რის გადაფარვას ცდილობს მიხეილ სააკაშვილი?

რის გადაფარვას ცდილობს მიხეილ სააკაშვილი?

არჩევნების მოახლოებასთან ერთად სააკაშვილის განცხადებების ტემპერატურაც მატულობს - სტუდენტებთან შეხვედრის დროს ევრაზიული საზოგადოების კონტექსტში ხელისუფლება კორუფციში დაადანაშაულა

„საქართველოში მართვის მოწმობის „გაკეთება“ ახლა უკვე  500 ლარად შეიძლება...
გორში, ქუთაისში გაიკითხეთ. ჩემს დროს რამდენს მეხვეწებოდნენ, ვეუბნებოდი, გიჟები ხომ არ ხართ, შანსი არაა, ვერავის გავუკეთებთო. 500 ლარი ღირს ახლა. ევრაზიაა ის, რაც ხდება საბაჟოებში. ევრაზიაში მძვინვარებს კრიმინალი. ევრაზიაა ის, რომ მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, საბურთალოზე, დედაჩემის ბინის აივნიდან მქონდა პატივი, მომესმინა ქუჩის გარჩევებისთვის, რომელიც სულ უფრო ხმამაღლა ისმის. ჩაცუცქული ხალხი - ეს არის ევრაზია. ოლიგარქიული ეკონომიკა არის ევრაზია. ევრაზიაა ნეპოტიზმი, როდესაც თანამდებობის მიღწევა შეიძლება მხოლოდ ნათესაობით თუ პატრონი გყავს. თამაზაშვილები რომ მართავენ კახეთს-არის ევრაზია, ზვიადაურები რომ მართავენ ახმეტას, არის ევრაზია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ფინანსთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა სააკშვილის ამ განცხადებას და როგორც სპეციალურ მიმართვაშია ნათქვამი, თუ სააკშვილი არ გამოიჩენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და შესაბამის უწყებას არ მიაწვდის ინფორმაციას კონკრეტული კანონდარღვევის ან სამოხელეო გადაცდომის შესახებ, „მისი განცხადება „საბაჟოებზე არსებული ვითარების შესახებ“ ჩაითვლება შეგნებულ პროვოკაციად, საბაჟოზე მომუშავე თითოეული საჯარო მოხელის და ზოგადად, სახელმწიფოს იმიჯის შელახვის მორიგ მცდელობად,“ - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. 

სად იწერენ პოლიტიკურ ქულებს სააკაშვილი და მისი გუნდი, ქვეყნის შიგნით თუ დასავლეთში, რას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობით, ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

ქალბატონო ხათუნა, ვიდრე სააკაშვილის განცხადებების მიზნებზე გადავიდოდეთ, მანამდე, ასე ვთქვათ, რიტორიკულ კითხვას დაგისვამთ, შეიძლება საბაჟოზე ქრთამის აღების მოწმე გახდეს პრეზიდენტი?

- რომ ხდებოდეს კიდეც ასეთი ფაქტები, რომელი ბრიყვი წავიდოდა პრეზიდენტის თანდასწრებით ასეთ ავანტურაზე? მსგავს რამეს გამოვრიცხავ, მაგრამ თუკი პრეზიდენტს აქვს ინფორმაცია, საინტერესოა, ის რატომ უნდა რჩებოდეს სეირის მაყურებლის როლში.

საქართველოს კონსტიტუციით ის დღემდე არის საქართველოს პირველი პირი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი და მათ შორის, იგივე, ეკონომიკურ და ფინანსურ უსაფრთხოებაზე. ამიტომ, სულ მცირე, მისი სეირის მაყურებლის როლში ყოფნა აბსოლუტურად გაუგებარია.

თუ სააკაშავილის ამ განცხადებებს იმ კონტექსტში განვიხილავთ, რაც ბოლო პერიოდში ხდება, უფრო შორსმიმავალ მიზნებს დავინახავთ, ვიდრე რეალურად გულშემატკივრობა სააკაშვილისა დღეს მიმდინარე დადებითი თუ უარყოფითი პროცესების მიმართ.

ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, ნოემბერში კი ვილნიუსის სამიტზე, საქართველოს ევროკავშირის ასოცირებული წევრობის საკითხი განიხილება, შეიძლება ითქვას, ასეთი განცხადებებით სააკაშვილი ორი კურდღლის ერთდროულად დაჭერას ცდილობს, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც?

- თუ ამ განცხადებებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ განვიხილავთ და გავაანალიზებთ იმ მოვლენებს, რაც ხდება ბოლო დროს ქვეყანაში, დიდი ალბათობით შეიძლება ვთქვათ, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ მოსახლეობას შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს პროცესებს და ქვეყანაში ქაოსის დაწყების წინაპირობაა. ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილი ცდილობს, რომ საზოგადოებას ეს ხედვა მოახვიოს თავს.

ამისი გამოძახილი მგონია ის, რაც ხდებოდა გუშინ და დღეს - ყოვლად უცნაური მავნებლობები, ნაღმების თაობაზე ინფორმაციას ვგულისხმობ. აღმოჩნდა თურმე, რომ ეს ბავშვების გაკეთებულია, მაგრამ საინტერესოა, რატომ არავის გაუჩნდა კითხვა, ქვეყნის სხვადასხვა რაიონში ამდენ ბავშვს როგორ მოუვიდა თავში ერდროულად აზრად ასეთი მავნებლობის გაკეთება?! - ლამის განგაშის სიტუაციის შექმნა ქვეყანაში, რამდენიმე ტელევიზიასა და აეროპორტში ერთდროულად ბომბის არსებობის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება.

ვფიქრობ, ამის უკანაც ხომ არ იმალება სწორედ ქაოსის შექმნის იმიტაციის მცდელობა ქვეყანაში და ეს ყველაფერი ერთი ცენტრიდან ხომ არ იმართება. არ გამოვრიცხავ იმასაც რომ ეს ბავშვები ძალიან ცუდად, იარაღად გამოიყენეს. და მეორე - გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი მოხდა შემთხვევით. არ მჯერა, რომ 10-11 წლის ბავშვებს მოუმწიფდათ ასეთი იდეა. როგორც ჩანს, ბავშვები გამოიყენეს იმისათვის, რომ მათ ვერ დასჯიდნენ.

სააკაშვილის განცხადებები უცხოეთში, მისი განცხადებები ქვეყნის შიგნით და ეს საეჭვო მოქმედებები, აღარ მინდა უფრო ჩავუღრმავდე, როგორ ხდება საზღვრისპირა რეგიონებში თურქული გავლენის გაძლერება, რომლისთვისაც უაღრესად ხელსაყრელი პირობები შექმნა სააკაშვილმა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ათასამდე მოქალაქეს ერთ დღეში მიანიჭა საქართველოს „ვაიპრეზიდენტმა“ საქართველოს მოქალაქეობა, ეს იმ პირობებში, როდესაც აჭარაში საფრთხეების სერიოზული პრევენცია გვმართებს.

ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არ ხდება შემთხვევით და სააკაშვილი თამაშობს „მაოხრებელი მკვდრის“ როლს საკუთარი ხალხისა და ქვეყნისათვის.

რაც შეეხება განცხადებას რომ თურმე 500 ლარად მართვის მოწმობის აღება შეიძლება, ამით ქვეყანაში კორუფციის არსებობას უსვამს სააკაშვილი ხაზს თუ ეს განცხადებაც ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ?

- ეს განცხადებაც საერთო ევრაზიულ კონტექსტში გაკეთდა. სწორედ ამაზეა საუბარი, ის ცდილობს, არჩევნების წინ საზოგადოებაში შექმნას განწყობა, რომ ხელისუფლება პროცესებს ვერ აკონტროლებს - ამის ხაზგასმას ცდილობს ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც.

ზოგადად, არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე და არ მინდა ვივარაუდო, რომ ის ამზადებს ქვეყანას არჩევნების შემდეგ გარკვეული კატაკლიზმებისთვის, მაგრამ ის, რომ ეს პროცესები ერთი სცენარის ნაწილებს და ერთი რეჟისორის ხელწერას ჰგავს, ესეც ფაქტია - ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

კიდეცვ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ რასაც სააკაშვილი აცხადებს საბაჟოსა და მართვის მოწმობებთან დაკავშირებით, თუკი რეალობას შეესაბამება, რატომ რჩება ქვეყნის პრეზიდენტი სეირის მაყურებლის როლში, რატომ არ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება და შესაბამისი ორგანოები რატომ არ ჩართო პროცესში, რატომ არ დააწყებინა ამ ფაქტებზე გამოძიება?

