მმართველი გუნდის წარმომადგენელი, სოსო ჯაჭვლიანი ხალხის მხრიდან, „ლანძღვა-გინებას“ განიცდის და დეპუტატობის უარყოფით მხარეებზე საუბრობს. კანონმდებელი პარლამენტში მიმდინარე პროცესების გააზრებას არჩევს და ამბობს, რომ მისთვის დეპუტატის მანდატი აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, რადგან ის მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის „დეპუტატზე მაგარია“.
კანონმდებელის თქმით, ის პარლამენტში მივიდა, ხელფასები გაანახევრეს, მაგრამ მას ხალხი მაინც ლანძღავს.
ნანობს თუ არა პარლამენტის წევრობას სოსო ჯაჭვლიანი? - ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც გლდანის მაჟორიტარ დეპუტატთან ჩავწერეთ:
ოქტომბერში ერთი წელი გახდება, რაც დეპუტატი გახდით. საკუთარი საქმიანობით, კმაყოფილი ხართ?
- პირველ რიგში, ჩემს ამომრჩეველს მადლობას ვუხდი, რომ „ქართულ ოცნებას“ ნდობა გამოუცხადეს და მმართველ გუნდად აგვირჩიეს. ქართველების მხრიდან, ბოდიშის მოხდა ძალიან იშვიათი თვისებაა, მაგრამ ამომრჩევლის წინაშე ქედს ვიხრი, რომ ჯერჯერობით, მათი ყველა პრობლემა ვერ მოვაგვარე. შარშანდელი სტატია წავიკითხე, სადაც ვამბობდი, რომ ნებისმიერი პრობლემის დროს, ჩემი ამომრჩევლის გვერდით ვიქნებოდი და შეიძლება ესა თუ ის საკითხი ვერ გადამეწყვიტა, მაგრამ ამომრჩეველი მარტოდ ყოფნას ვერ იგრძნობდა.
გლდანის რაიონს 160 ათასი ამომრჩეველი ჰყავს და თითოეულ ადამიანს, ტელეფონით ერთი წუთი მაინც რომ დაველაპარაკო, წარმოგიდგენიათ, ამას რამდენი თვე დასჭირდება? ამიტომ, უბან-უბან დავდივარ და 50 ადამიანი იქნება თუ ასი, ყველას ვხვდები. ჩემთან დაკავშირებით ჟურნალისტები საყვედურს გამოთქვამენ, რომ ტელეფონს არ პასუხობსო და ერთ-ერთმა ისიც დაწერა, „რა იშოვა ამდენი ჯაჭვლიანმა ტელეფონზე, რომ არ პასუხობსო?“. მას ვუპასუხებ - რა ვიშოვე და ხალხის გინება! გამორიცხულია, სატელეფონო ზარებს არ ვუპასუხო. ამ გიჟმა სააკაშვილმა ისეთი პარლამენტი ააშენა, სადაც ჩემს კაბინეტში, ტელეფონი არ იჭერს.
ყურადღებას მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქციებზე ამახვილებთ, თუმცა, თქვენ კანონმდებელი ხართ. შესაბამისად, კანონშემოქმედების კუთხით, რატომ არ ამზადებთ ინიციატივებს?
- უამრავი კანონპროექტის ინიცირება ხდება, მაგრამ აქცენტს დეპუტატის უფლებამოსილებაზე ვაკეთებ, რადგან ამომრჩევლისთვის კანონი და რაიონული პრობლემები გაერთიანებულია. ყველა კანონი მეტ-ნაკლებად კარგია, მაგრამ ერთ დღეს, ყველა სოციალური საკითხი უცებ რომ გადაწყდეს, არავინ იკითხავს - ვინ არის მინისტრი და ვინ პარლამენტარი. ბატონი ბიძინა ამბობდა, რომ დეპუტატები ფეოდალები არიანო, რაც მე ნამდვილად არ მეხებოდა, რადგან საჭირბოროტო საკითხებში მაშინაც ვერეოდი, როცა დეპუტატი არ ვიყავი და ახლაც ვერევი. ზოგჯერ, ისეთ კანონპროექტს ვღებულობთ, რომელსაც შეიძლება შინაგანად არ ვეთანხმები, მაგრამ ერთი გუნდი ვართ და თანაგუნდელების აზრს ვითვალისწინებ.
