ხორბლის ახალი მოსავლის აღება დაიწყო და ამ დროს შარშანდელი ისევ გასაყიდია. იმპორტირებული ფქვილის დაბეგვრამ მოლოდინი ვერ გაამართლა. ადგილობრივ ხორბალზე ფასიც შემცირდა და უკვე აღარც იყიდება.
სრულდება თუ არა იმპორტულ ფქვილზე გადასახადის დაწესების შემდეგ წისქვილკომბინატების მიერ ნაკისრი ვალდებულებები? საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.
„როგორც ცნობილია, 2023 წლის 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებაში მოქმედებს დროებითი მოსაკრებელი 5 თვით, რომლის მიზანია ხორბლისა და ფქვილის აქამდე არსებული არათანაბარი საიმპორტო პირობების გათანაბრება.
აღნიშნულის პარალელურად, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ წისქვილკომბინატების ინდუსტრიის სახელით აღებულია ვალდებულებები:
- საქართველოს ბაზარზე პირველი ხარისხის ფქვილის ფასი არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის ზღვრულ ფასს, რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე პურზე ფასის შენარჩუნებას.
- საქართველოს წისქვილების მიერ, საქართველოს ფერმერებისაგან, როგორც ძველი, ასევე ახალი მოსავლის სასურსათო ხორბლის მაქსიმალური რაოდენობის შესყიდვას გამომდინარე აღნიშნული ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებლებიდან (საბაზისო ითვლება მე 3 კლასის ხორბლის პარამეტრები).
დღეის მდგომარეობით ორივე ვალდებულების, როგორც ბაზარზე პირველი ხარისხის ფქვილის ზღვრულ ფასის უზრუნველყოფა, ასევე ქართული ხორბლის მოსავლის მიღება წისქვილკომბინატების მიერ ხორციელდება აღებული ვალდებულებების შესაბამისად.
მომდინარეობს წისქვილკომბინატების მუშა პროცესების აღდგენა და ახლო მომავალში ველოდებით წისქვილკომბინატების მიერ ხორბლის გადამუშავების ზრდას და შემდგომ სრული სიმძლავრეებით ამუშავებას, რაც თავის მხრივ ეტაპობრივად უზრუნველყოფს ქართული მოსავლის სასურსათო ხორბლის მიღების რაოდენობრივ გაზრდას.
- გვინდა აღვნიშნოთ, რომ როგორც ძველი, ასევე ახალი მოსავლის შესყიდვას ახორციელებს საქართველოს ყველა რეგიონის როგორც ასოციაციის წევრი, ასევე არაწევრი წისქვილკომბინატები და ელევატორები ყველა კომპანიისა თუ ფერმერისაგან განურჩევლად იმისა, არის თუ არა იგი რომელიმე გაერთიანების ან ასოციაციის წევრი, თუ აბარებს ხორბალს ინდივიდუალურად.
რაც შეეხება ქართული ხორბლის შესასყიდ ფასს, ფასი ცვალებადია და ისტორიულად ფორმირდება და სწორდება იმპორტირებული ხორბლის შესაბამისი სასურსათო ხორბლის ხარისხებიდან გამომდინარე (საბაზისოდ ითვლება მე-3 კლასის ხორბლის პარამეტრები). დღეის მდგომარეობით აღნიშნული ფასი 650 ლარი /ტონის ფარგლებში მერყეობს.
საქართველოს წისქვილკომბინატები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ მიერ აღებულ ორივე ვალდებულების უპირობო შესრულებას - ქვეყანაში პირველი ხარისხის ფქვილის ზღვრული ფასით პურის ფასის შენარჩუნების, ასევე სასურსათო ხარისხის ქართული ხორბლის შეუფერხებელ რეალიზებას მთელი წლის განმავლობაში“ - წერია განცხადებაში.
რეალობა კი სულ სხვაგვარია. ფერმერებს სინამდვილეში სერიოზული პრობლემები აქვთ. მათ ჯერ ძველი მოსავალი ვერ გაუსაღბიათ და ახალზე ლაპარაკი ზედმეტია, რომლის აღებაც უკვე დაიწყო.
