აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის თქმით, აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში საცხოვრებელი ფართების შეძენა აქამდე ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის შეზღუდული იყო, გარდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა. ამ შეზღუდვების მიუხედავად, აფხაზეთის მთავრობის ზურგსუკან მაინც ხდებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინებისა და საცხოვრებელი კერძო სახლების მიყიდვა, რამაც აფხაზეთში კორუფცია გააღრმავა.
თუმცა ანქვაბი აცხადებს, რომ ამიერიდან ეს შეზღუდვები აუცილებლად მოიხსნება. ამისთვის დე ფაქტო პარლამენტი კანონმდებლობის შეცვლას აპირებს.
ცნობილია, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო პარლამენტმა 2010 წელს მიიღო კანონი იმ პირების შესახებ, რომელთაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არ უცხოვრიათ. მათ ავტომატურად ჩამოერთვათ აფხაზეთის მოქალაქეობის სტატუსი და დღემდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებად ითვლებიან. ამიტომ უახლოეს ხანში ამ პირებს მათ სახელზე გასულ წლებში გაფორმებულ ქონებას ოფიციალურად ჩამოართმევენ და ქონებას აუქციონის წესით გაყიდიან.
მართალია, ჯერჯერობით აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტი არ დაუმტკიცებია, თუმცა ქართველთა უძრავი ქონების მყიდველთა რიგები უკვე დადგა. მყიდველთა შორის რუსეთის ფედერაციისა და სირიის მოქალაქეები სჭარბობენ.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება განსაკუთრებით სირიელ ლტოლვილებს სწყალობს. უკვე ღიად საუბრობენ, რომ აფხაზეთში სწორედ მათი ჩასახლება იგეგმება. ამისთვის აფხაზებმა შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგეს. სირიელი ლტოლვილების დასახმარებილად აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გარკვეული თანხა პენსიონერებსა და კერძო პირებს ჩამოაჭრა. კერძოდ, პენსიონერებს 100-100 რუსული რუბლი ჩამოაჭრეს, მძღოლებს კი - 500-500 რუბლი.
აფხაზეთში სირიელი ლტოლვილების ჩასახლების კონტექსტში საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებული ნებისმიერი გარიგება უკანონოა და მას იურიდიული ძალა არ ექნება.
აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დიდი ხანია, აფხაზებმა ქართველებისგან მიტოვებული სახლების გაყიდვა დაიწყეს და აფხაზეთში არ დარჩა ქართველის სახლი, რომელიც დამწვარი არ იყოს და, ამავდროულად, რომელიმე აფხაზის საკუთრებაში არ იყოს გადაცემული. რამდენად არის ეს ბინები საცხოვრებლად ვარგისი, ლევან კიკნაძის აზრით, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ერთია ბინის გარემონტება და მეორეა, სრულიად ახალი სახლის აშენება.
“ასეთი კარებმოხსნილი თუ ფანჯრებმოგლეჯილი ბინები უამრავია, განსაკუთრებით, სოხუმში და მის ახალ რაიონში, რომელშიც დიდი დასახლებაა. იქ ცხრასართულიან კორპუსებში შეიძლება მხოლოდ 20-30 % იყოს დასახლებული, დანარჩენი- ცარიელი ან გაძარცულია. სწორედ ამ ბინებზეა საუბარი, რომლებიც დიდი ხანია, გადაცემული აქვს საექსპლუატაციო ფონდს. სავარაუდოდ, ამ ბინებს მისცემენ სირიელებს“,-აცხადებს ლევან კიკნაძე.
ამასთან, ეჭვობს, რომ, სირიელი ლტოლვილები, რომლებსაც საცხოვრებელი არსად გააჩნიათ, აფხაზეთში ჩავლენ; განსაკუთრებით ისინი, რომლებიც თურქეთის საზღვარზე სახელდახელო კარვებში არიან განთავსებულნი.
