უკრაინაში, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების გამო, შავი ზღვის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა. ტესტების შედეგების მიხედვით, ოდესასთან ახლოს, ზღვის მარილიანობა თითქმის სამჯერ არის დაკლებული, რაც კაშხლის განადგურების გამო, ზღვაში მტკნარი წყლის შესვლით იხსნება.
რუსეთის მიერ კაშხლის განადგურებით გამოწვეული ტექნოგენური კატასტროფა შავი ზღვის რეგიონს გრძელვადიანი გამოწვევებითაც ემუქრება. შექმნილია ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურების საფრთხე და ინფექციების მატების რისკი, რის გამოც წლევანდელ სეზონზე კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხოა შავ ზღვაზე დასვენება და ბანაობა, საზოგადოების მხრიდან გააქტიურებულია.
გარემოს ეროვნული სააგენტომ უკვე ჩაატარა პირველადი ლაბორატორიული კვლევა, რომლის მიხედვითაც შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო აუმჯობესებს მონიტორინგის სისტემებს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 9 სადგურზე ყოველთვიურად აწარმოებს, რითიც ისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე, წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა. ხორციელდება მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერისპირა ფენაში.
ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო აუმჯობესებს მონიტორინგის სისტემებს. ამ ეტაპზე, უკვე შეძენილია თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიული ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც მაღალი სიზუსტით განისაზღვრება სპეციფიური დამაბინძურებლები. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
განსხვავებულად უყურებენ შექმნილ ვითარებას სპეციალისტები. ნაპირდაცვის პრობლემების შემსწავლელი მეცნიერი ნოდარ წივწივაძე არ გამორიცხავს, რომ შავ ზღვაში მოხვდება დიდი ოდენობით ტოქსიკური ნივთიერებები, საწვავი, ზეთები და ცხოველთა ლეშის ბაქტერიები, რაც შავი ზღვის სანაპირო ზოლს მნიშვნელოვნად დააბინძურებს, გამოიწვევს ინფექციების გავრცელებას, მათ შორის საქართველოშიც. გამორიცხული არ არის, იმდენად დაბინძურდეს წყალი, შავი ზღვის სანაპიროები დაიკეტოს და ვერ მოხერხდეს საზაფხულო რეკრეაციული საქმიანობის განვითარება, ეს ტურისტულ სეზონსაც დააზარალებს, თუმცა ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ვარაუდია.
„ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფის ოპერატიულ მუშაობაზე, რამდენად სწრაფად მოახდენენ რეაგირებას და შეატყობინებენ დამსვენებლებსაც და ადგილობრივ მოსახლეობასაც. ვერაფერს ვერაფრით ვერ განვაზავებთ, ზღვა თვითონ წმინდავს, არაა პრობლემა, გააჩნია, როგორია დამაბინძურებელი, აქ ცოტა სხვადასხვა გრადაციებია და ამიტომ ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, რამდენ ხანში მოხდება გაწმენდა“, - განაცხადა წივწივაძემ.
„საქართველოში მწვანეთა მოძრაობის“ დამფუძნებელი ნინო ჩხობაძე კი აღნიშნავს, რომ საქართველო ამ ეტაპზე რისკის ზონაში არ არის, რადგან დინება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მიედინება. საქართველოს ტერიტორიამდე კაშხლის აფეთქების გავლენამ, შესაძლოა, 5-6-თვიან პერიოდში მოაღწიოს, თუმცა სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ამ პერიოდამდე შავი ზღვა ჯანსაღი ეკოსისტემის გათვალისწინებით, ბალანსის აღდგენას მოახერხებს.
„ზოგადად შავ ზღვაზე საფრთხე არსებობს, ექვსივე ქვეყანა დარტყმის ქვეშ მოჰყვა, მაგრამ ამ სეზონზე ჩვენ რამდენადაც ვხვდებით, დარტყმის ქვეშ არ ვართ, ვინაიდან დინება მიდის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ჩვენთან არის ყველაზე მეტად სუფთა წყალი შავი ზღვის სანაპიროზე და ამაზე მეტყველებს თევზჭერაც. იცით, რომ თევზი ბინადრობს მხოლოდ სუფთა გარემოში და ამ ეტაპზე თევზი შემოდის ჩვენს ტერიტორიულ წყლებში.
ეს იმას მაინც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფერი გვემუქრება. არსებობს შავი ზღვის დაცვის კონვენცია და მან უნდა გადაწყვიტოს, რა კონკრეტული დავალებები უნდა მიეცეს ქვეყნებს და როგორ უნდა ვიმუშაოთ.
სპეციალისტებმა თავიდანვე ვიცოდით, რომ ნაკადი წავიდოდა ოდესისკენ და არა ჩვენკენ და ეს დადასტურდა ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ. ამიტომ სანამ რამეს ამ საფრთხეებზე ვიტყვით, კარგად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რას ვამბობთ. მწვანე მასა გამოჩნდა, ანუ რაც მოგლიჯა წავიდა ოდესისკენ და ოდესასაც იმედი აქვს, რომ ძალიან მალე წავა ის რუმინეთისკენ. მტკნარი წყლის მარაგი დიდი რაოდენობით შევიდა და დაეცა მარილიანობა, თუმცა ეს ისევ და ისევ იმ სანაპიროს მხარეს, ჩრდილოეთისკენ.
შავი ზღვის მარილიანობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ბაქტერიოლოგიური დაბინძურება არ გავრცელდეს, ამას აქვს მნიშვნელობა. მტკნარი წყლის ნაკადები შედიოდა ზღვაში, დნეპრიც თავის დროზე შედის ზღავში, უბრალოდ ახლა ერთბაშად მოხდა და ბალანსირებას ზღვა მოახდენს, თუმცა ამას დაკვირვება სჭირდება.
საშუალოდ 5-6-თვიანი პერიოდია საჭირო, რომ დინება ჩვენკენ წამოვიდეს, თუ იქამდე მოაღწია საერთოდ. შავი ზღვის ეკოსისტემა იმდენად ძლიერია, ის ერევა იმ ნარჩენებს, რასაც ჩვენ თვითონ ვყრით მდინარეებში“ - განმარტა ნინო ჩხობაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში.
მწვანეთა მოძრაობაში ინფექციების გავრცელების რისკებზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მაღალი ტემპერატურის პირობებში უკრაინის ტერიტორიაზე ინფექციების გავრცელებაა მოსალოდნელი.
რისკებს შორის ასევე განიხილება საბრძოლო ტექნიკის ზღვაში დიდი რაოდენობით მოქცევაც.