დაგვიანებული „შურისძიება“

დაგვიანებული „შურისძიება“

„ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის იმიტომ, რომ ყოფილ ხელისუფლებას პასუხი აგებინოს”, - ასეთ აზრს ხშირად მოისმენთ ქართულ საზოგადოებაში. არგუმენტებიც საკმაოდ საინტერესოა - პრემიერი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გვერდზე გადგება, რათა ერთი წლის დაგვიანებით მაინც დაპირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყოს.

პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი არ გამორიცხავს, რომ, თუ ასე მოხდება, დასავლეთი ივანიშვილს ვეღარ უსაყვედურებს, რადგან ის თანამდებობაზე აღარ იქნება; პასუხისმგებლობას კი ახალი პრეზიდენტი და ახალი პრემიერი აიღებენ. ამდენად, შესაძლოა, სამართლიანობის აღდგენის კუთხით "ქართული ოცნება" უფრო თავისუფალი იყოს მოქმედებებში და წარსულს ჩაბარდეს ის დრო, როცა ბიძინა ივანიშვილმა, პრემიერის რანგში, უამრავი დაუმსახურებელი საყვედური მოისმინა ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან, რაც ცხოვრებაში არ მოუსმენია.

ამ ვერსიის თანახმად, სრულიად შესაძლებელია, ყოფილი თანამდებობის პირთა პასუხისგებაში მიცემის ხანა დაიწყოს. სხვათა შორის, სწორედ ამან შეაშფოთა სააკაშვილი, როცა საკუთარ დაჭერასა და ზებრასთან ანალოგიაზე ალაპარაკდა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ უკვე მკაფიოდ განმარტა, რომ პოლიტიკაში ყოფნა მისთვის დისკომფორტია.

სულ ახლახანს, ესტონეთში ყოფნისას, ბიძინა ივანიშვილმა ისევ გაიმეორა - „მე აღარ ვაპირებ პოლიტიკაში მოსვლას“. როგორც ირკვევა, პრემიერ-მინისტრი პოლიტიკიდან საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში წავა, რადგან პოლიტიკაში საკუთარი როლი უკვე შეასრულა.

"მე მოვახერხე და "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკიდან გავისტუმრე. ჩემი მისია შევასრულე... ახლა უკვე მეც მივდივარ პოლიტიკიდან... ჩემი როლი პოლიტიკაში უკვე შევასრულე. მე შევებრძოლე არსებულ ხელისუფლებას, რომელიც არ იყო დემოკრატიული, მოვახერხე ცვლილებები. ვფიქრობ, ჩემი ახალი როლი უფრო საინტერესო იქნება. მე აღარ ვაპირებ პოლიტიკაში შემოსვლას საერთოდ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრემიერმა მიხეილ სააკაშვილთან წლების წინ არსებული კარგი ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს მაშინ იყო, ვიდრე ის "პოზიტიურ პრეზიდენტად" ითვლებოდა. იმ დროს ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს ძალიან ბევრ რჩევას აძლევდა, ეხმარებოდა კიდეც, თუმცა მათი ურთიერთობები გაფუჭდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა გააფუჭა ურთიერთობა დემოკრატიასთან. რაც შეეხება სააკაშვილსა და მის მომავალს, ბიძინა ივანიშვილის აზრით, ეს უშუალოდ პრეზიდენტზეა დამოკიდებული და, ასევე, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები.

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად რეალურია ვერსია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი მიდის იმიტომ, რომ ყოფილ ხელისუფლებას პასუხი აგებინოს?! თუ ეს სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე ჩვენი საზოგადოების ერთგვარი ნუგეშისცემაა?! 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ნამდვილად არ მიდის იმიტომ, რომ ვინმეზე შური იძიოს. უფრო მეტიც, პოლიტიკოსის აზრით, საქართველოს სიტუაციაში შურისძიებისთვის ბევრად კარგი პოზიცია იქნებოდა პრემიერ-მინისტრის პოსტი, ვიდრე არასამთავრობო ან ბიზნესსექტორში ყოფნა.

თუმცა ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები ლევან ბერძენიშვილს შურისმაძებლურად არ მიაჩნია, რადგან ივანიშვილი ბუნებით არ არის ასეთი ადამიანი.

