ოც წელზე მეტი ხნის წინ, როდესაც მსოფლიო საბჭოთა კავშირისა და მისი სოციალისტური ეკონომიკის კოლაფსის, და თავისუფალი ბაზრისა და დემოკრატიის ტრიუმფის მოწმე გახდა, ამერიკელმა პოლიტოლოგმა ფრენსის ფუკუიამამ იწინასწარმეტყველა, რომ ლიბერალიზმი ყველა სხვა კონკურენტ იდეოლოგიას დაამარცხებდა. მაგრამ ექსკლუზიურ ინტერვიუში „რადიო თავისუფლების“ ბელარუსის ოფისთან, ფუკუიამა განმარტავს, რომ დემოკრატიზაცია აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში იოლად არ მკვიდრდება.
რომელი სოციოპოლიტიკური პროცესი მიგაჩნიათ აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში ყველაზე არსებითად და მომავლის განმსაზღვრელად?
სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ დიდი ნაწილი იმ მოვლენებისა, რაც უახლოეს წარსულში მოხდა, უარყოფითი იყო. მაგალითად, რუსეთში, მას შემდეგ რაც [ვლადიმერ] პუტინი პრეზიდენტი გახდა, დემოკრატიისგან მტკიცე უკანდახევა გვაქვს. და დრო რაც უფრო გადის, რუსეთი მით უფრო ნაკლებად დემოკრატიული ხდება. არ არის თავისუფალი კონკურენცია პოლიტიკურ ძალებს შორის; ინფორმაციას, გამოხატვის თავისუფლებას ახშობენ…
უკრაინის ვითარება განსაკუთრებული იმედგაცრუების საგანია. 2003 წელს მას თითქოს მართლაც ჰქონდა შანსი რეალური დემოკრატია გამხდარიყო. მაგრამ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ბოლო არჩევნებიდან [2010 წლიდან] დღემდე, ეს უკანასკნელი იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ მართლაც ავტორიტარული ინსტინქტები აქვს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ რეგიონში არსებული ბევრი ტენდენცია დემოკრატიისთვის კარგი არ არის.
რატომ აღმოჩნდა ამდენი პოსტსაბჭოთა ქვეყანა დიქტატურის საფრთხის ქვეშ?
რამდენიმე მიზეზია. პირველი არის ის, რომ გარდამავალი პერიოდი და დემოკრატიის შექმნის მცდელობა ძალიან ქაოტური იყო, და მიმაჩნია, რომ თავად დემოკრატიული ძალები არ იყვნენ ერთიანნი და შეცდომები დაუშვეს. მაგალითად, უკრაინაში, ნარინჯისფერი კოალიცია შიგნით გაიხლიჩა და მართვის თვალსაზრისით არ იმუშავეს.
მაგრამ, კიდევ უფრო ღრმა და სერიოზული პრობლემაა ძლიერი ინსტიტუტების არარსებობა ჯერ კიდევ საბჭოთა, კომუნისტური დროიდან. იქ არ არის პოლიტიკური პარტიები, არ არის სამოქალაქო საზოგადოება, ან არის ძალიან სუსტი სამოქალაქო საზოგადოება. მათ ჰქონდათ სახელმწიფო, რომელიც ძლიერი იყო რეპრესიული ძალაუფლების თვალსაზრისით, მაგრამ არ გააჩნდა მოსახლეობის მომსახურების უნარი და ვერ მოქმედებდა მაღალი დონის კორუფციის გარეშე; კანონის უზენაესობა ძალიან სუსტი იყო. ამიტომ, თუკი თქვენ შეადარებთ ყოფილ კომუნისტურ სამყაროს, მაგალითად, ლათინურ ამერიკასაც, რომელიც ასევე იყო დიქტატურის ქვეშ 1960-1970-იან წლებში, იქ ცოტა რამ თუ იყო, რაზეც დაშენება შეიძლებოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მსგავსი რამ მომავალში არ მოხდება, მაგრამ ამ ინსტიტუტების მშენებლობა ძალიან რთულია და ამას დრო დასჭირდება.
შეგიძლიათ გვითხრათ ზოგიერთი იმ შეცდომის შესახებ, რომელიც შეერთებულმა შტატებმა რეგიონში დაუშვა?
ვფიქრობ, შეცდომები იყო, როგორც პოლიტიკის, ასევე ყურადღების თვალსაზრისით. რაც შეეხება პოლიტიკას, ბევრი ამერიკელი ფიქრობდა, რომ თუკი თქვენ უბრალოდ მოიშორებდით დიქტატურას, მიიღებდით ქმედით დემოკრატიას. მიმაჩნია, რომ არ იყო ადეკვატური ყურადღება ინსტიტუტების მშენებლობის საჭიროების მიმართ, რაც დემოკრატიის მხარდაჭერას უზრუნველყოფდა.
ჩემი აზრით, შეერთებულმა შტატებმა მეტ წარმატებას მიაღწია, კერძოდ, რუსეთში, უფრო ძლიერი დემოკრატიის კონსოლიდაციის მხარდაჭერის მხრივ ადრეულ 1990-იან წლებში. შემდეგ, საგარეო პოლიტიკის მხრივ, ბევრმა რუსმა შეაქცია ზურგი აშშ-ს ნატოს გაფართოების გამო… დღეს ეს სადავოა, რადგან აღმოსავლეთ ევროპაში ამისკენ ძალიან მიისწრაფოდნენ, თუმცა რუსები ამან დასავლეთის განზრახვების მიმართ უფრო სკეპტიკურად განაწყო.
თქვენ ამბობთ, რომ რუსეთმა დემოკრატიისგან უკან დაიხია. ის ფაქტი, რომ ეს ქვეყანა გარშემო იკრეფს ავტორიტარულ ქვეყნებს და მხარს უჭერს მათ, ემსახურება თუ არა მისი პირადი ავტორიტარული ტენდენციების განმტკიცებას?
დიახ, ვფიქრობ, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული იმით, რომ ჯანსაღი დემოკრატია ჰქონდეს საკუთარ საზღვრებთან, რადგან ეს არასწორი სიგნალი იქნება მისი მოსახლეობისთვის. ამიტომ, შესაძლოა სწორია ის, რომ რუსეთს ურჩევნია სხვა ავტორიტარი მეზობლებით იყოს გარშემორტყმული. ჩვენ ვხედავთ აქტიურ თანამშრომლობას რუსეთს და სხვა დიქტატურებს შორის. ისინი ცდილობენ ერთიანი სავაჭრო ზონის და ეკონომიკური სივრცის შექმნას ენერგეტიკული და სატრანსპორტო პოლიტიკის საშუალებით.
უცხოეთი მთელ ყურადღებას უთმობს დიდწილად რუსეთს. უფრო გონივრული ხომ არ იქნებოდა, მეტი სისტემატიურობით და ყურადღებით მეზობელი ქვეყნების დემოკრატიული გარდაქმნების მხარდაჭერა?
შეერთებული შტატები მართლაც მხარს უჭერს გარკვეული დოზით დემოკრატიას, მაგრამ ამან, როგორც მოგეხსენებათ, ყველა იქაური მთავრობის მხრიდან გამოიწვია რეაქცია, რაც ისეთი კანონების მიღებაში გამოიხატა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს ფულის მიღებას უკრძალავს. უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არსებობს, რომ ისინი ნატოში უნდა გაწვრიანდნენ. ვფიქრობ, პრინციპში ეს კარგი იდეაა.
მაგრამ, პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს ნამდვილად არ არის ბრძნული რამ, რადგან ნატო რეალურად სამხედრო ალიანსია, რომელიც ყველა მის წევრს ავალდებულებს ომში ჩაბმას, თუკი მის ერთ-ერთ წევრს თავს დაესხმებიან. ამიტომ პრაქტიკის დონეზე არცერთი ამ ქვეყნის მიღება ალიანსში რეალისტური არ არის. ევროკავშირი სხვა საქმეა, რადგან ის სამხედრო ბლოკი არ არის.