თუმცა, თუ მათ სირიაში დაბრუნების შესაძლებლობა ისევ მიეცემათ, აუცილებლად დაბრუნდებიან. უფრო მეტიც - ლევან კიკნაძე უამრავ ფაქტს იხსენებს, როდესაც აფხაზების დასახმარებლად საომრად ჩასული თურქი ბოევიკები, ერთი პერიოდი, აფხაზეთში საცხოვრებლად დარჩნენ, მაგრამ მოგვიანებით პრაქტიკულად ყველამ დატოვა აფხაზეთი.
ამდენად, ლევან კიკნაძის თქმით, კრიმინოგენური სიტუაციის გამო აფხაზეთში სამუდამოდ საცხოვრებლად არ რჩებიან. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც სირიელი ლტოლვილები დარჩებიან დიდხანს აფაზეთში.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთში მთლიანობაში 7302 რეპატრიანტია დაბრუნებული. მათგან 4 ათასზე მეტი ადამიანი თურქეთიდანაა, 500 - სირიიდან და 2500-ზე მეტი-რუსეთიდან. ასე რომ, უფრო დიდი რაოდენობა არის თურქეთიდან, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნიდან.
გია გვაზავას თქმით, მართლაც დიდი პრობლემაა, რომ ეს ადამიანები ქართველების მიერ იძულებით დატოვებულ ბინებში დასახლდებიან, რადგან აფხაზეთში ბევრ ადამიანს, წესით თუ უწესოდ, საკუთარ თავზე აქვს მიწერილი ეს სახლები. ზოგიერთ მათგანს ხუთი-ათი სახლიც გააჩნია. განსაკუთრებით, წინა წლებში უფრო აქტიურად მიმდინარეობდა ქართველთა საცხოვრისში შევარდნის ფაქტები, რადგან მეომრებს მიაჩნდათ, რომ ისინი იმსახურებდნენ ყველაზე საუკეთესო რამდენიმე სახლს.
„რესტიტუციის კანონი (რაც ქონების ანაზღაურების კანონს ეფუძნება) ითვალისწინებს, რომ ადამიანებს, რომლებმაც ომის ან სხვა უბედურების გამო დაკარგეს საკუთარი საცხოვრებელი, ან იძულებულნი გახდნენ, სახლები მიეტოვებინათ, მუდმივად გააჩნიათ უძრავ ქონებაზე თავიანთი უფლება. თუმცა საინტერესოა, რომ აფხაზები ჩვენს დევნილებს არ აბრუნებენ საკუთარ სახლებში და ამ დროს სპეციალურად მოჰყავთ უცხოელები თურქეთიდან, სირიიდან, რუსეთიდან... ამით ეთნოწმენდა კვლავაც გრძელდება. რატომღაც საერთაშორისო დამკვირვებლები ამაზე ყურადღებას არ ამახვილებენ. არადა, სეპარატისტული მთავრობის მხრიდან ეს გეგმაზომიერი ჩასახლებებია“, - აცხადებს გია გვაზავა.
მისივე თქმით, სირიელ დევნილებზე აქცენტი იმიტომ კეთდება, რომ აფხაზები ამით თავს იმართლებენ, თითქოს სირიაში მცხოვრობ მოჰაჯირთა შთამომავლებს იბრუნებენ. სინამდვილეში, ისინი მალავენ იმ ფაქტს, რომ აფხაზეთში განურჩევლად ყველა სირიელს ეპატიჟებიან. არც იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ მოჰაჯირობის ორი ტალღის შედეგად 72 ათასი კაცი გადაასახლეს აფხაზეთიდან და იქიდან ძალიან ბევრი, თითქმის 40% აფხაზეთში მცხოვრები ლაზი იყო. ამიტომ გია გვაზავასთვის გაუგებარია, აფხაზები რა კრიტერიუმით არჩევენ ამ ადამიანებს.
ამასთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ფიქრობს, რომ აფხაზეთში ქართველების დაბრუნების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართველები და იქ მცხოვრები აფხაზები, სირიელები თუ თურქები მორიგდნენ და, უკიდურეს შემთხვევაში, ქართველებმა საკუთარი სახლი დათმონ, თუკი ისინი ახალ საცხოვრისს აუშენებენ.