„კობამ მორიგი პოპულისტური სისულელე მოამზადა“

„კობამ მორიგი პოპულისტური სისულელე მოამზადა“

პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი მოქმედი თუ ყოფილი დეპუტატების მიერ მომზადებული კანონების ჩასწორებას და შემდეგ, მათ საკუთარ ინიციატივებად გასაღებას კვლავ აგრძელებს.  

თუ საგაზაფხულო სესიაზე, დავითაშვილმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, გიგი წერეთელის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ჩაასწორა, საშემოდგომო სესიაზე, მან ყოფილი დეპუტატის, გია თორთლაძის „ლუსტრაციის შესახებ“ კანონს ერთი მუხლი დაუმატა და ამით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების სახელმწიფო თანანმდებობებზე დანიშვნის აკრძალვა მოითხოვა.

კერძოდ, „თავისუფლების ქარტიაში“ დავითაშვილის მიერ განხორციელებული ცვლილებებით,  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს იმ პოსტების დაკავება უნდა აეკრძალოთ, რომლებიც მხოლოდ „კომუნისტური პარტიის“ ყოფილი თანამდებობის პირებისთვის არის აკრძალული.

თუ სამი წლის წინ თორთლაძემ სსრკ-ის თანამდებობის პირებსა და საბჭოთა სპეცსამსახურების წარმომადგენლებს თანამდებობრივი შეზღუდვები დაუწესა, ამჟამად, დავითაშვილი პარლამენტს სთავაზობს, რომ კანონის პირველივე მუხლი შეიცვალოს და კანონის მიზნებს შორის ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაც განისაზღვროს.

დავითაშვილის პროექტის გათვალისწინებით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თანამდებობებს დღესაც იკავებენ, ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, ისინი პოსტებიდან უნდა გადადგნენ.

„ხალხის პარტიის“ ლიდერის სხვა საკანონმდებლო წინადადების მსგავსად, „თავისუფლების ქარტიასაც“ სავარაუდოდ, ჩაგდება, ან თაროზე შემოდება ელის, მაგრამ ამ ინიციატივას შეფასებები პოლიტიკურ წრეებში მაინც მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობა“ პროექტს „კობას მორიგ პოპულისტურ სისულელეს“ უწოდებს. მმართველ ძალას კი, პარტიული კუთვნილების გამო, პირების თანანმდებობებზე დანიშვნის აკრძალვა არასწორად მიაჩნია.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ამჟამად, არცერთ სახელმწიფო თანანმდებობას არ იკავებენ.

„ეს კობას მორიგი პოპულისტური სისულელეა. კობასგან მსგავსი სახის სისულელეები  არახალია და საკმაოდ ძველია! საპრეზიდენტო კანდიდატები საარჩევნო კამპანიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წამოწყებული ბრძოლით წარმართავენ, რითაც ხალხი შეცდომაში შეჰყავთ, რადგან 27 ოქტომბრის შემდეგ, სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობს, მაგრამ  კანდიდატები თავს ჩვენთან ბრძოლით იწონებენ. ოპონენტები  პრობლემას იგონებენ და ამ პრობლემის დასაძლევად, შემდეგ იბრძვიან“, - აღნიშნავს ბობოხიძემ, რომლის პათოსსაც ლევან ბეჟაშვილიც იზიარებს და „საეჭვო დამთხვევაზე“ აპელირებს.

კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რუსი მაღაჩინოსნები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა საქმიანობის აკრძალვას ითხოვდნენ.

„კობას ინიციატივა რუსი ჩინოვნიკების განცხადებებს საეჭვოდ ემთხვევა.  რუსი მაღალჩინოსნები აცხადებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საქმიანობა უნდა აკრძალულიყო. ეს საეჭვო განცხადება „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა ლიდერმაც გააჟღერა. კობას წინადადება ძალიან დიდი სისულელეა, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში მნიშვნელოვანი გარდატეხები შეიტანა. მართალია, შეცდომები და გადაცდომებიც იყო, მაგრამ  ეს ისტორიის განსჯადი საგანი იქნება“, - განუცხადა for.ge-ს ბეჟაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, ოპონენტი პარტიის წარმომადგენელს, სახელმწიფო პოლიტიკურ თანანმდებობაზე არავინ დანიშნავს.

„თეორიულად, ასეთი რაღაცის გაკეთება შეიძლება მაგალითად, ფაშისტური პარტიის მიმართ. ანუ, იმ პარტიის მიმართ, რომელიც მსოფლიოში, ყველგან აკრძალულია. ასეთი პარტიის არსებობა აკრძალული უნდა იყოს, რომ შემდგომ, პოსტებზე მათი დანიშვნის აკრძალვა მოხდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ კი, არავის აუკრძალავს.  ჩვენი კონსტიტუციიის თანახმად, პოლიტიკური შეხედულებების გამო, არანაირი დისკრიმინაცია არ შეიძლება. თანანმდებობაზე ვინმეს დანიშვნა-არდანიშვნის აკრძალვა იმის გამო, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“, ან რომელიმე სხვა პარტიის წევრია, აბსოლიტურად მუღებელია“, - აღნიშნავს დეპუტატი.

ვახტანგ ხმალაძეს მიაჩნია, რომ ნაციონალებმა ძალიან ბევრი დააშავეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.  

„პარტიული კუთვნილების გამო, ამა თუ იმ პოსტზე პირის დანიშვნის აკრძალვა, პრინციპულად არასწორად მიმაჩნია. ცხადია, რომ ოპონენტი პარტიის წევრს სახელმწიფო პოლიტიკურ თანანმდებობაზე არავინ დანიშნავს. რაც შეეხება საჯარო სამსახურს, თუ რომელიმე სამინისტროში განყოფილების გამგედ, ან მის მოადგილედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მუშაობს, ეს რატომ უნდა აკრძალო? -  ამას ხომ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელები აკეთებდნენ, რაც ჩვენ ძალიან არ მოგვწონდა და ჩვენც თუ იგივეს გავიმეორებთ, რა განსხვავება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის?! პირისთვის თანანმდებობის შესაფერისობა უნდა განისაზღვრებოდეს - პროფესიონალიზმის, წესიერებისა და საქმის კეთების მიხედვით და თუ ის თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს, არ უნდა მაინტერესებდეს ის, ეს პირი თუ რომელ პარტიას მიეკუთვნება“, - განუცხადა for.ge-ს ხმალაძემ.

მართალია, „თავისუფლების ქარტიით“ გათვალისწინებული რეგულაციები შეზღუდვებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის აწესებს, თუმცა, იდეაში, ამკრძალავი ნორმები თავად კობა დავითაშვილსაც ეხება, რადგან თავის დროზე, მას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანის პოსტი ეკავა.

შეგახსენებთ, რომ „ლუსტრაციის შესახებ“ კანონის დღეს მოქმედი ნორმებით,  სახელმწიფო თანამდებობრივი შეზღუდვები ვრცელდება პირებზე, რომლებიც თავის დროზე იყვნენ - სსრკ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლები, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნები, სსრკ-ის და ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტების ბიუროების წევრები და იმ პერიოდის ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.

ამასთან, თანამდებობებზე ასევე არ შეიძლება დაინიშნონ პირები, რომელთა შესახებაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1991 წლის 9 აპრილიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს მათ ფარულ კავშირზე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან.