პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თანამდებობის პირებზე შესაძლოა, სახელმწიფო თანამდებობრივი შეზღუდვები დაწესდეს და მათ იმ პოსტების დაკავება აეკრძალოთ, რომლებიც მხოლოდ „კომუნისტური პარტიის" ყოფილი თანამდებობის პირებისთვის არის აკრძალული - ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მმართველი კოალიცია დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას გაიზიარებს. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კობა დავითაშვილი ახლად შექმნილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი იყო და მიხელი სააკაშვილთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს.
პარლამენტში უკვე ოფიციალურად ინიცირებულია „თავისუფლების ქარტიაში" შესატანი ცვლილებების პროექტი. ეს ის კანონია, რომელიც დაახლოებით სამი წლის წინ სსრკ-ის თანამდებობის პირებისა და საბჭოთა სპეცსამსახურების წარმომადგენლების თანამდებობრივი შეზღუდვისთვის დაიწერა და სხვანაირად „ლუსტრაციის შესახებ" კანონსაც უწოდებენ.
დღეს მოქმედი კანონით, სახელმწიფო თანამდებობრივი შეზღუდვები ვრცელდება პირებზე, რომლებიც თავის დროზე იყვნენ: სსრკ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლები, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნები, სსრკ-ის და ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრები და იმ პერიოდის ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.
თანამდებობებზე ასევე არ შეიძლება დაინიშნონ პირები, რომელთა შესახებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1991 წლის 9 აპრილიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან.
კობა დავითაშვილის პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ ჩამონათვალს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თანამდებობის პირები ემატება, ხოლო თუკი ასეთი პირები თანამდებობებს დღესაც იკავებენ, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გადადგნენ. გარდა ამისა, დავითაშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ შეიცვალოს კანონის პირველივე მუხლი და კანონის მიზნებს შორის ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაც განისაზღვროს.
„კანონპროექტის მიმართ კოალიციის დამოკიდებულება და მხადაჭერის საკითხი ნათელს გახდის, რამდენად აპირებს გიორგი მარგველაშვილი და მმართველი უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოაბიტაციის პროცესის დასრულებას“, - ახადებს კობა დავითაშვილი.
„ხალხის პარტიის“ ლიდერის საკანონმდებლო ინიციატივას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და აცხადებს, რომ კარგი იქნება, დავწეროთ კონკრეტული პარტია, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს და პარტიის უფროსი, რომელიც ყოველთვის საქართველოს უფროსი იქნება. პრეზიდენტის თქმით, ის თუ რომელი პარტიის წარმომადგენელი დაიკავებს სახელმწიფო თანამდებობას, ხალხი გადაწყვეტს.
„ყველაზე კარგი იქნება, კონკრეტული პარტია დავწეროთ, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს და პარტიის უფროსი, რომელიც ყოველთვის იქნება საქართველოს უფროსი. ასეთ რაღაცეებს ქართველი ხალხი წყვეტს. საქართველოში დემოკრატიას ვერავინ ვერ შეზღუდავს. ყველა მცდელობა დემოკრატიის შეზღუდვისა, ბოლოს ქაოსით დასრულდება“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის" თანამდებობის პირებთან დაკავშირებით დეპუტატ კობა დავითაშვილის ინიციატივას „ქვეყნის დახლეჩის" მცდელობად აფასებენ უმცირესობის წევრები. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ქვეყანას უნდა ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, როგორიც დავით ბაქრაძეა და რომელიც ქვეყანას წაიყვანს არა დახლეჩისა და დაპირისპირებისკენ, არამედ გამთლიანებისა და დამშვიდებისკენ.
საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს, რომ დავითაშვილის ინიციატივა პირდაპირ წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია, ამიტომ, თუ კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ დაინიშნოს თანამდებობაზე, ეს წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან. კახა კოჟორიძე იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი ამ კანონს არ მიიღებს.
„იმ შემთხვევაში თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტული თანმდებობის პირების მიმართ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები და ჩვენი აზრით ძლიან ბევრი საქმე იყო ისეთი, რომელსაც ნამდვილად სჭირდება გამოძიება, მაგარმ ასე განზოგადება და საერთოდ პარტიის აქტივისტებისთვის ასეთი შეზღუდვების დაწესება, მიუღებელია.
შეიძლება ადამიანს შეეზღუდოს გარკვეული თანამდებობის დაკავება მხოლო და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის წინააღმდეგ იქნება კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. სხვა შემთხვევაში თუ დანაშაულს ვერ უდასტურებ ადამიანს, ისე მსგავსი შეზღუდვების დაწესება, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის და შესაბამისად, მიუღებელია, რომ პარლამენტმა მსგავსი კანონი მიიღოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახა კოჟორიძე.
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი განმარტავს, რომ პარტიის აკრძალვის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ საქართთველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
„პარლამენტს ამის უფლება არა აქვს. თავისთავად პარლამენტის მიერ პარტიის დამნაშავე ორგანიზაციად ცნობა, როგორც ამბობენ სისტემური დარღვევის გამო და ამიტომ კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს პარტია, ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამის უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს.
მაგალითად გერმანიაში კომუნისტური პარტია აიკრძალა, როგორც დამნაშავე ორგანიზაცია. თუ ქვეყანაში პარტია არაა აკრძალული, არ შეიძლება მისი წევრებისათვის ასეთი აკრძალვების დაწესება, ვინაიდან, როგორც უკვე გითხარით ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილი.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით როდესაც პარტია არაა გამოცხადებული როგორც დამნაშავე ორგანიზაცია, ლაპარაკი მისი კადრების უფლებების შეზღუდვაზე, პოლიტიკურად მიუღებელია.
„ეს აღიქმება როგორც პოლიტიკური დევნა, ერთი კონკურენტის მიერ მეორესი. კომუნისტურ პარტიაზე გაკეთდა განაცხადი, რომელიც დანაშაულებრივი ორგანიზაცია იყო, კომუნისტური პარტიის წევრებს აეკრძალათ სახელმწიფო თანამდებობაზე მუშაობა, ამას პარლამენტმა მოაწერა ხელი. ასეთი განაცხადი „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში არ არის და შესაბამისად რაღაცა სახის აკრძალვებზე ლაპარაკი არასერიოზულია.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური შეფასება რომ მოითხოვოს, ამაზე ლაპარაკი რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ამის პარალელურად სამართლის აღდგენის პროცესი უნდა მიდიოდეს ქვეყანაში და ამის საფუძველზე უნდა გააკეთო შეფასება. უარგუმენტოდ ამის გაკეთება ძნელი იქნება. ასე, რომ ჯერ-ჯერობით ამ შედეგით რაც დღეს აქვს ხელისუფლებას სამართლის აღდგენის თვალსაზრისით, პოლიტიკური განაცხადის გაკეთება პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით ლოგიკურად გამართლებული არ მეჩვენება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.