საკრებულოს წევრებისა და დედაქალაქის გამგებლების შეხვედრა ორ საათზე მეტხანს ხმაურიან რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო და მას ირაკლი შიხიაშვილის ნაცვლად მისი მოადგილე გიორგი მუსხელიშვილი უძღვებოდა. თუმცა საბოლოოდ ეს შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა.
უკმაყოფილო გამგებლები აცხადებდნენ, რომ ის 10 მილიონი, რომელიც გამგეობებს ჩამოეჭრათ, წავიდა ოლიმპიადის დაფინანსებასა და შსს-ს პროექტზე ვიდეოთვალების დამონტაჟებაზე. ამიტომ ისინი ბოდიშს უხდიან თბილისელებს, რომ ვეღარ ახერხებენ ამხანაგობების დაფინანსებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებას.
უმრავლესობის დეპუტატ გულიკო ზუმბაძის განცხადებით, შეხვედრამ ცხადყო, რომ გამგებლებს ამ თემის გადაყვანა პოლიტიკურ ჭრილში სურდათ. უფრო მეტიც, ამ თანხებს ნაციონალური მოძრაობა პარტიული მიზნებისთვის იყენებდა და ამხანაგობებს ახალისებდა. კერძოდ, ამხანაგობების თავმჯდომარეები "ნაციონალების" აქტივისტები იყვნენ და მათგან ნახევარზე მეტი კვარტალში ერთხელ წახალისების სახით 300 ლარის ოდენობით ხელფასს იღებდა, რომელიც პირად ანგარიშზე ერიცხებოდათ.
დიდუბის გამგებლის, ლევან მხეიძის თქმით, ცვლილებების შემდეგ მოსახლეობას პრობლემები შეექმნება, დღევანდელ შეხვედრაზე კი ძალიან ბევრი ტყუილი ითქვა.
მთაწმინდის რაიონის გამგებელი ნიკა მელია კი აცხადებს, რომ მის გამგეობას ამხანაგობების თავმჯდომარეებისთვის არც ერთი თეთრი არ გადაუხდია.
გამგებლებსა და საკრებულოს ხელმძღვანელობას შორის ეს გაუგებრობის პირველი შემთხვევა არაა. ამას წინათ გამგებლები საკრებულოს თავმჯდომარესთან_ ირაკლი შიხიაშვილთან შეხვედრაზე არ მივიდნენ, რაც მაშინვე საბოტაჟად შეფასდა.
ასეთ ვითარებაში როგორ გაგრძელდება დედაქალაქის საკრებულოსა და გამგებლების თანაარსებობა და რატომ ითხოვენ გამგებლები 10 მილიონი ლარის გამოყოფას? ამის შესახებ საკრებულოს წევრებსა და გამგებლებს ვესაუბრეთ.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი და საკრებულოს წევრი კახა კუკავა აცხადებს, რომ საუბარი შეეხება თბილისის ავარიული ბინებისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის წესს, რომლის შესახებაც სხვადასხვა მოსაზრებები აქვს ქალაქის მერიას და საკრებულოს უმრავლესობას. მართალია, ყველა შემთხვევაში, ეს 10 მილიონი მოხმარდება ავარიული ბინების გარემონტებას, მაგრამ მერიის პროექტის თანახმად, თანხების ხარჯვა თბილისელებთან ერთად თანამონაწილეობით ხდება, ხოლო საკრებულოს უმრავლესობა ამბობს, რომ ეს სამუშაოები მთლიანად უნდა დააფინანსოს ქალაქის ბიუჯეტმა. კახა კუკავა ფიქრობს, რომ რეალურად კამათი მიმდინარეობს ამხანაგობის თავმჯდომარეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რადგან ნაცმოძრაობა ამხანაგობის თავმჯდომარეებს საკუთარ კოორდინატორებად იყენებდა და აფინანსებდა. ამით კი ირიბად აფინანსებდა ნაციონალურ მოძრაობას.
რაც შეეხება პრობლემის მოგვარების გზებს, კახა კუკავას გაანცხადებით, მერია უნდა შეეჩვიოს, რომ საკრებულო არსებობს და მერიის წარმომადგენლებიც საკრებულოს წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი.