ამჟამად, მსჯელობის საგანი ე.წ. იპოთეკარებთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებები გახდა, რომლის განხილვაც შეჩერებულია და ერთი ამბავია ატეხილი. მედალს ორი მხარე აქვს, ერთ მხარეს, მევახშეებს ეძახიან, მეორეს დაზარალებულებს. იმ 50 დეპუტატს შორის ვარ, რომელიც ამ გამოსახლებების შეჩერებას ითხოვს. ამ ადამიანებმა საკუთარი ქონება იპოთეკაში გაჭივრების გამო ჩადეს, მაგრამ მეორე მხარესაც საკუთარი ინტერესები აქვს. არის კანონი და მორალი, მაგრამ ჩემთვის როგორც სვანეთში დაბადებული ადამიანისთვის ზე-მორალია. რა კარგია, ამ ერთ წელიწადში ისეთი რამეები დავინახე, რომ ცხოვრების მადლობელი ვარ. ამ ბოლო პერიოდში იმას მივხვდი, თუ როგორ შეიძლება იმ ადამიანს გაგინონ, რომელსაც მთელი ცხოვრება ვერაფერს გკადრებენ. დეპუტატი უნდა გახდე და ყველაფერს ამოგიტრიალებენ!
პარლამენტის წევრი რომ გახდით, ნანობთ?
- ლანძღვა-გინებას განვიცდი. ესეთი ბედი მაქვს, რომ 2007 წელს, როდესაც „ ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი, უხელფასოდ ვმუშაობდი. ჩემი საქმიანობით ხუთი თეთრის საფასური რომ დამეშავებინა, წარმოგიდგენიათ, სააკაშვილი რას იზამდა?! პარლამენტში მოვედი და ხელფასები გაანახევრეს, მაგრამ ხალხი მაინც მლანძღავს. გაგიგიათ, რომ პარლამენტში მეაქტიუროს?
რა გიშლით ხელს, რატომ არ აქტიურობთ?
- სჯობს, ამ პროცესს დავაკვირდე. არცერთ კანონპროექტზე ხმა ისე არ მიმიცია, რომ მისი არსი არ გამეზარებინა. 160 ათასი ამომრჩევლიდან, 150 ათასს ბინა და ასი ათასი ლარი რომ ვაჩუქო, დარჩენილი ათასი ამომრჩეველი დამმარხავს. ჩემთვის პარლამენტის წევრის მანდატი აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, რადგან ჩემი მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის დეპუტატზე მაგარი ვარ. შეიძლება, დეპუტატის მანდატი ვიღაცისთვის რაღაცა იყოს, მაგრამ პირველი კაცი ვარ, რომელიც გამოვედი და ვთქვი, რომ ბედნიერი ვიქნები თუ პრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, მაგრამ მას ამის საჯდომი არ აქვს. ეს განცხადება ზოგიერთებს არ ესიამოვნათ, მაგრამ მე ჩემს თავში დარწმუნებული ვარ, ჩემთან ის ადამიანები მოვლენ, რომელთაც ჩემი იმედი ყოველთვის აქვთ. პარლამენტს გარეთაც ძალიან ვახურებდი და არავის მეშინოდა. ერთი წლის განმავლობაში, პარლამენტში ხმა არ გამიღია და პროცესების გააზრებას ვარჩევ. წივილ-კივილი რომ დავიწყო, ხალხი იტყვის - ეს რა გიჟიც იყო, ის დარჩაო. ამიტომ, თმენას ვარჩევ. წინა ხელისუფლების პირობებში, 27 ათასი ფაილი არის გადაღებული და წარმოგიდგენიათ, ეს რა არის?! „ქართული ფილმი“ ასი წლისაა, პირველი მხატრული ფილმი იყო „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომელიც ვასილ ამაშუკელმა გადაიღო და ამ ხნიდან მოყოლებული, ორასამდე ქართული მხატრული ფილმი იქნა გადაღებული, ამ არაკაცებმა კი, 27 ათასი ფაილი გადაიღეს და იცით, რა თანხებზეა ლაპარაკი?! საქართველოს ორასმა ფილმა მსოფლიო აღიარება მოუტანა და ამათმა კი, „ამნაირ-იმნაირებზე“ 27 ათასი ფილმი გადაიღეს.
