2023 წლის აპრილში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობამ საგრძნობლად იკლო და გაყიდული ბინების რაოდენობა 2022 წლის აპრილის მაჩვენებელს 22%-ით ჩამორჩებოდა. ამის მიუხედავად, ჯერ ფასების კლებაზე საუბარი არ არის. დეველოპერები სულაც ზრდას ელოდებიან. ყველაფრის მიზეზი და სათავე არის ის, რომ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები უძრავი ქონების შეძენაზე გადაერთნენ და 2023 წლის 5 თვეში 3369 საცხოვრებელი სახლი შეიძინეს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
TBC Capital-ის კვლევის თანახმად, ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლების ფონზე, ბაზრის ზომა წლიურად 23%-ით, 200 მლნ დოლარამდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ საშუალო გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო და 1 კვ/მ-ზე 1.177 დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 32%-ით აღემატება. ამავე პერიოდში გასაქირავებელი ფასი წლიურად 52%-ით გაიზარდა, თუმცა წინა თვესთან შედარებით 1.6%-იანი კლება დაფიქსირდა. აპრილში 1 კვ/მ-ს საშუალო გასაქირავებელი ფასი 12.8 დოლარი იყო.
უძრავი ქონების გაძვირების ტენდენციაზე საუბრობენ ასევე დეველოპერებიც. კომპანია m²-ის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ მეძმარიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს უძრავ ქონებაზე ფასი 10-15%-ით კიდევ გაიზრდება. მისი თქმით, ბუმი 2022 წლის დასაწყისში, პირველ და მეორე კვარტალში, როდესაც უპრეცედენტოდ რაოდენობის უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, რამაც, პირველ რიგში, ქირის ფასის ზრდა გამოიწვია, ხოლო შემდეგ, როდესაც ისინი უძრავი ქონების ბაზარს გაეცნენ, მათ გასაყიდი უძრავი ქონების ათვისება დაიწყეს, რამაც გაზარდა ბინის ფასი. ის m²-ის სტატისტიკაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2022 წლის იანვრიდან დღემდე საშუალო ფასის ზრდა 45%-ია, თუმცა მომავალში ასეთ მკვეთრ ნახტომს აღარ ვარაუდობს და მიიჩნევს, რომ ფასი ეტაპობრივად გაიზრდება.
მეძმარიაშვილი ასევე გაძვირების სხვა ფაქტორებზეც საუბრობს, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი თვითღირებულების გაზრდას უჭირავს.
„2019-დან დღემდე დაახლოებით 2-ჯერ არის ბეტონის და არმატურის ღირებულება გაზრდილი, ასევე 50%-ით მასალების ღირებულება, 30-40%-ით მუშახელის და კლების ტენდენცია არ ჩანს“ - განაცხადა მეძმარიაშვილმა.
შედარებით სხვაგვარი ინფორმაცია აქვს სამშენებლო დარგის ექსპერტს მალხაზ კუნელაურს, რომელიც ადასტურებს, რომ სამშენებლო პროდუქციის ღირებულება მეტ-ნაკლებად დასტაბილურებულია და ფასები წლის ბოლომდე რაიმე განსხვავებულ ცვლილებას არ დაექვემდებარება.
„ფასები ყოველკვარტალურად თვალში საცემად არ იზრდება, თუმცა დინამიკა შეიძლება შევაფასოდ წლიდან წლამდე და გასულ წელთან შედარებით სამშენებლო მასალები, რა თქმა უნდა, გაძვირებულია. დღეს გაცილებით ძვირია, ვიდრე ეს იყო ერთი წლის წინ და ამას თავისი განმაპირობებელი მიზეზები გააჩნია.
სამშენებლო მასალების ფასები ჯერაც მაღალია, მაგრამ ქაოსურად ძვირი აღარ არის. მეტ-ნაკლებად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასტაბილურებულია, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არსებული ღირებულება აუცილებლად შენარჩუნდება. ამ მონაკვეთში მომდევნო 3 წელს მაინც ვგულისხმობ. ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ წლის ბოლომდე რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველოდებით“, - განაცხადა კუნელაურმა.
თუკი რამე უძრავ ქონებას აძვირებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საქართველოში გაცხოველებული აქტიურობაა. იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ 2023 წლის 5 თვეში რუსეთის მოქალაქეებმა 3369 საცხოვრებელი სახლი შეიძინეს საქართველოში. 2022 წელს კი მათ მიერ შეძენილი ქონებების რაოდენობა 5 ათასს შეადგენდა.
„უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის 5000 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 6135 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე, ხოლო, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 5 ივნისამდე პერიოდისთვის, 2780 რუსეთის ფედერაციის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 3369 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პასუხში.
აღნიშნული ყველა მონაცემის საფუძველზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბინის ფასების კლება მიმდინარე წელს არ დაფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, რეალიზაციის მაჩვენებლის მიხედვით, ბაზარი სულ უფრო დასტაბილურდეს. თუმცა, შესაძლებელია ნავარაუდევზე უფრო მეტი ნიშნულით მატება, რაც საგარეო ფაქტორებზე და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული.