ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეებს პენსიები აღუდგებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოე ქინქლაძემ ქალაქის მერთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის, სულ, 1600 თავმჯდომარიდან პენსია 15 პირს შეუწყდა. მოტივი გახლდათ ის, რომ მათ პენსიასთან ერთად განხორციელებული საქმიანობისთვის ხელფასი ერიცხებოდათ. ჩვენი ინფორმაციით, ამხანაგობის ზოგიერთი თავმჯდომარე კვარტალურად იღებდა წახალისებას 300 ლარის ოდენობით.
„მათ, ვისაც შეუწყდა პენსია, იმის გამო, რომ არჩეულნი იყვნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეებად, პენსია და სოციალური დახმარებები აღუდგებათ. ამისთვის უნდა მიმართონ სუბსიდიების სააგენტოს და ეს უკანასკნელი აღუდგენთ პენსიას განაცდენის გარეშე“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
მანვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. კერძოდ, უგულავას თქმით, შემუშავდება ახალი წესი, რომლის დამტკიცებაც საკრებულოში მოხდება და მასში ხაზგასმით ჩაიწერება, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეობის გამო მიღებული წახალისება არ შეიძლება განხილულ იყოს, როგორც საჯარო საქმიანობაში აღებული ანაზღაურება.
თბილისის მერის მიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის პენსიისა და სოციალური დახმარების მოხსნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი შიხიაშვილმა გიგი უგულავას მიერ აღნიშნულ თემაზე გაკეთებულ განცხადებას დადგმული შოუ უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი რამ ამხანაგობის არცერთ თავმჯდომარეს არ ემუქრება.
„ამ ეტაპზე მხოლოდ წახალისების წესია შეჩერებული, თუმცა - დროებით. უახლოეს მომავალში ჩვენ ამ წესს აღვადგენთ და, ამასთან, ნორმატიულ აქტში დავუმატებთ ჩანაწერს, რომელიც მსგავს გაუგებრობას, ანუ სამომავლოდ პენსიებისა და სხვა სახის სუბსიდიების შეჩერებას სრულიად გამორიცხავს“, - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.
ამდენად, მისივე განმარტებით, შეუძლებელია პენსიების შეჩერება, რადგან ამ ეტაპზე ამხანაგობების თავმჯდომარეები ბიუჯეტიდან აღარ ფინანსდებიან.
როგორც ცნობილია, 26 აგვისტოს თბილისის საკრებულომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეებს წახალისების წესი შეუჩერა. საკრებულოს თავმჯდომარე მაშინ აცხადებდა, რომ ნაციონალებს 5 მილიონი სჭირდებოდათ საარჩევნოდ, რათა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები ემუშავებინათ არჩევნებზე პარტიული აქტივის სახით. მეტიც, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, სიდედრები და ცოლები ჰყავდათ ზოგიერთ გამგებლებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში გაფორმებული. ამიტომ გაუგებარი იყო, მათ მიმართ წახალისების წესი რატომ უნდა გავრცელებულიყო.
„24 მილიონი აქვთ ბიუჯეტი. 8 თვის განმავლობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამით დაიხარჯა 4 მილიონი, რატომღაც დგება აგვისტო და მასირებულად იწყება გეგმების შემოტანა გამგეობებში“, - აცხადებდა მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე.
ფრაქცია „ქართული ოცნება – თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამხანაგობების თავმჯდომარეებს წახალისების ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს.
როგორც გულიკო ზუმბაძემ For.ge-ს განუმარტა, ამხანაგობის თავმჯდომარის საქმიანობის ანაზღაურება კანონს ეწინააღმდეგება და „ნაციონალური მოძრაობა“ ამხანაგობების დაფინანსების ამ ფორმას პარტიული ინტერესებისთვის იყენებდა. ამიტომ გულიკო ზუმბაძის აზრით, საჭიროა, რომ ყველა ამხანაგობამ შექმნას საკუთარი ფონდი, დააწესოს მინიმალური საწევრო და იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველობა გადაწყვეტს ამხანაგობების დახმარებას, ეს თანხა უნდა ჩაირიცხოს არა თავმჯდომარის, არამედ ამხანაგობის საერთო ანგარიშზე. ამის შემდეგ თავად ამხანაგობა გადაწყვეტს, რაში გამოიყენოს თანხა. ამით გაიზრდება, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარის, ისე ამხანაგობის წევრთა ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა.
„ამხანაგობის თავმჯდომარის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვამ გამოიწვია ის, რომ არ ხდება ამხანაგობის, როგორც ინსტიტუტის განვითარება და პრობლემების მოგვარების საფარქვეშ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ კარგად იყენებდა ამ ინსტიტუტს. ამიტომ თვითმმართველობის დემოკრატიული განვითარებისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი ამხანაგობების საერთო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაა“, - აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.
თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ საკრებულო აქ არაფერ შუაშია და კანონი არეგულირებს, თუ ვის შეუწყდება პენსია და ვის - არა. მისივე თქმით, როგორც ჩანს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ჩათვალა, რომ, რადგან ამხანაგობის თავმჯდომარეებს ბიუჯეტიდან ერიცხებოდათ სხვა თანხა, მათთვის პენსიის გაცემა უნდა შეეჩერებინათ, თუმცა იმის გამო, რომ 26 აგვისტოს საკრებულომ შეაჩერა ამხანაგობის თავმჯდომარეების წახალისების წესი და მათ აღარ ჩაერიცხებათ სხვა თანხა ბიუჯეტიდან, მათ აღუდგებათ თავიანთი პენსია.
„კანონში არის ასეთი ჩანაწერი, როდესაც პირი ასრულებს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს და ბიუჯეტიდან იღებს თანხას, ამ შემთხვევაში, მას უჩერდება პენსია. ამხანაგობის თავმჯდომარეების წახალისების წესი უსამართლო იყო და თანამდებობის პირს არ უნდა გადაეწყვიტა, ვისთვის მიეცა თანხა და ვისთვის არა. ამიტომაც შეჩერდა ეს წესი“, - აღნიშნა დავით ჯინჭარაძემ.