ქართულ-რუსული ურთიერთობები გამოსწორების გზაზეა

ქართულ-რუსული ურთიერთობები გამოსწორების გზაზეა

საქართველოს საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები არ შეცვლილა გასული წლის არჩევნების შემდეგ, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობები გამოსწორებისკენ მიდის, წერს თედო ჯაფარიძე. თედო ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“, რომელიც მაგნატმა და ამჟამინდელმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა. ჯაფარიძე საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია (2003-2004 წწ.) და ამჟამად საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

„ხუთი წლის წინ, 8 აგვისტოს საქართველო ჩაერთო სისხლიან და მარცხისთვის განწირულ ომში რუსეთთან. იმისთვის, რომ ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანი დაგვედასტურებინა, ჩვენ სულ ხუთ დღეში დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიის 20%, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დღეს დაახლოებით 60,000 ეთნიკური ქართველი გაძევებულია თავისი სამშობლოდან.

2012 წლის ოქტომბერში საქართველოში ახალი მთავრობა მოვიდა. მისი საარჩევნო დაპირება, წარსული შეცდომების გათვალისწინება, დემოკრატიის დამყარება, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, ქვეყნისთვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მოტანა იყო. ეს არაა იოლი ამოცანა, მაგრამ ევროპელი მეგობრების დახმარებით, ჩვენ წინ მივიწევთ.

საქართველოს საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები არ შეცვლილა გასული წლის არჩევნების შემდეგ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენს უმთავრეს მიზნად რჩება. ჩვენ გვესმის, რომ ამისთვის ზემოთ ჩამოთვლილ მიზნებს უნდა მივაღწიოთ. მეორე მხრივ, ახალი მთავრობა აცნობიერებს, რომ რეგიონული დაძაბულობის შემცირება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის დასრულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. პარადოქსულია, მაგრამ იმ დროს, როდესაც რეგიონზე მსჯელობისას „ცივი ომის“ რიტორიკას უხვად იყენებენ, საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და გრძელვადიანი უსაფრთხოება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ ამ მანკიერი წრის გარღვევას.

გასული ცხრა თვის განმავლობაში საქართველო ჩართული იყო ორმხრივ და მრავალმხრივ დიპლომატიურ საქმიანობაში, რომელსაც ზურგს უმაგრებდა რეფორმების ყოვლისმომცველი პროგრამა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობის, კონფლიქტის გადაწყვეტისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ჩვენი ნაბიჯების წყალობით, ურთიერთობა რუსეთთან გამოსწორებისკენ მიდის – მაგალითად, აღდგა ლიმიტირებული ვაჭრობა.

ამ პროგრესმა, ქვეყნის შიგნით მიმდინარე დემოკრატიულმა რეფორმებმა და საქართველოს მნიშვნელოვანმა წვლილმა საერთაშორისო უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით კი ავღანეთში, ათქმევინა ნატოს გენერალურ მდივანს, რასმუსენს, ივნისში საქართველოში ვიზიტისას შემდეგი სიტყვები: საქართველო „ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე“ ალიანსის წევრობასთან. ამასთანავე, ნოემბერში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ჩვენ ვაპირებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას.

ქვეყნის შიგნით, ჩვენი პრიორიტეტია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, გარდა ამისა, ისეთი რეფორმების გატარება, რომელიც გაზრდის ძალთა ბალანსს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის; განამტკიცებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, პრესის თავისუფლებას და ბოლოს მოუღებს დაუსჯელობას. ევროპის კომისია, ევროპის საბჭო, აშშ-ის იურიდიული და სახელმწიფო დეპარტამენტები, ეუთო და უამრავი სხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება პროცესს და აღიარებს მის პოზიტიურ შედეგებს.

9 თვის განმავლობაში საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა. 1 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა ვერდიქტი. ეს ვერდიქტი ერთგვარი ტესტი იყო სასამართლოსთვის, რომელმაც ახლახან მოიპოვა დამოუკიდებლობა იმისთვის, რომ აღადგინოს სამართლიანობა მას შემდეგ, რაც წლების მანძილზე მაღალჩინოსნები არაფერზე აგებდნენ პასუხს. ქვეყანაში, სადაც მთავრობის შეცვლამდე, სასამართლო პროცესების 99 პროცენტი გამამტყუნებელი განაჩენით სრულდებოდა, გამამართლებელი ვერდიქტი ზოგიერთ იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც უკიდურესად წინააღმდეგობრივ ფიგურას, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას გამოუტანეს, ისტორიულ მომენტს წარმოადგენს. 26 ოქტომბერს საქართველო პირველად ჩაატარებს რეალურად თავისუფალ და სამართლიან საპრეზიდენტო არჩევნებს. მთავრობამ პროცესში ჩართო ასეულობით პოლიციელი, რათა მათ დაიცვან ოპოზიციური პარტიების წევრების უსაფრთხოება წინასწარი შეხვედრებისას, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება კამპანიაში ჩასარევად გამოეყენებინა.

ხუთი წლის წინ, მწარე მაგალითზე ჩვენ მივხვდით, რომ არ არსებობს მოკლე გზები, რომლებიც ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისკენ სწრაფვას აღასრულებს. საჭირო გახდა კიდევ ოთხი წელი, რომ ეს ბოლომდე გაგვეცნობიერებინა, მაგრამ ახლა ნამდვილად სწორი მიმართულებით მივდივართ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვანი საფუძველია ამ მიზნის საბოლოოდ განხორციელებისათვის.

foreignpress.ge