კონკურენციის ეროვნული სააგენტო ბაზარზე დემპინგური პრობლემების გამოვლენის შესწავლას ივლისიდან დაიწყებს. როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ განმარტა, ბოლო სამი თვეა სააგენტო დემპინგის ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით, რამდენიმე ინდუსტრიასთან მუშაობს. ერთ-ერთი მიმართულებით სააგენტო დასკვნის ეტაპზეა.
„შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ ივლისში გამოვაცხადებთ პირველ „ქეისს“ დემპინგის შესწავლის მიმართულებით. კონკრეტული ინდუსტრიის მხრიდან წარმოდგენილია სათანადო მტკიცებულებები დემპინგის არსებობასთან და გავლენასთან დაკავშირებით, რაც საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ შესწავლა დაიწყოს და შესწავლის პროცესი აჩვენებს დანარჩენს“,- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
კონკრეტული ინდუსტრია, რომელშიც დემპინგის შესახებ მოკვლევა დაიწყება, ამ ეტაპზე არ სახელდება, თუმცა უწყებამ ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების შემდეგ სამ სექტორში განახორციელა შიდა მოკვლევა. მათ შორისაა ქიმიური ინდუსტრია, მძიმე მრეწველობა და ფრინველის ხორცის ადგილობრივი წარმოება.
როგორც ჩანს, მათ შორის პირველი დასკვნა მეფრინველეობის სექტორზე დაიდება, რადგან დარგის წარმომადგენლები დაუფარავად საუბრობენ პრობლემებზე. როგორც მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა, „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან კვერცხის იმპორტი გაზრდილია, პროდუქცია კი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად შემოდის.
„ლირას გაუფასურების შემდეგ, თურქეთის მხრიდან დიდი რაოდენობით ფრინველის კვერცხის შემოდის საქართველოში. ისინი ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაზე ბევრად იაფად ახდენენ კვერცხის რეალიზებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მეფრინველეობის სექტორი კვერცხის მიმართულებით თვითკმარია და თავისუფლად უზრუნველყოფს ბაზრის მომარაგებას, კვერცხის იმპორტის მაჩვენებლები მაინც მზარდია.
მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში 20 მლნ-ზე მეტი კვერცხია შემოსული და თუ ასე გაგრძელდა, დარგი იფიქრებს კონკურენციის სააგენტოსთვის მიმართვას. ჯერჯერობით იმედი გვაქვს, რომ ამის გარეშეც გამოსწორდება ვითარება“, - აღნიშნა უჩუმბეგაშვილმა.
კვების მრეწველობის სხვა დარგები ჯერჯერობით არ აქტიურობენ. მაგალითად, ალკოჰოლური თუ გამაგრილებელი სასმელების ბიზნესი თავს დაცულად გრნობს.
„ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის ინფორმაციით, სასმლის წარმოების ინდუსტრიაში დემპინგური ფასებით ოპერირების პრობლემა არ დგას დღის წესრიგში.
„რაც შეეხება ჩვენს სექტორს, ეს პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ რისკი ყოველთვის არსებობს. ჩვენ ვითხოვდით კიდეც ანტიდემპინგური კანონმდებლობის შემოტანას, რადგანაც ის ერთგვარი პრევენციაა, რომ ქვეყანაში არასამართლიანი იმპორტი ან არასამართლიანი ვაჭრობა არ იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ანტიდემპინგურ კანონის არსებობა - ეს არის ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების ჭრილში“, - აღნიშნა ხუნძაკიშვილმა.
ცნობისთვის, ანტიდემპინგური კანონი პარლამენტმა 2020 წელს მიიღო. კანონი 2021 წლიდან ამოქმედდა. აქამდე რაიმე კონკრეტული მოკვლევა არ ჩატარებულა.