„ესტონეთში მან მკაფიოდ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან გასტუმრების ამოცანა შეასრულა, დატოვა კარგი გუნდი და ამის მეტი პოლიტიკაში არაფერი სურს. ეს მე არ მიკვირს. მე ის მიკვირს, ჩვენ რომ ვართ ამდენ ხანს პოლიტიკაში და კიდევ ცოცხლები ვართ დარჩენილნი, თორემ ბიძინა ივანიშვილს სულ სხვა ცხოვრება გაუვლია და სულ სხვა შესაძლებლობები აქვს. მისთვის პოლიტიკა არ იყო ქვეყანაში დამკვიდრების  საშუალება, არამედ პოლიტიკა იყო აუცილებლობა, რომ სააკაშვილი მშვიდობიანად გაესტუმრებინა. ამიტომ მან ჩათვალა, რომ შეასრულა თავისი ფუნქცია და, გარკვეული გაგებით, ამისთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის?! უნდა ვუთხრათ მადლობა და გავუშვათ“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა For.ge-სთან საუბრისას.

ამასთან, როგორც ლიტერატურის სპეციალისტმა, გაიხსენა, რომ ჩვენი ძირითადი ძეგლები, - „ილიადა“, ევრიპიდეს შემოქმედება, შექსპირის „ჰამლეტი“ და სხვა,  გვასწავლიან, რომ შურისძიებას აზრი არ აქვს და შურისძიება არ შეიძლება იყოს პოლიტიკის ნაწილი. უფრო მეტიც, ლევან ბერძენიშვილის აზრით, პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს სამართლიანობა, რაც შურისძიებისგან სრულიად განსხვავდება. ამიტომ, როგორც წესი, შურისძიებით ის ადამიანია დაკავებული, ვისაც სამართლიანობაზე  წარმოდგენა არ აქვს.

ამასთან, პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველოში სამართლიანობის სისტემა უნდა დამკვიდრდეს, რომლის დაბრუნებაც შეუძლებელია, რადგან ეს სისტემა არც არასდროს გვქონია. ბიძინა ივანიშვილმა კი ამ ბრძოლაში თავისი ნაბიჯი გადადგა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილს მის გარეშე, ვერავითარ შემთხვევაში, ვერ მოვიშორებდით. იგი ახლაც ჩვენი უფროსი იქნებოდა და 20 წლის შემდეგაც. ფაქტობრივად, ის იქნებოდა მიხეილ ნაზარბაევი.

„მე არ ველოდი ბიძინა ივანიშვილისგან რაიმე სხვას, გარდა იმისა, რასაც დაგვპირდა და 100%-ით შეასრულა. იგი ყოველთვის ერიდებოდა ყალბ დაპირებებს. ბენზინზე, გაზსა და სინათლეზე მისი დაპირებები არასდროს გვახსოვს. უბრალოდ, ის გვპირდებოდა მეტ თავისუფლებას და მიხეილ სააკაშვილის წასვლას“, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.   

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობასა და „ქართულ ოცნებას“ შორის დაახლოებით ის განსხვავებაა, რაც მხედრიონსა და მოქალაქეთა კავშირს შორის. ისინი ერთნაირად კორუმპირებულები არიან. უბრალოდ, მხედრიონი იყო უფრო მკაცრი და ველური და, რასაც მხედრიონი აკეთებდა ავტომატით,  მოქალაქეთა კავშირი აკეთებდა ჰალსტუხით. კახა კუკავას თქმით, ზუსტად იგივე პოლიტიკა გრძელდება ახლაც და არანაირი სამართლიანობის აღდგენა არ მოხდება.

„ეს არ არის ერთი უწყებისა და ერთი კონკრეტული პირის ბრალი. ეს არის პირადად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კურსი. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამართლიანობის აღდგენა ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლის შემდეგაც არ აღდგება სამართლიანობა. ნაცმოძრაობასა და „ქართულ ოცნებაში“ ერთი და იგივე კადრებია, ერთი და იგივე პოლიტიკური წარსულით, ისინი ფინანსურად ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი არიან. ამიტომ კარდინალური ცვლილებები „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდება“, - გვითხრა კახა კუკავამ.