მარგველაშვილისა და ბაქრაძის საარჩევნო შტაბებიდან სხვადასხვა კულუარული ინფორმაციის გამოდინებას ჟურნალისტები უკვე კარგახანია მივეჩვიეთ. ჯერ იყო და მარგველშვილის შტაბიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ ბიძინა ივანიშვილის საყვარელი კანდიდატი ამომრჩევლის გულის მოგებას „ლაღი საქართველოს“ კონცეფციით შეეცდებოდა. შემდეგ ბაქრაძის საარჩევნო შტაბინად შევიტყვეთ, რომ მათი მთავარი „ფიშკა“ „ოცნების“მიერ სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში გაცემული დაპირებების შეუსრულებლობა იქნებოდა.
ნინო ბურჯანაძის შტაბი ამ მხრივ ნაკლებად გვწყალობდა. მათი წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი მიმართულებები იმდენად ხშირად და მკაფიოდ ისმის სხვადასხვა მედიასაშუალებებით, აღარც კი მოველოდით, რომ რაიმე ახალი და კრეატიული კიდევ ექნებოდათ შემონახული...
და აი, ბურჯანაძის შტაბიც გატყდა. კონფიდენციალური ინფორმაციით, ბურჯანაძის საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საქართველოს საგადასახადო სისტემის შეცვლის ინიციატივა.
კერძოდ, ნინო ბურჯანაძე პროგრესირებადი საშემოსავლო გადასახადის შემოღების ინიციატივით გამოვა -დაბალი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან, მდიდართა დაბეგვერამ, შესაძლოა, 40%-საც კი მიაღწიოს, ძვირადღირებულ უძრავ ქონებაზე იზრდება ქონების გადასახადიც. ამასთან, გადასახადების გაზრდით მიღებული დამატებული შემოსავლები უნდა მოხმარდეს კონკრეტულ პროექტებს, როგორიცაა - უმუშევართა და სოციალურად შეჭირვებულთა შემწეობები და სხვა.
ძნელი სათქმელია, რამდენად რეალურია ჩვენს ქვეყანაში მსგავსი პროექტების განხორციელება, ეს სპეციალისტთა მსჯელობის საგანი უნდა გახდეს და ამიტომაც, ბურჯანაძის ახალი ინიციატივა ეკონომიკური მიმართულების ექსპერტებს შევაფასებინეთ.
ახალი ეკონომიკური სკოლის დამფუძნებელი, ექსპერტი პაატა შეშლიძე თვლის, რომ საშემოსავლო გადასახადი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მისივე შეფასებით, შეიძლება ნებისმიერი ტიპის გადასახადი შემოიღო, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, თუ საბოლოოდ რა შედეგს მიიღებ.
„ვთვლი, რომ საშემოსავლო გადასახადი კერძო პირის საკუთრებაა და იგივეა, არაფრის გამო, ყოველგვარი კონკრეტული მომსახურების გაწევის გარეშე, ჩამოართვა ადამიანს ქონების ნაწილი - ჩემი აზრით, სწორედ ეს არის საშემოსავლო გადასახადი.
საქართველოში არსებობს ძვირი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მიმდინარე წელს 18%, ხოლო 2015 წელს 15%-მდე უნდა შემცირებულიყო, ეს ტემპი შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო მაღალი და შეიძლებოდა, საშემოსავლო გადასახადი მნიშვნელოვნად შეემცირებინათ, თუმცა, ყველასთვის თანაბრად.
რაც შეეხება დიფერენცირებულ საშემოსავლო გადასახადს, ეს არ მუშაობს, არასწორი და არასამართლიანია. ვისაც შემოსავალი მეტი აქვს, გამოდის, რომ მან ეს დაიმსახურა თავისი შრომით და ა.შ. ამის გამო მდიდარი ადამიანი არ უნდა დავსაჯოთ და არ უნდა წავართვათ მეტი. წარმატებული ადამიანის დასჯა ის შეცდომაა, რითაც შეიძლება ქვეყანამ უკუეფექტი მიიღოს და გაღატაკებამდე მივიდეს. ამის მაგალითად საფრანგეთიც გამოდგება, როდესაც ძალიან ბევრმა მდიდარმა ადამიანმა უკვე სხვა, სოლიდურ ქვეყნებს მიაშურა“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.
ექსპერთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გარკვეულ ეტაპზე შეიძლება მოსახლეობის დაბალშემოსავლიან ნაწილს სახელმწიფომ შეღავათი გაუწიოს. ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ემზარ ჯგერენაია თვლის, რომ დიფერენცირებული გადასახადის შემოღება დღევანდელ საქართველოში სავსებით რეალური და შესაძლებელია.
„დიფერენცირებული გადასახადი უფრო წაადგებოდა დღეს საქართველოს. გარდა იმისა, რომ მოსახლეობა საშინლად გაღარიბდა, საუბარია იმაზე, რომ დავიცვათ დაბალშემოსავლიანთა ინტერესები. ეს ბაზარს წაადგება როგორც ბრუნვის საშუალება. ვფიქრობ, რომ მისაღებია, მითუმეტეს, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა წავიდა ამ მიმართულებით და ბევრ წამყვან ქვეყანაში ინერგება“,-აცხადებს ემზარ ჯგერენაია.
რაც შეეხება ძვირადღირებულ უძრავ ქონებაზე გადასახადის სავარაუდო გაზრდას, პაატა შეშელიძე ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძე თვითონაც მდიდარი ქალბატონია და ვიდრე სხვისი ქონების დაბეგვრაზე დაიწყებს ფიქრს, ურჩევნია, ხელები დაიმოკლოს და ერთ ლარად ნაყიდი ქონება დააბრუნოს.
როგორც ჩანს, პოლემიკა ამ თემასთან დაკავშირებით მას შემდეგ გამწვავდება, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატები საზოგადოების წინაშე საკუთარი საარჩევნო პროგრამებით წარსდგებიან. მანამდე კი უმჯობესი იქნება საგადასახადო სისტემის დახვეწასთან დაკავშირებით დღევანდელმა მთავრობამაც დაიწყოს ფიქრი.