სააკშვილი საუბრობს ოლიგარქიულ ეკონომიკაზეც, ამბობს, რომ კახეთს თამაზაშვილები, ახმეტას კი - ზვიადაურები მართავენ. ოლიგარქიული ეკონომიკა რომელიც მისი მმართველობის პერიოდში შეიქმნა, ჯერაც ვერ დაიშალა კოჰაბიტაციის პროცესის გამო. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ კუთხით საფრთხის პრევენციასაც ცდილობდეს სააკშვილი?

- არ მინდა სააკაშვილის ყოვლად აზრს და შინაარსს მოკლებულ განცხადებებზე ვისაუბრო - სააკაშვილი ცდილობს, ძირითადი თემებიდან გადაიტანოს ყურადღება. ვფიქრობ, დღეს მთელი ჟურნალისტური სამყაროც და ალბათ, სპეცსამსახურებიც უნდა დაინტერესდნენ იმით, რატომ და როგორ მოხდა პრეზიდენტის მიერ  თურქეთის 1000 მოქალაქისთვის ერთ დღეში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.

ამაზეა დღეს განგაში ასატეხი და არ ვიცი, ზოგადად, რას უმზადებს სააკაშვილი აჭარას. მისი პრეზიდენტობის დროს აჭარის მთელი საზღვრისპირა ტერიტორიები თურქეთის მოქალაქეებზე გაიყიდა.

როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა მედიაში ჩნდება იდენტური ვარაუდები იმის თაობაზე, რომ აჭარა საქართველოს მორიგი ცხელი წერტილი შეიძლება გახდეს, გასცეს ამაზე პასუხი სააკაშვილმა. ეს ყველაფერი ხომ მისი მმართველობის წლებში დაიწყო! როგორ შეიძლება, სახელმწიფო საზღვრისპირა ტერიტორიაზე არ ვრცელდებოდეს დაცვისა და უსაფრთხოების სრულიად სხვა ზომები და როგორ შეიძლება ხელაღებით იყიდებოდეს საზღვრიპირა ტერიტორიები, საზღვრის მეორე მხარეს არსებული სახელმწიფოს მოქალაქეებზე?! ამაზეა პასუხი გასაცემი და არა იმ შანტაჟის შემცველ განცხადებებზე, რომელსაც ის ავრცელებს ამ ძალიან მტკივნეული და საფრთხის შემცველი ინფორმაციების გადასაფარად.

ვის აწყობს ცხელი წერტილები საქართველოში, ამჯერად ვის ინტერესებს შეიძლება ატარებდეს სააკაშვილი? აქამდე ცხელი წერტილები საქართველოში რუსეთის ინტერესში იყო...

- ასეთი საკითხის ზოგადად, შავ-თეთრ ჭრილში განხილვას არ ვემხრობი, რადგან სახელმწიფოსთვის არ არსებობს მუდმივი პარტნიორები და მუდმივი მეგობრები. უფრო ზუსტად, ნებისმიერ მეგობარს შეიძლება ჰქონდეს შენგან განსხვავებული მიზნები და გათვლები.ის რომ, ვიღაც მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, არ ნიშნავს აპრიორი იმას, რომ შენი და მისი სახელმწიფო მიზნები აუცილებლად ერთმანეთს ემთხვევა. რატომ მიიყვანა სააკაშვილმა საქმე იმ ზომამდე, რომ დღეს კითხვის ნიშნები ჩნდება თურქეთის ინტერესების შესახებ საქართველოს მიმართ?!.

უამრავი თემაა, რომლის სიღრმეებში ჩასვლაც არ მინდა, რადგან უშუალოდ ეხება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს, მაგრამ ძალიან არ მინდა, ისე გართულდეს სიტუაცია საქართველოში, რომ სააკაშვილის სახელმწიფოებრივი დამნაშავეობის საკითხი დადგეს დღის წესრიგში.