რუსეთის ურთიერთობა მეზობლებთან სულ უფრო მწვავდება

რუსეთის ურთიერთობა მეზობლებთან სულ უფრო მწვავდება

მოსკოვმა უკრაინასთან და ბელარუსთან სავაჭრო დავები გააჩაღა

ამერიკა-რუსეთის ურთიერთობამ ცივი ომის დასრულების შემდეგ ფაქტობრივად ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მაგრამ არანაკლებ ცივი ურთიერთობა აქვს მოსკოვს მის უახლოეს მეზობლებთან.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთმა მოახერხა სავაჭრო დავების გაჩაღება უკრაინასთან და ბელარუსთან – ასევე მოლდოვასთან, თუმცა ამაზე უფრო იშვიათად ლაპარაკობენ. ეს დავები საფუძველში პოლიტიკური ხასიათისაა. ამ ფორმით მოსკოვი ცდილობს დასაჯოს მეზობლები ევროპელ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კვირაში სანკტ-პეტერბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიმართება, დაძაბული ურთიერთობა ახალი ბრძოლის ანარეკლია, რომელიც აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის იმ ტერიტორიების გამო გაჩაღდა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამით, ევროკავშირი ექვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას რამდენიმე პოლიტიკური და სავაჭრო ხასიათის ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს. ეს ხელშეკრულებები დიდწილად იმ შეთანხმებების მსგავსია, რომელიც 1990-იან წლებში ევროკავშირმა საბჭოთა სახელმწიფოს სხვა სატელიტ ქვეყნებს შესთავაზა, მაგალითად, პოლონეთს, რომლისთვისაც იმ ეტაპზე საკუთარ რიგებში გაწევრიანების დაპირება არ მიუცია.

ამავდროულად, მოსკოვი ცდილობს დაარწმუნოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, რომ საბაჟო კავშირში გაწევრიანდნენ, ბლოკში, რომელიც მან ბელარუსთან და ყაზახეთთან ერთად შექმნა და რომლის განმტკიცებასაც გეგმავს, რათა მომავალში ეკონომიკურ სივრცედ – ევრაზიის კავშირად გარდაქმნას.

იმის გამო, რომ 2013 წლის ნოემბერში, ვილნიუსში (ლიტვა) რამდენიმე ყოფილი რესპუბლიკა აპირებს ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერას და პარაფირებას (ხელმოწერის ბოლო ეტაპი), მოსკოვი მთელი ძალით ცდილობს როგორმე ამას ხელი შეუშალოს.

ორივე მხარისთვის მთავარი პრიზი უკრაინაა – მერყევი სახელმწიფო, 46-მილიონიანი მოსახლეობით ევროპის შუაგულში.

იმის გამო, რომ პუტინმა ვერ დაითანხმა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე (მათი ბოლო შეხვედრა ივლისში გაიმართა), მოსკოვმა უკრაინული საქონლის (ფოლადით დაწყებული შოკოლადით დამთავრებული) იმპორტზე შეზღუდვები დააწესა.

აგვისტოში, რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცადა საკუთარი ძალის დემონსტრირებას და დროებით გააძლიერა კონტროლი უკრაინის ექსპორტზე, რითაც პროვოცირება გაუკეთა შეფერხებებს, რომელიც უკრაინას მილიონობით დოლარი დაუჯდა. პუტინმა ცივად მიანიშნა მეზობელს, რომ მსგავსმა ზომებმა შეიძლება სისტემატიური ხასიათი მიიღოს, თუკი უკრაინა ევროპის თავისუფალ სავაჭრო ზონას შეუერთდება, რომ კიევმა ვერ შეძლოს სავაჭრო იარლიყების გადაკვრა ევროპულ საქონელზე და მისი რუსეთში ექსპორტი.

მსგავსი სავაჭრო დავები შეეხო მოლდოვასაც, რომელიც ასევე იხილავს ევროკავშირთან შეთახმების შესაძლებლობას. ამ კვირაში რუსეთის ვიცეპრემიერი მოლდოვაში გაემგზავრა, რათა მისი ხელისუფლება გაეფრთხილებინა, რომ ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერა შეამცირებს მისთვის დნესტრისპირეთის ირგვლივ კონფლიქტის მოგვარების შანსებს. (დნესტრისპირეთი მოლდოვის სეპარატისტული რეგიონია, რომელიც რუსეთის გავლენის ქვეშ არის).

ბელარუსთან დაკავშირებული სიტუაცია ცოტა განსხვავებულია. ევროპის ყველაზე ავტოკრატიულ რეჟიმს ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმების არანაირი შანსი არ აქვს. გარდა ამისა, ბელარუსი უკვე არის საბაჟო კავშირის წევრი. როგორც ჩანს, მან ის დააშავა, რომ ჩინეთს დახმარება სთხოვა, მისი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კი მრავალი წლის განმავლობაში პუტინს არ მიაგებს სათანადო პატივს, ისეთს, როგორსაც ეს უკანასკნელი ელის ვასალებისაგან.

