რაიონებში საკრებულოები “ნაციონალებისგან” დაკომპლექტდეს. სხვათა შორის, რეგიონებში საგანელიძეს კარგი სიტყვებით არ მოიხსენიებენ. მართალია, პრემიერს არაერთხელ უთქვამს, ამ ადამიანს ვენდობიო, მაგრამ ხომ არ შეიძლება, საგანელიძე ყველაფერში მართალი იყოს? ხალხს ხელისუფლების შეცვლა უნდოდა, ესენი ეუბნებიან, “ნაციონალები” უკან უნდა დავაბრუნოთო...

არსებობს გარკვეული გარიგება, რომლითაც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობა აქამდე შეინარჩუნა, ახლა კი, მისი “გათეთრება” ხდება დამსახურებულ პენსიაში გასვლის მიზნით. “ქართული ოცნების” ლიდერები ხალხს ეუბნებიან, სანერვიულო არაფერი გაქვს - ის, რაც “ნაციონალებმა” ცხრა წლის განმავლობაში ქვეყანას დამართეს, არაფერია, რადგან საქართველოსნაირ განვითარებად ქვეყნებში ხელისუფლება ხშირად თავნებობსო. მოკლედ, თურმე, ხმა არ უნდა ამოვიღოთ, რომ “ნაციონალებმა” ეკონომიკა მთლიანად ჩვენდამი არაკეთილად განწყობილებს ჩააბარეს, ქართველები გააღატაკეს და, მიუხედავად ამისა, “ნაციონალები”, თურმე, ნიჭიერი, განათლებული და ერის წარჩინებული წარმომადგენლები არიან. ამ განცხადებების შემდეგ, მოსახლეობას აღშფოთების ტალღამ გადაუარა... ნდობის კრიზისი, რომელიც ბოლო დროს აშკარაა, მალე ძალაუფლების კრიზისს გამოიწვევს, რაც ხელისუფლების ჩამოშლამდე მივა. არ შეიძლება, ტერორისტს რეფორმატორი უწოდო, დაუშვებელია, სახელმწიფო დამნაშავე პოლიტიკურ პარტნიორად გაიხადო. ყველაზე რაღაც კომპრომატი არსებობს, სწორედ ამ კომპრომატების გამოა ეს ხალხი თანამდებობაზე შერჩეული.

- პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები განადგურებულია და ზოგი, ალბათ, თავს უკვე მშვიდად გრძნობს...

- ფირების განადგურების იურიდიული პრეცედენტი იმისთვის სჭირდებოდათ, რომ მას, ვისაც ამ ფირების ასლები აქვს, მისი გამოქვეყნების საშუალება არ ჰქონდეს. აი, ესაა მთელი ამ კლოუნადის მიზეზი, მაგრამ დანაშაულის მტკიცებულებათა განადგურება დანაშაულია, რის გამოც შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.

- ბატონო სოსო, პრეზიდენტობის კანდიდატებსა და წინასაარჩევნო კამპანიას როგორ აფასებთ?

- საქართველოში დიდი ხანია, არჩევნები არ ტარდება და ისიც ფარსი იყო, ბოლო საპარლამენტო არჩევნებს, დემოკრატიულობის თვალსაზრისით, მაღალი შეფასება რომ მისცეს. “ნაციონალებს” ჰქონდათ გეგმა, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნებში 60% უნდა აეღოთ და ქვეყანასა თუ ციხეში ტერორი გაგრძელდებოდა, მაგრამ ჩვენს მიერ ე.წ. ციხის კადრების გამოქვეყნებამ “ნაციონალური რეჟიმის” დეზორგანიზაცია გამოიწვია. “ციხის კადრები” რომ არა “ნაციონალები” დაიწერდნენ 60%-ს, 5-7%-ს მართულ ოპოზიციას მისცემდნენ, “ქართულ ოცნებას” კი, 32-33%-ს მიაკუთვნებდნენ. ამასთან, “ქართული ოცნება” მოიგებდა ყველა მაჟორიტარულ ოლქს. მოკლედ, ამ სქემის შესახებ ყველამ კარგად იცოდა, უბრალოდ, ციხის სკანდალს სახალხო აღშფოთება მოჰყვა და დასავლეთის მხრიდან “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერა შეუძლებელი გახდა და მიღებული იქნა გადაწვეტილება, რომ სარკისებურად გადატრიალებულიყო პროცენტები - ის 40%, რაზეც “ქართული ოცნება” ოცნებობდა, “ნაცმოძრაობას” მისცეს, 60% კი, - “ქართულ ოცნებას”. არადა, ელემენტარული ანალიზით, “ნაციონალები” 40%-ს ვერ აიღებდნენ. საკმარისი იყო ხელის ერთი განძრევა, რომ “ნაცმოძრაობას” არსებობა შეეწყვიტა - დასავლეთში აღარ ჰქონდა მხარდაჭერა, თუმცა დასავლეთში მიზანმიმართული მოქმედება განხორციელდა, რომლის ავტორიც თინა ხიდაშელი იყო.

- რას გულისხმობთ?

- თინა ხიდაშელი და, საერთოდ, “რესპუბლიკური პარტია” ცდილობდა, დასავლეთში “ნაცმოძრაობა”, რომელიც განადგურებული იყო, გაეთეთრებინა. სხვათა შორის, ციხის კადრების გამო, “ნაციონალებს” უცხოეთში ხელს აღარავინ ართმევდა. მაგალითად, გაერო-ში “ნაციონალების” დანახვაზე ხალხი, პროტესტის ნიშნად, დარბაზიდან გავიდა. “რესპუბლიკელებმა” მიზანმიმართულად აღადგინეს “ნაცმოძრაობა”, რადგან მათ ერთი პოლიტიკური ფესვი და იდეოლოგია აქვთ. ხალხს ატყუებენ, როცა ამბობენ, დასავლეთიდან ზეწოლას განვიცდითო. სინამდვილეში კი, დასავლეთში მიზანმიმართულად არ ჩააქვთ წამების, თვალთვალისა თუ მოსმენის ამსახველი ვიდეოები, ანადგურებენ - არ უნდათ, სამხილი არსებობდეს. არ დავუშვებთ, რომ ეს კლანი გაძლიერდეს! ამიტომ საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები!

მარგველაშვილი რომ გაიძახის, 27 ოქტომბრიდან კოჰაბიტაცია აღარ იქნებაო, ვის ატყუებს? როგორ არ იქნება, როცა არ ემხრობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და მოქმედი პარლამენტარების აორთქლებას? “ნაციონალები” ტერორისტები მაინც იყვნენ, ესენი კი, ტერორისტების მონები და პირის ფარეშები არიან! ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის ეგიდით მოვიდნენ და სადაა დანაპირები? რომელ სფეროში ჩანს წინსვლა? უბრალოდ, ტერორი შეჩერდა და ლიბერალური მმართველობის რეჟიმი დამყარდა.