ივნისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა - ქვეყანაში ინფლაციის ასეთი დაბალი დონე 2016 წლის ნოემბრის შემდგომ არ ყოფილა. კლება მთელ რიგ სამომხმარებლო ჯგუფებში ფასების შემცირებამ განაპირობა, ხოლო სურსათის ჯგუფში ფასები გასული წლის ანალოგიურია და ამ მხრივ ზრდა ნულოვანია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შემდგომ თვეებში კიდევ უფრო დაბალი და ნულთან მიახლოებული შედეგი გვექნება.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა ინფლაციის შემცირების ფაქტორებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია - მაკროეკონომიკური და კონკურენციის მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებები.
„საქართველოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა. იგი უკვე ჩამოსცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მაჩვენებელს. იცით, რომ ინფლაცია 3%-ზე გვქონდა დაგეგმილი, წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.7%-ით შემცირდა. საქართველოში 2022 წლის მაისის შემდეგ ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. ეს დაკავშირებულია სწორ მონეტარულ პოლიტიკასთან და იმ ნაბიჯებთან, რომელიც მთავრობამ გადადგა, და რომელიც უკავშირდებოდა 2 ფაქტს: ერთი მთავრობის მიერ წარმოებული მაკროეკონომიკური პოლიტიკაა და მეორე - კონკურენციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რომელიც ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. ეს აისახა ფასებზე“, - განაცხადა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ფასები საერთაშორისო ბაზრებზეც ნავთობსა და სურსათზეა შემცირებული, თუმცა სხვა ქვეყნებში ინფლაციის შემცირება უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოში.
„რა თქმა უნდა, მსოფლიოში საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასებიც შემცირდა. ზოგადად, საერთაშორისო ტენდენციაც მსგავსია, იგივე ევროზონაში ინფლაცია 5.5%-ია, თუმცა უფრო ნაკლებად ხდება სხვა ქვეყნებში ინფლაციის შემცირება. ვხედავთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ინფლაცია კვლავ ორნიშნაა და გამოწვევად რჩება. მაგალითად, თურქეთში ინფლაცია მაისში 40%-მდე იყო, რუსეთში 2.5%-ზე დავიდა, აზერბაიჯანში - 11.5%, მოლდოვაში - 16%-ზე მეტი, ესტონეთში - 11.3%, ლიეტუვაში ასევე 12%-მდე და ა.შ.“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
მთავრობისა და ეროვნული ბანკის პოლიტიკას ფასების მოთოკვის მხრივ დადებითად აფასებენ ექსპერტები. საბანკო დარგის სპეციალისტმა მიხეილ თოქმაზიშვილმა აღნიშნა, რომ სებ ცდილობს რეფინანსირების მაღალი განაკვეთით შეზღუდოს ფასების მოსალოდნელი ზრდა.
„საერთოდ, 10%-ზე მაღალი რეფინანსირების განაკვეთი უკვე მაღალია და იგი ეკონომიკაზე ცუდად მოქმედებს, მაგრამ ბოლო პერიოდში ინფლაცია ძალიან გაგვექცა და ამიტომ აუცილებელი გახდა ასეთი მიდგომა. მიუხედავად ინფლაციის შემცირებისა, ჯერჯერობით, სებ-ის ვარაუდით, ფასები მაღალ ნიშნულზე დარჩება, რის გამოც ცდილობენ მკაცრი პოლიტიკით შეკვეცონ მოსალოდნელი შედეგი.
უკვე გამოიკვეთა, რომ შემდგომ თვეებში გაცილებით უფრო დაბალი ინფლაცია იქნება, ვიდრე იყო წინა პერიოდში. მიუხედავად ამისა, მინც ძნელი იქნება იმის თქმა, შემცირდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი აგვისტოში“, - განაცხადა თოქმაზიშვილმა.
ევროზონის 20 ქვეყანაში წლიური ინფლაცია, მაისის 6,1%-ისა და აპრილის 7%-ის შემდეგ, ივნისში 5,5%-მდე შემცირდა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებზეც ევროსტატი წინასწარ მონაცემებს გვაწვდის, ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა სლოვაკეთში (11.3%), ყველაზე დაბალი მონაცემები ჰქონა ლუქსემბურგს (1%), ბელგიას და ესპანეთს (1,6%).