„არ გვახსოვს გასული წლების საკრებულო? გამგებელს კი არა, მის დამლაგებელს ვერ მოიყვანდი საკრებულოში. მესმის, ახლანდელ გამგებლებს საკრებულოს ხელმძღვანელობის ტონალობა არ მოსწონს, ზოგსაც დესტრუქციული მოეჩვენა დღევანდელი შეხვედრა, მაგრამ ეს არის ცხრა წლის მანძილზე დაგროვილი შეკითხვები. ამიტომ ამ გამგებლებს ძირითადი პრეტენზია უნდა ჰქონდეთ გიგი უგულავასთან, რომელმაც არ ასწავლა მათ საკრებულოსთან მუშაობა“, - აცხადებს კახა კუკავა.
ისნის რაიონის გამგებელი თორნიკე ხუციშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ თავი აარიდა მათთან შეხვედრას, წინა დღეს კი სატელევიზიო კომენტარებს აკეთებდა, რომ მათთვის „თავში ცოდნა უნდა ჩაედო“ და ცალკეული განმარტებები გაეკეთებინა.
მისივე თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის დაჟინებული მოთხოვნით ამხანაგობის პროგრამიდან ათი მილიონი ლარი მოიხსნა, რამაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა თბილისის მაცხოვრებლებს, რადგან ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში უამრავი საკითხი გვარდებოდა.
„არსებობს წერილი, სადაც ირაკლი შიხიაშვილი ითხოვს, სწორედ ამხანაგობის პროგრამის მუხლიდან მოიხსნას 10 მილიონი. ამით შიხიაშვილმა პარალიზება გაუკეთა ამ პროგრამას. არ ვიცი, სამომავლოდ შიხიაშვილი რას გააკეთებს, მაგრამ, როცა თბილისის საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას, აუცილებელია, ყველა გადაწყვეტილება ქალაქის საჭიროებას მოერგოს. ეს კი ნაჩქარევი, არაგონივრული გადაწყვეტილებაა. თუ მოსახლეობაზე გვინდა ზრუნვა, ერთმანეთთან მეტი კონსულტაციები უნდა გვქონდეს“, - აცხადებს თორნიკე ხუციშვილი.
ჩვენ დავინტერესდით, თავის დროზე რატომ იფლანგებოდა კონკრეტული თანხები გამგეობებიდან, ასევე, გამწვანების სამსახურის მეშვეობით როგორ ხდებოდა ფულის გათეთრება, თუმცა ისნის გამგებელმა აღნიშნა, თუკი გამგეობებში ასეთი ფაქტები არსებობს, კომპეტენტური ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. რაც შეეხება შედეგებს, მისი თქმით, 10 წლის წინანდელი და დღევანდელი თბილისის შედარებაც კი შეუძლებელია.
აქვე თორნიკე ხუციშვილი ამ ცოტა ხნის წინ საკრებულოს თავმჯდომარესთან გამგებლების მიუსვლელობის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პირველ შეხვედრაზე საკრებულოში მისვლისგან მათ თავი არ აურიდებიათ. უბრალოდ, ისინი ორი საათით ადრე დაიბარეს საკრებულოში და ისინი თავიანთ საქმეს ვერ გადადებდნენ.
ჩვენ, ასევე, ვესაუბრეთ ჩუღურეთის რაიონის გამგებელს დავით დაღელაშვილს. მისი თქმით, თბილისის საკრებულომ 10 მილიონი ლარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარებიდან მოხსნა და 5 მილიონი ვიდეოკამერების დასაყენებლად გაანაწილა, ხოლო მეორე ხუთი მილიონი - ოლიმპიური განვითარებისთვის.
„საკრებულომ სრულიად გაურკვეველი გადაწყვეტილება მიიღო, ეს პროექტი საფრთხის წინაშე გვაყენებს, რადგან თუნდაც ჩუღურეთის რაიონში უამრავი ავარიული სახლია. ასევე, მათი სახურავები საჭიროებს გადახურვას. სწორედ ამ სახლების გადარჩენას მოხმარდებოდა ეს პროექტი და არა კოორდინატორებს. ის, რომ თანხები კოორდინატორებზე იხარჯებოდა, სრული ზღაპარია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ეს საჯარო ინფორმაცია გამოითხოვოს, მით უმეტეს - საკრებულოს წევრებს და დარწმუნდებიან, რომ თანხა ხმარდებოდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შიხიაშვილმა დედაქალაქს ის გაუკეთა, რომ 10 მილიონის ბიუჯეტი მოაჭრა ამხანაგობის განვითარების პროგრამას“, - გვითხრა დავით დაღელაშვილმა.
მისივე თქმით, საკრებულოს ასეთი გადაწყვეტილების გამო გამოსავლის მოძებნა გართულებულია, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტში ცვლილების შეტანა კანონით იკრძალება და წლევანდელი წელი ფაქტობრივად ჩავარდა.