„ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ბრალდებულ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ჰოსპიტალში მოთავსებას არ საჭიროებს“ - ასეთია კონსილიუმის დასკვნა. ბრალდებულ მერაბიშვილის ადვოკატი ირწმუნება, რომ ე.წ. მატროსოვის ციხის ბინადარს გულთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ადვოკატის ინფორმაციით, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
ყოფილ პრემიერ-მინისტრთან სამოქალაქო სექტორის ექიმები შევიდნენ. ჯოენის კლინიკის ექიმმა გრიგოლ ხურციძემ მერაბიშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილმა დაკავების შემდეგ წონაში 17 კგ დაიკლო და იგი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში დამატებით გამოკვლევებს საჭიროებს. ექიმ გრიგოლ ხურციძის ინფორმაციით, მერაბიშვილს წონაში კლებასთან ერთად ხერხემლის პრობლემები, ასევე გულის არითმია აწუხებს.
მერაბიშვილის ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში სამოქალაქო ჯანდაცვის ექიმ-სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა კონსილიუმმა მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მას ბოლო კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები სამოქალაქო ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ მიმდინარე წლის ივლისში ჩაუტარდა, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ ერთხელ გადამოწმდა.
კონსილიუმში მონაწილეობდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, თერაპევტი და კარდიოლოგი შალვა პეტრიაშვილი, დაწესებულების მთავარი ექიმი ირაკლი მურჯიკნელი და აშშ-სა და საქართველოში მოღვაწე ექიმი-თერაპევტი, ჰოსპიტალისტი გრიგოლ ხურციძე, რომელიც ბრალდებულის ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირია. მერაბიშვილს განმეორებით ჩაუტარდა გამოკვლევები. შეფასდა მის სამედიცინო ისტორიაში არსებული ანამნეზური და კლინიკური მონაცემები.
ექიმებმა მოამზადეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის ჰოსპიტალში მოთავსებას არ საჭიროებს. რაც შეეხება რეკომენდებულ, დამატებით ამბულატორიულ გამოკვლევებს, ბრალდებულს ყველა გამოკვლევა გეგმიურად ჩაუტარდება ელექტრონულ პროგრამაში დარეგისტრირებული მოთხოვნის საფუძველზე.
სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი განმარტავს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, ბრალდებულის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველა კითხვა აბსოლუტურად ხელოვნური და შეგნებულად გამწვავებული იყო ადვოკატების მიერ.
„ვანო მერაბიშვილი ჯანმრთელობას არ უჩივის. გამოკვლევები მანამდეც არაერთხელ ჩატარებულა. თუ მისი თანხმობა იქნება უფრო დაწვრილებითი გამოკვლევებისთვის მზად ვართ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუ რაიმე დაავადებაზეა საუბარი, არის ის, რაც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს ბავშვობიდან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს ხერხემალი, სხვა განსაკუთრებული არ არის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მიუხედავად ექიმების დასკვინისა, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობს უმძიმესად აფასებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის წევრი გიგი წერეთელი ამტკიცებს, რომ მერაბიშვილს გადაადგიელბა უჭირს. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მიმართ. წერეთელი ირწმუნება, რომ მერაბიშვილს თავისი ჯანმრთელობის გამო შესაძლოა გაუჭირდეს სასამართლო პროცესებზე დასწრება.
„იმის თქმა, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არანაირ გამოკვლევას, ან დამატებით მკურნალობას არ საჭიროებს, ან ის არაფერს არ უჩივის უბრალოდ არის ტყუილი. იმიტომ, რომ ამ კონსილიუმის შედეგად დადგინდა გულის მხრივ საკმაოდ საფრთხის შემცველი დაავადება, რითმის დარღვევის ერთ-ერთი ფორმა.
გარდა ამისა, ძალიან მწვავე ტკივილი ხერხემალზე. ამიტომ, ჩენი მოთხოვნა იქნება, რომ სწრაფად, რაც შეიძლება დროის მოკლე მონაკვეთში ჩატარდეს ყველა გამოკვლევა და გარდა ამისა, სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს თბილისში, იმისათვის, რომ არ მოხდეს მისი ხშირი ტრანსპორტირება“, - აცხადებს გიგი წერეთელი.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ მერაბიშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია, ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობას უთმობენ ტრიბუნას სახალხო პარტიის წევრები. სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცდილობა, გაავლონ პარალელები უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრისა და ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შორის. ტიმაშენკოსთან ანალოგების გავლების თემა ტრიალებს ყოფილი მართველი გუნდის რიტორიკაში, რაც ექსპერტების განცხადებით, არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს მერაბიშვილისგან შექმნას ტიმოშენკო, თუმცა განსხვავება პატიმრობაში მყოფ ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს შორის მარტივი დასანახია - ტიმოშენკოს შემთხვევაში არსებობს ექიმის დიაგნოზი, ხოლო მერაბიშვილის შემთხვევაში საუბარია მის სიგამხდრეზე, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს კვების რეჟიმის შეცვლით ან ნერვიულობით, რაც ალბათ მისივე თქმით ახლავს ბრალდებულ მერაბიშვილის მდგომარეობას.
