მთავრობა აღიარებს, რომ 2-მილიარდიან საინვესტიციო გეგმას ვერ შეასრულებს

მთავრობა აღიარებს, რომ 2-მილიარდიან საინვესტიციო გეგმას ვერ შეასრულებს

საქართველოს მთავრობაშიც ადასტურებენ, რომ 2-მილიარდიან საინვესტიციო გეგმას შესრულება არ უწერია. ეს რომ გადაჭარბებული პროგნოზი იყო, სპეციალისტები და მედია მისი გაცხადებისთანავე მიუთითებდა.  ასე თუ ისე, ახლა ყველა ინვესტორს გაფრთხილება და მხარდაჭერა სჭირდება.

სწორედ ამას ქადაგებს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ ამიერიდან არც ერთი ინვესტორი არ უნდა დაზარალდეს. ასეთი განცხადება ივანიშვილმა არაბული საინვესტიციო ფონდის ალ ხაიმას მმართველსა და მის ბიზნეს ჯგუფთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. პრემიერმა რას ალ ხაიმას მმართველსა და მის ბიზნეს ჯგუფს ბიზნეს ცენტრში უმასპინძლა, რომელსაც ეკონიმიკისა და ენერგეტიკის მინისტრებიც ესწრებოდნენ.

“სტუმრებმა თავიანთი პრობლემები გაგვაცნეს, რაც წინა ხელისუფლების პირობებში მათ ბიზნესს შეექმნა საქართველოში. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი იმ უსამართლობისა, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ამიერიდან არც ერთი ინვესტორი არ უნდა დაზარალდეს.

ჩვენ აღვადგენთ კავშირებს მხოლოდ ნდობით, მხოლოდ სწორი ქცევით და მოვახერხებთ, რომ შეიხი არა მხოლოდ ინვესტორი, არამედ დიდი მეგობარიც გახდეს ჩვენი ქვეყნის”, - განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს ინვესტორები ძალიან სჭირდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა 2-მილიარდიანი საინვესტიციო გეგმას საფრთხე ემუქრება. როდესაც წლის პირველ ნახევარში მხოლოდ ნახევარი მილიარდი დოლარის კაპიტალია მობილიზებული, დარჩენილ 6 თვეში 1,5 მილიარდის “შეგროვება” მართლაც შეუძლებლად მოჩანს. ეს რომ ასეა  ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაიაც ადასტურებს. ის კი არა, პერტაია აღიარებს 2 მილიარდის თავმოყრა, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება.

“1 მილიარდზე მეტი შესაძლებელია შემოვიდეს, თუმცა ეს არ იქნება 2 მილიარდამდე ვინაიდან სტატისტიკის დეპარტამენტი ამ ყველაფერს სხვანაირად ითვლის. ის ითვლის რეალურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას. მაგალითად, შემოვიდა “ტატა ჯგუფი” და ჩადო 700 მილიონი, ამის ასახვა ჩვენს კვარტალურ მონაცემებში შემდეგი წლიდან მოხდება, ანუ იმ მომენტიდან, როდესაც დაიწყებენ, მაგალითად, ცემენტის ყიდვას.

შესაბამისად, თუ ჩვენ დავითვლით გაფორმებულ მემორანდუმებს ან შეპირებულებს, ეს შეიძლება 2 მილიარდსაც კი აცდეს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ მეთოდოლოგიას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტია და რომელსაც სტატისტიკის დეპარტამენტი იყენებს, მაშინ სავარაუდოდ ზრდა უნდა იყოს, მაგრამ ეს არ იქნება ძალიან მაღალი”, - აცხადებს პერტაია.

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორს ყველაზე მეტად იმის ეიმედება, რომ ინვეტორებს შიში გაუქრათ და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებს მშვიდად აღიქვამენ. “რეალურად ის შიში, რომ პრემიერის გადადგომის შემდეგ შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, ინვესტორებს არ აქვთ.  ისინი ძალიან პრაქტიკული ხალხია და ძალიან კარგად უყურებენ რა ხდება ქვეყანაში. აქ მთავარია და ჩვენც იქითკენ მივდივართ, რომ ერთ ადამიანზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ბიზნეს გარემო.  შესაბამისად, წინა არჩევნები და მიმდინარე მოვლენები აძლევს გარანტიას ბიზნესმენებს, რომ არაფერი შეიცვლება. ყველაზე კარგი დაცვა არის ამომრჩეველი. წინა მთავრობა აცხადებდა, რომ იყო ბიზნესის ხელშემწყობი, დღევანდელი მთავრობა ამბობს, რომ გაცილებით ხელშემწყობები არიან, ვიდრე წინა”, - აღნიშნავს პერტაია “კომერსანტთან” საუბრისას.

იგი ადასტურებს, რომ რამდენიმე მსხვილ ინვესტორთან, მათ შორის, “სოკართან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები. “რა მოცულობის იქნება ინვესტიცია, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რადგან დამუშავების ეტაპზეა და თვითონ ინვესტორების თხოვნაც არის, რომ არ გახდეს ჯერ ცნობილი, თუმცა ცოტა ხანში ეს გაცხადდება. მსხვილი ინვესტორების მოზიდვას ძალიან უწყობს ხელს ის ფონდები, რომლებიც იქმნება.

თუ არ ვცდები, 25 სექტემბერს იქნება თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაცია. ეს პროცესს ძალიან აადვილებს. უცხოელი ინვესტორისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ჰყავდეს ძლიერი პარტნიორი ქვეყანაში, რომელიც წილშიც შევა”, - ამბობს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი.