ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. პეტრიაშვილი უკვე შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედუარდ ნალბანდიანს. მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, უახლოესი მომავლის გეგმა კი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება და შემდგომ ხელმოწერაა.
„სომხეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებს შეფერხება ვერ შეექმნება იმის გამო, რომ სომხეთს აქვს სურვილი გაწევრიანდეს საბაჟო კავშირში და საქართველო კი აუცილებლად გაწევრიანდება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ზონებში ევროკავშირთან“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ არაფორმალური დიალოგის მესამე შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. არაფორმალურ მინისტერიალზე, რომელსაც გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე ესწრება, ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების საკითხებზე, ასევე, მოლოდინებსა და გამოწვევებზე მსჯელობენ.
პეტრიაშვილის ვიზიტს წინ უსწრებდა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი, საქართველო და აფხაზეთი თანახმა არიან, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მონაკვეთი გაიხსნას. არტურ ბაღდასარიანი ამბობს, რომ აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის გახსნას სომხეთის ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
„ქართულმა მხარემ თანხმობა მოგცვა, ასევე თანახმა არიან რუსეთი და აფხაზეთი. თუმცა ეს პროცესია და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს კონფლიქტური მხარეები. მთავარია, რომ ამ რკინიგზის მონაკვეთის გახსნის პოლიტიკური ნება არსებობს“, - აცხადებს არტურ ბაღდასარიანი.
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის არტურ ბაღდასარიანის განცხადებას არ ადასტურებენ საქართველოს მთავრობაში, თუმცა ადასტურებენ, რომ რკინიგზის აღდგენის საკითხს საქართველოს მთავრობა სწავლობს.
„გასარკვევია არაერთი პოლიტიკური და ტექნიკური საკითხი, ასევე, უნდა შედგეს დისკუსია და მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება. ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიუღია და წინასწარ რაიმე განცხადებების გაკეთება ნაადრევია“, - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.
პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთთან ამ საკითხზე არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
„ადრეც იყო ამაზე აურზაური და ნათლად ვთქვით, რომ მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მაგრამ თუ რუსეთის მხარეს ეს საკითხი აინტერესებს, ალბათ, მოგვმართავს და ჩვენ მზად ვართ, ეს თემა განვიხილოთ. თავისთავად თემა საინტერესოა თუ კი ის არ შეეწინააღმდეგება მთავარ პრინციპს, მხედველობაში მაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრინციპი.
ჩვენ ამ თემის განსახილველად პრობლებას ვერ ვხედავთ, მაგრამ ამჟამად არანაირი საკითხის განხილვა არ მიმდინარეობს. რუსეთთან დიალოგის ერთად-ერთი ფორმატი არის აბაშიძე კარასინის დიალოგი. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არც შევხებივართ ამ თემებს და არც ვაპირებთ, მომდევნო თვეში დაგეგმილ შეხვედრაზე განვიხილოთ ეს საკითხი, ეს თემა დღის წესრიგში არ დგას“, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ თბილისსა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას რკინიგზის ამოქმედების საკითხზე ბევრი კითხვები აქვს.
განსაკუთრებით თბილისს როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ნაწილში. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერი არ არის. ეს საკითხი არაა აქტუალური და არავითარი შეთანხმება ამ თემაზე არ არსებობს. თუმცა ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ როდესაც ასეთი ბეწვის ხიდზე მიმავალი სტრატეგიაა არჩეული, რადიკალური განცხადებები, ხმლის ქნევა, კატეგორიულობა და უხეში ლაპარაკი, საჭირო არაა.
რასაკვირველია უშიშროების საბჭოს მდივანმა გააკეთა ეს განცხადება, თავისი პოზიცები ამასთან დაკავშირებით გამოხატა, სერიოზულად გადააჭარბა თავის უფლება-მოვალეობას, ვინაიდან ეს საკითხი საქართველოსთვის არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური თვალსაზრისით, აქტუალური არაა. გარდა ამისა, რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიცია საკმაოდ უარყოფითია“, - განმარტავს for.ge-სთან საუბრისას გია ვოლსკი.