„სახეზეა ტიმოშენკოს სცენარის გათამაშების მოტივი. მითუმეტეს, რომ ეს ვერსია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს არაერთხელ აქვთ ნათქვამი, რომ დასავლეთი კრიტიკული იქნება საქართველოს მთავრობის მიმართ, ისევე როგორც ტიმოშენკოს გამო არის კრიტიკული უკრაინის ხელისუფლების მიმართ. ტიმოშენკოსთან ანალოგების გავლების თემა სულ ტრიალებს „ნაციონალური მოძარაობის“ რიტორიკაში. მაგრამ ეს მცდელობა არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ტიმოშენკოს შემთხვევაში არსებობდა დიაგნოზი, მერაბიშვილის შემთხვევაში - არა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
შეძლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შერყეულია, პოლიტოლოგის განმარტებით, ეს იმაზეა დამოკიდებული ვინ იქნება ამგავრი რიტორიკის მსმენელი.
„ვინც მონდომებულია დაიცვას ეს მოდელი, მოკიდებს ხელს ამ არგუმენტს. ვინც ნეიტრალურია მას ალბათ გაუჩნდება კითხვები გაუჩნდება. უმრავლესობა მერაბიშვილის ტიმოშენკოსთან გაიგივების სცენარს მხარს არ დაუჭერს. თუკი ტიმოშენკოს უსუსური ვერსია შეიძლება გათამაშებულიყო, რომ ის ნაზია ქალია, ამ ვერსიის გათმაშება - ნაზი მერაბიშვილი არ გამოდის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჭირდება მერაბიშვილისგან ტიმოშენკოს შექმნა, ვინაიდან ტიმოშენკოს შემთხვევაში არაა ძალადობა, მერაბიშვილის შემთხვევაში სახეზეა 3 ძალიან დიდი ძალადობა - სანდრო გირგვლიანი, 7 ნოემბერი და 26 მაისი.
„არაფერს ვამბობ სისტემურ დანაშაულზე, პოლიციის ძალადობაზე და სხვა უმძიმეს ბრალდებებზე. მერაბიშვილი პირდაპირ დაკავშირებულია ძალადობასთან. ტიმოშენკოს შემთხვევაში ეს ასე არაა. კი ცდილობენ მისგან ტიმოშენკოს შექმნას, მაგრამ ძალიან რთულია. ის, რაც მერაბიშვლმა გააკეთა, მითუმეტეს თავად ამბობდა, რომ მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელიო და ტიმოშენკოს მსგავსი არ გაუკეთებია. მას ედავებიან კორუფციულ დანაშაულს, კორუფციის შედარება ამ სამ უმძიმეს დანაშულთან შეუძლებელია“, - ამბობს შათირიშვილი.
მისივე თქმით, ყოფილი მართველი ძალა იბრძვის იმისთვის, რომ მერაბიშვილსიგან შექმნან ტანჯული ტიმოშენკო, ამაში მათ მხარს უჭერს ევროპის სახალხო პარტია.
„მაგრამ გირგვლიანი, 7 ნოემბერი და 26 მაისი, რა უნდა უქნან, ძალიან რთული სათქმელია. იმიტომ, რომ პირდაპირ ძალადობასთან არის დაკავშირებული და ეს ძალადობა რეჟიმის მიერ იყო გამართლებული, თვითონაც არ უარყოფენ, რომ ძალადობა იყო. მოდელი ერთი და იგივეა, პირდაპირ გადმოაქვთ, მაგრამ არ მუშაობს ეს პროცესი, ძალიან რთულია.
ტიმოშენკოს გირგვლიანი არ მოუკლავს, 26 მაისი და 7 ნოემბერი არ მოუწყვია მისი ხალხისთვის. აბსოლუტურად ყვენა მეთოდებით ცდილობენ მერაბიშვილის გატიმაშენკობას, მაგრამ ძალიან რთულია. იმიტომ, რომ უკრაინის ყოფილ პრემიერს არ გაუკეთებია ის რაც გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზაზა შათირიშვილი