მიუხედავად ამისა, ზემოქმედების მეთოდები იგივეა. ივლისში, რუსულმა გიგანტმა „ურალკალიუმმა“ დატოვა საექსპორტო კარტელი, რომელშიც ის „ბელარუსკალიუმთან“ ერთად იყო. ფასები კალიუმზე (ბელარუსის ექსპორტის საკვანძო ელემენტი) მკვეთრად დაეცა.

გასულ კვირაში, ბელარუსმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა და მინსკში „ურალკალიუმის“ ხელმძღვანელი დააკავა. მოსკოვმა უმალ ნავთობის ექსპორტის მოცულობა შეამცირა მინსკში და შეზღუდა ბელარუსიდან რძის ნაწარმის და ღორის ხორცის იმპორტი.

მეზობლებთან ურთიერთობებში დაძაბულობის ზრდა ადასტურებს იმას, რომ პუტინი უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რეინტეგრაციას. ევრაზიულ კავშირს მის საგარეო პოლიტიკაში ცენტრალური ადგილი უკავია.

მიუხედავად ამისა, ამავდროულად, ეს დავები ხაზს უსვამს რუსეთის „რბილი პოლიტიკის“ ზღვარს მოძმე სლავურ სახელმწიფოებშიც კი, რომელსაც ის საკუთარ გაგრძელებად მიიჩნევს (თუმცა, ასეთი დამოკიდებულებაც, შესაძლოა, პრობლემის ნაწილია). მათი ურთიერთობები, როგორც ჩანს, თაფლაკვერზე მეტად, მათრახის პოლიტიკას უფრო ეფუძნება.

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ბიზნესმენების და ანალიტიკოსების აზრით, გარდა იაფი ენერგორესურსებისა, რომელიც ხშირად გამოიყენება ზეწოლის ბერკეტად, რუსეთს მეზობლებისთვის ფაქტობრივად სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია. ისინი ამრეზით უყურებენ რუსეთის ლაპარაკს სახელმწიფოთაშორისი წარმოების გაერთიანებაზე, წარმოების, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ნაწილებად დაიშალა.

სსრკ-ის კრახის შემდეგ 1991 წელს, უკრაინამ და ბელარუსმა უკვე მოასწრეს ეგრძნოთ თავი სუვერენულ სახელმწიფოებად, მიუხედავად იმისა, რომ მათი ავტორიტარი ლიდერების მართვის სტილი, რომლებიც საბჭოთა იდეოლოგიის ფარგლებში აღიზარდნენ, პუტინის სტილისგან დიდად არ განსხვავდება.

მოსკოვმა თავისი ძალისმიერი დიპლომატიით გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. აბსოლუტურად აუბნია რა გზა-კვალი ევროკავშირის ჩინოვნიკებს, რომლებმაც ივლისში დაასრულეს სომხეთთან მოლაპარაკებები ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმების თაობაზე, 3 სექტემბერს, მოსკოვში მყოფმა სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერევანი საბაჟო კავშირში გაწევრიანებას აპირებს. ასეთ ტაქტიკას შეიძლება ძალიან სამწუხარო შედეგები მოჰყვეს.

უკრაინაში, იანუკოვიჩის მართვის ავტორიტარულმა სტილმა საფრთხე შეუქმნა ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც ნოემბერშია დაგეგმილი. თუმცა, მოსკოვის აგრესიულმა ქმედებებმა კიევის წინააღმდეგ, გარკვეულწილად შეამსუბუქა ევროპელების დამოკიდებულება და, დიპლომატების თქმით, შეთანხმების ხელმოწერის საკითხი შეიძლება გააქტიურდეს უკვე ამ კვირაში, „დიდი ოცეულის“ სამიტის მიმდინარეობის დროს.

ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ შეწყვიტა უკრაინული რეჟიმისგან იულია ტიმოშენკოს (ყოფილი პრემიერმინისტრი და იანუკოვიჩის მტერი, რომელიც 2011 წელს, საკმაოდ საეჭვო ბრალდებების საფუძველზე დააპატიმრეს) გათავისუფლების მოთხოვნა. გასულ კვირაში, ერთმა უკრაინელმა ოპოზიციონერმა იხუმრა, რომ პუტინს უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის ჯილდო ეკუთვნის.

თუკი პუტინი ნოემბრისთვის ვერ გამონახავს მათრახთან ერთად უფრო გემრიელ თაფლაკვერებს, მან შეიძლება ყველა მეგობარი დაკარგოს.

foreignpress.ge