181 საათის ხანგრძლივობის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო, ვიდეო და აუდიოჩანაწერები უკვე გაანადგურეს. თქვენ თვლით, რომ ეს მასალები არ უნდა განადგურდეს?
ეს მასალა არ უნდა განადგურებულიყო, რადგან ასლებით პირების დაშანტაჟება მოხდება. ფსიქოლოგიური ჯგუფები უნდა შექმნილიყო და დაზარალებულებისთვის აეხსნათ - ვინც დაგაშანტაჟებთ, დედას ვუტირებთო. მასალა კი განადგურდა, მაგრამ ვისაც ასლი აქვს, მას მანიპულირება შეუძლია. კერძოდ, დაზარალებულ პირს გამოიყენებ ისეთი რამისთვის, რომ თუნდაც, თავისი მეგობარი მოაკვლევინო. ამ პროცესით მანიპულირება დაიწყება.
ფიქრობთ, რომ ასლებს გამოაქვეყნებენ? თუმცა, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება, სავარაუდოდ, პატიმრობით დაისჯება. . .
ეს კადრები ნაძირალტრესტების-ხროვის გადაღებულია და როცა დასჭირდებათ, მაშინ გამოაქვეყნებენ. როცა, მნიშნელოვანი დოკუმენტი მაქვს, ისე დავატრიალებ, რომ ათასი წელი ჩემთან არავინ მოვა. ძალიან მაინტერესებს, რა უფლებით იღებდნენ და ერეოდნენ ვიღაცის ცხოვრებაში?! კიდევ ვიმეორებ, ფსიქოლოგიური სამსახურები უნდა შევქმნათ, რომ ეს ხალხი გადავაჩინოთ და მათი მესაიდუმლე თუნდაც მე ვიქნები. მანიპულირებით, დაზარალებულებს, შეიძლება ახლობლის მკვლელობა ჩაადენინონ, ან ზოგი თავის მოკვლამდე მივიდეს და ეს ხალხი უნდა გადავარჩინოთ. შარშან ამ დროს, ასე ხომ არ ვილაპარაკებდი? - ე.ი. ვიზრდები.
თქვენს მსგავსად, მასალების განადგურების წინააღმდეგი იყო, კახი კახიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ „გამოძიებას უნდა დაედგინა და შესაბამისი კვალიფიკაცია მიენიჭებინა ყველა იმ პირის მოქმედებისათვის, რომლებმაც საცხოვრებელ სახლებში, სასტუმროებსა და ოფისებში ფარული კამერებისა და მოსასმენი აპარატურის უკანონოდ დამონტაჟებას შეუწყეს ხელი“. ჩანაწერების საკითხზე გამოძიების დაწყება და კონკრეტული დამკვეთი პირის გამოვლენა დაანონსა ირაკლი ღარიბაშვილმაც, თუმცა, ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ექს მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც?
ყველაზე თახსირია ის ადამიანი, ვინც ამას სათავეში ედგა. ამის თავი და თავი გველზე დამყნობილი მორიელი - სააკაშვილი და მისი ხროვაა. თურმე, ვიღაცეებმა ერთ კაცს დაუძახეს და უთხრეს, რომ შენზე კადრები გვაქვს გადაღებული და გამოვაქვეყნებთო. ამ კაცს მათთვის უპასუხებია - ოთხი ხართ და თუ გინდათ ოთხივესთან ვიქნები და ისიც გამოაქვეყნეთო. ანუ, დაზარალებულებმა ფსიქოლოგიური წნეხი უნდა დაძლიონ და დამშანტაჟებლებს დაასწრონ.
ვინ იყო ეს კაცი - რომელიმე პოლიტიკოსია?
ამას, რა მნიშვნელობა აქვს?! ფსიქოლოგიური სამსახურები უნდა იყოს, რომ დაზარალებულებს ხელი არ ვკრათ. მათი აგიტაციის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მათი პირადი საქმე პირადია და მთავარია, მათ ზიანი ქვეყნას არ მოუტანონ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფაილებს შორის არის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩანაწერებიც. ამის შესახებ გსმენიათ?
არსებობს და მერე რა? - იყოს! ეს კადრები დამთრგუნველი არ უნდა იყოს.