მემარცვლე ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ შეთანხმების შემდეგ 1 თვის წინ მათ ნამდვილად გაყიდეს 1 000 ტონა ხორბალი, რაც მოსავლის მხოლოდ 10%-ია. მას შემდეგ კი, პროცესი შეჩერდა.
„პირველი შეთანხმების შემდეგ, ჩვენ შარშანდელი მოსავლის 10%, ანუ 1 000 ტონა ხორბალი ჩავაბარეთ. მას შემდეგ კი პროცესი შეჩერებულია. წისქვილების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სიმძლავრეებს ჯერ ვერ ზრდიან, რადგან ბაზარზე ისევ არის დიდი რაოდენობით დაბალ ფასად შემოტანილი ფქვილი დარჩენილი. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით, როდის და რა ფასად, ან რა მექანიზმით შევძლებთ, როგორც გასული წლის, ასევე ახალი მოსავლის ჩაბარებას“, - განაცხადა ბენიაიძემ.
იგი არ გამორიცხავს, რომ ახალი მოსავალიც შეიძლება გაუყიდავი დარჩეს, რაც საბოლოოდ დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს.
„მძიმე სიტუაციაში ვართ, ძველ და ახალ მოსავალს ერთი ბედი აქვს, გამოსავალს ვერ ვხედავთ, ვართ ჩიხში. ძველი მოსავლიდან 10 ათასი ტონა გაუყიდავი დარჩა. 40-45 თეთრად ფასდება, როცა მთავრობა გვპირდებოდა 70 თეთრად გაყიდვას, რეალურად პირობა ვერ შესრულდა. წინა წლის მოსავლიდან 10%, ანუ 1000 ტონა ხორბალი ჩავაბარეთ, ეს არის და ეს. არ ვიცით, როდის და რა ფასად, ან რა მექანიზმით შევძლებთ, როგორც შარშანდელი, ასევე ახალი მოსავლის ჩაბარებას. რაც ახლა ხდება, არის ფერმერების დაქცევა.
ვფიქრობთ, ფასის მხრივ არსებული გამოწვევა წელსაც დარჩება. მით უმეტეს, რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე გადასახადის კლება იმპორტს წაახალისებს. ესეც დამატებით პრობლემას ქმნის, თუ იაფად შემოვა რუსეთიდან ხორბალი, ისევ დააგდებს ფასს, ეს ვერ ჯდება მოლაპარაკებაში. 70 თეთრი უნდა გადაეხადათ 1 კილოგრამ ხორბალში და წლევანდელი უფრო ძვირი გვიჯდება.
ხალხმა დაიწყო მიწების გაყიდვა. იმპორტმა ჩაძირა ქართული ხორბალი, ხალხი მოსავლის გადაყრით იმუქრება, ბანკებთანაც პრობლემაა, სიტუაცია ვერ გვარდება“, - განაცხადა ბენიაიძემ.
ახალი მოსავლის აღება უკვე დაწყებულია. წელს ქვეყნის მასშტაბით 200 000 ტონა ხორბალს ელოდებიან, რაც ნამდვილად დიდი მოსავალია, მაგრამ მისი რეალიზაცია აქედანვე პრობლემური იქნება.
სიმართლე კი ისაა, რომ ამ მეხორბლეებმა, საკუთარი ხორბლის გარდა, შარშან იყიდეს მთელი მოსავალი საქართველოში. კომბაინებიდან სტაცებდნენ გლეხებს. აი, იმ გლეხებს კი მართლა უჭირდათ და არ დაიწყეს მოსავლის შენახვა გაძვირების იმედით.
და ასე იმიტომ მოიქცნენ ეს ,,საწყალი" მეხორბლეები, რომ აქაოდა უკრაინა და რუსეთი ომობენ, ხორბლის დეფიციტი შეიქმნება და გაძვირებულზე გავყიდითო. ნუ, როგორც საქართველოში იციან ხოლმე, ერთ დღეში რომ უნდათ გამდიდრება.
მათი ბიზნეს-გათვლა არ გამართლდა, ჩაუწვათ ნაყიდი ხორბალი და ეხლა საქართველოს მოსახლეობისთვის პურის გაძვირების ხარჯზე უნდათ თავიანთი გაუმაძღარი მადის დაკმაყოფილება.