წინასაარჩევნო კამპანიის ორ თვიანი პერიოდის მონიტორინგის შედეგები გამოქვეყნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. 2013 წლის 1 ივლისიდან 9 სექტემბრამდე პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისთვის 2,372,907.59 ლარის ოდენობის შემოწირულობა განხორციელდა.
ამ ანგარიშის თანახმად, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" 1,456,560.99 ლარი შეწირეს, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „თავისუფალ დემოკრატებს" - 315,077.59 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიან საქართველოს" - 223,873.00 ლარი, "რესპუბლიკურ პარტიას" - 148,920.00 ლარი, "ეროვნულ ფორუმს" 141,136.41 ლარი, „საქართველოს კონსერვატიული პარტიას" - 79,995.00 ლარი, ხოლო სხვა პარტიების მიმართ შემოწირულობა 7,344.60 ლარს შეადგენს.
ამასთან, პოლიტიკური პარტიების მიერ 3-კვირიანი დეკლარაციებით წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, მონიტორინგის სამსახურმა რამდენიმე დარღვევა გამოავლინა. სახელმწიფო აუდიტის პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" მიერ გაურკვეველი დანიშნულებით ბანკომატიდან არის განაღდებული თანხები, რომლის შესახებაც, კანონის მოთხოვნების დარღვევით, ინფორმაცია არ იქნა წარმოდგენილი აუდიტის სამსახურში.
მისივე თქმით, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" 2013 წლის 8 ივლისს სამივლინებო დანიშნულებით ანგარიშიდან გატანილია 10500 ლარი, რის თაობაზეც წინასწარ არ ეცნობა მონიტორინგის სამსახურს. ასევე, სამივლინებო დანიშნულებით ანგარიშიდან გატანილია თანხები „საქართველოს ევროპელი დემოკრატები"-ს მიერ, რის თაობაზეც წინასწარ არ ეცნობა მონიტორინგის სამსახურს.
დოკუმენტის თანახმად, ზემოაღნიშნული წარმოადგენს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 342-მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის მის მიერ მოთხოვნილი და ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა", რაც იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.
როგორც აზნაურაშვილი აცხადებს, აღნიშნულ დარღვევებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და გადაწყვეტილების მიღების მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.
ზურაბ აზნაურაშვილი: „შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გაგზავნილ იქნა საქალაქო სასამართლოში, სასამართლომ იმსჯელა ამ საკითხებზე და დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა. ჩვენ ვითხოვდით ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო 2 ათას ლარიანი ჯარიმის გამოყენებას, სასამართლომ დააკმაყოფილა აუდიტის სამსახურის მოთხოვნა და ამ პარტიებს დაეკისრათ 2 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მათი მხრიდან თანხის გადახდა, შემდგომ უკვე მოხდება აღსრულების წესისი გამოყენება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აზნაურაშვილი.
კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრი ზურაბ ტყემალაძე ადასტურებს ბანკომატიდან თანხის გატანას ისე, რომ წინასწარ არ იყო აუდიტის სასმახურისთვის ცნობილი. ის ამბობს, რომ ყოველი თეთრი რომელიც იქნა გატანილი, აღრიცხულია.
„რაც შეეხება იმას, რომ თურმე გაურკვეველი დანიშნულებით იყო დახარჯული, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. სათანადო დოკუმეტაცია წარდგენილია აუდიტის სამსახურში და ყველამ კარგად იცის, რა დანიშნულებისთვის იყო ეს თანხა დახარჯული და ხარჯი ჯდება კანონის ფარგლებში. მე არ ვიცი, რას ნიშნავს მათი მხრიდან გაკეთებული განცხადება „გაურკვეველი დანიშნულებისთვის იყო დახარჯული“, ამას ჩვენ გავარკვევთ აუდიტის სამსახურთან.
ჩვენთან პრეტენზია აუდიტის სამსახურს აქვს იმიტომ, რომ კანონის მიხედვით ჩვენ წინასწარ უნდა ვაცნობოთ ნაღდი ფულის გატანის თაობაზე, რა დანიშნულებით უნდა გავიტანოთ და მას შემდეგ, რაც ნებართვას მივიღებთ მერე უნდა გავიტანოთ. ჩვენ ეს ნებართვა არ მოგვითხოვია, ისე გავიტანეთ და დავხარჯეთ. თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია, თუ რაში დავხარჯეთ აღნიშნული თანხა, წარვადგინეთ აუდიტის სამსახურში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ტყემალაძე.
რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც ტყემალაძე ამბობს, პარტია მზად არის გადაიხადოს 2 ათას ლარიანი ჯარიმა.
ჯარიმას იხდის, მაგრამ აუდიტის სამსახურის დასკვნას არ ეთანხმება „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია და სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
„როდესაც სამივლინებო თანხა გამოგვქონდა, ვიხელმძღვანელეთ მეორე პუნქტით, სადაც მკაცრად არის გაწერილი, რომ ეს ნორმა არ ეხება მივლინების თანხას. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ იმ ნორმით, რაც თვითონ გაწერა აუდიტის სამსახურმა - რომ ეს ნორმა ხელფასს და მივლინებას არ ეხება. როგორც უნდა ისე იყენებენ ამ ნორმას. აქამდე ერთი შენიშვნაც არ მიგვიღია, მაგრამ მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო კანდიდატი დავასახელეთ, დაგვაჯარიმეს.
მოსამართლემ პირდაპირ თქვა, რომ ეს ნორმა არის აბსურდი. ჩვენ გადავიხდით ამ ჯარიმას, მაგრამ უახლოეს ხანებში სარჩელს შევიტანთ სასამართლოში თვითონ ბრძანების სისულელეზე. ველაპარაკე ინტერფრაქციულ ჯგუფს, ყველას გაუკვირდა, იმიტომ, რომ სასაცილოა ეს ყველაფერი. 1 ოქტომბერს გამოვდივარ ევროსაბჭოს წინაშე მოხსენებით და ამ დოკუმეტს ვაჩვენებ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტიკური პარტიების დევნა იმიტომ, რომ ვერ ავსებს ბიუჯეტს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პაატა დავითაია.