ტურისტულ სექტორის წარმომადგენლები ზაფხულის სეზონის სტარტით უკმაყოფილოები არიან. როგორც აღმოჩნდა, ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმდა, განსაკუთრებით ზღვისპირა კურორტებზე, რასაც სპეციალისტები კახოვკის წყალსაცავის აფეთქებას უკავშირებენ და ამბობენ, რომ შავი ზღვის დაბინძურების შესახებ აგორებულმა ინფორმაციამ დამსვენებლები დააფრთხო. თუმცა, სპეციალისტების დიდი ნაწილი და მთავრობაც მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდებენ.
მდგომარეობას ჯერჯერობით არასახარბიელოდ მიიჩნევს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძეც, თუმცა მისი შეფასებით, მიმდინარე ტენდენცია დიდხანს ვერ გაგრძელდება და სავარაუდოდ, ივლისის შუა რიცხვებიდან სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.
„დამსვენებლებზე ერთობლივად რამდენიმე ფაქტორის გავლენა იგრძნობა, ეს არის უამინდობა, რეგიონული ომი და კახოვკის ჰესის აფეთქება, რამაც მოთხოვნა შეანელა. სექტორში კლება დაახლეობით 25-30%-ის ფარგლებშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წარუმატებლობა გველის, ასე ნამდვილად არ იქნება, პირიქით, მდგომარეობის რადიკალურ ცვლილებას ველოდებით. დაახლოებით 15 ივლისიდან 15 სექტემბრის შეუალედში ტურიზმი აქტიურ სახეს მიიღებს, რისი დიდი იმედიც გვაქვს. სეზონი ჯერჯერობით წინაა და არსებული მოცემულობა შეიცვლება.
ინდუსტრია მაქსიმალურად მომზადებულია, ყველა პირობაა შექმნილი, რომ წარმატებულად გავიაროთ ზაფხული. ფასების მხრივაც ბაზარი თანდათან სტაბილურდება. ველოდებით, რომ მცირედით შეიძლება შემცირდეს კიდეც ტარიფები, რაც ტურისტულ აქტივობებზეც დადებითად იმოქმედებს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
აჭარაში სასტუმროებს დატვირთვა შეუმცირდათ. ჯავშნების გაუქმების ტენდენცია შეიმჩნევა „კასტელო მარეში“, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ობიექტია.
როგორც სასტუმროს ხელმძღვანელი ზანდა მესხიძემ ამბობს, ჯავშნების გაუქმების მთავარი მიზეზი უამინდობაა, თუმცა ერთეული შემთხვევაა, როცა დამსვენებლები შეკვეთებს შავის ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო აუქმებენ.
„რთული იყო მაისი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დატვირთვა განახევრდა, თუმცა ივნისიდან ზრდის ტენდენცია ფიქსირდებოდა. სამწუხაროდ, უამინდობის გამო დინამიკა დიდხანს ვერ შენარჩუნდა. ბოლო პერიოდში, ამინდიდან გამომდინარე, ტურისტების ნაკლებობაა. კერძოდ, თუკი 45-50% -ს აღწევდა „კასტელო მარეს“ დატვირთულობა, ახლა 27%-ია, ცხადია, კლება უამინდობის ხარჯზეა.
თუმცა, რამდენიმე შემთხვევაც იყო, როცა ჯავშნის გაუქმების მიზეზად ზღვის დაბინძურება დასახელდა. ვცდილობთ, მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ეს ჯერჯერობით არ შეესაბამება რეალობას, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებზეც ეკოლოგიური ფაქტორი ნეგატიურად მოქმედებს. ესეც რომ არ იყოს, ბოლო პერიოდში სულ წვიმს და ადამიანები დასვენებისგან თავს იკავებენ“, - განუცხადა მესხიძემ „ბიზნეს ინსაიდერს“.
მთავრობა კი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ შავ ზღვაში წყლის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით ყველა მშვიდად უნდა იყოს, რადგან გარემოს დაცვის სააგენტო წყლის მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებს.
„შავი ზღვის ხარისხის კონტროლის კუთხით მნიშვნელოვანი შესაძლებლობები გვაქვს. ლაბორატორიული კონტროლი ბოლო წლებში გაძლიერდა და გარემოს ეროვნული სააგენტო რუტინულად აკვირდება, არამხოლოდ შავი ზღვის წყლის ხარისხს, არამედ ტბების და წყლების ხარისხს, რომელსაც მოსახლეობა საბანაოდ იყენებს და რეკრეაციული კუთხით ტურისტულ პერიოდში აქტუალურია. ეს შემოწმებები ყოველკვირეულად და 10 დღეში ერთხელ იქნება, ამ კუთხით შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.
გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის ეს რუტინული სამუშაოა, რომელსაც ისინი სხვადასხვა მიმართულებით, ფიზიკურ-ქიმიურ შემადგენლობის და ბიოლოგიური დაბინძურების კუთხით საფრთხეების აღმოსაფხვრელად ახორციელებენ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
წელს აჭარა 4 მილიონზე მეტ ვიზიტორს ელოდება. ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუმრების მისაღებად რეგიონი მზადაა, მაგრამ ჯერჯერობით სტარტი დამაკმაყოფილებელი არ არის.