ამდენად, ვფიქრობ, რომ ევროპელებს შეუძლიათ ინსტიტუტების რეფორმების წახალისება ყველა ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით უკრაინაში, რათა მათ უფრო დემოკრატიული მიმართულებით უბიძგონ. თუმცა, საბოლოო ჯამში, მიმაჩნია, რომ სამყაროს ამ ნაწილში როგორც შეერთებული შტატების, ასევე ევროპის ბერკეტები შეზღუდულია.
რატომ არ სთავაზობს ევროკავშირი უკრაინას და ბელარუსს ბლოკის წევრობას?
ვფიქრობ, მიზეზი საკმაოდ ცხადია. ბევრი ევროპელის აზრით, ევროკავშირი ძალიან სწრაფად გაფართოვდა. მათ ალბათ არ უნდა მიეღოთ თავის რიგებში საბერძნეთი, ყოველ შემთხვევაში ევროზონაში მაინც. დღეს, ბევრს მიაჩნია, რომ ბულგარეთის და რუმინეთის მიღებაც ნაადრევი იყო, რადგან გაწევრიანებისთანავე მათი მაჩვენებლები კორუფციის და ინსტიტუტების ფუნქციონირების თვალსაზრისით გაუარესდა. იმ კომპრომისის თანახმად, რომელზე წასვლაც უწევთ ევროპელებს საგარეოპოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, უკეთესია არსებობდეს დიდი ევროკავშირი და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ჰქონდეს მასში გაწევრიანების მოტივაცია. მაგრამ თავად ევროკავშირის სიჯანსაღისთვის, პატარა ევროკავშირის მხარდაჭერა უფრო იოლია, რადგან ასეთ დროს ადვილია მაღალი სტანდარტების შენარჩუნება ბლოკის შიგნით. მათ ამ ორი წინააღმდეგობრივი რამის დაბალანსება უწევთ.
რას იტყვით საშუალო კლასის როლზე დემოკრატიულ გარდაქმნებში და განსხვავდება თუ არა მკვეთრად ამ რეგიონის საშუალო კლასი, მაგალითად, თურქეთის ან ბრაზილიის იმავე ფენისგან?
საშუალო კლასი ერთნაირად მოქმედებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, ამიტომ, არ მგონია, რომ ის ფუნდამენტურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან ბელარუსში, რუსეთში, ჩინეთში, ბრალიზიაში ან თურქეთში. რაც უფრო განათლებულია ხალხი, მით მეტი აქტივი აქვს – აქვს საკუთარი სახლი, ატომანქანა და ა.შ. ისინი უფრო დაინტერესებულნი არიან პოლიტიკით, მათი ფასეულობები იცვლება, უფრო გახსნილები არიან გარე გავლენისთვის და ა.შ., მაგრამ ძალიან არიან დამოკიდებულნი პერსონალურ გამოცდილებაზე.
მაგალითად, რუსეთში, უამრავი საშუალო კლასის წარმომადგენელი ცხოვრობდა 1990-იან წლებში [პრეზიდენტ ბორის] ელცინის მმართველობის დროს და მათთვის ეს დრო ეკონომიკურ ქაოსთან და საგარეო მოწყვლადობასთან ასოცირდება. ისინი იმ პერიოდის ცუდ ასოციაციებს დემოკრატიას უკავშირებენ, ამიტომ ბევრმა საბოლოოდ პუტინს დაუჭირა მხარი.
თუმცა, ხანგრძლივ პერსპექტივაში, უამრავი რამ ადასტურებს იმას, რომ როგორც კი ეს მოგონებები ქრება და ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ ქვეყანა სტაბილურია და ეკონომიკაც შედარებით ნორმალურად ვითარდება, ისინი ინტერესდებიან პოლიტიკით, მეტი თავისუფლებებით, მეტი ინდივიდუალური არჩევანის შესაძლებლობით ცხოვრებაში, და აღარ ეგუებიან იოლად ავტორიტარულ მთავრობას. მაგრამ ავტომატურად ეს ვერ ხდება. თუკი შენ შემოსავლების ან განათლების საკმარისი დონე გაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად პროდემოკრატიული ხდები. ეს გაცილებით რთული რამაა.
ჩინეთზე როგორ აისახება ეს ცვლილებები?
ვფიქრობ, ჩინეთს და ჩინურ მოდელს რთული პერიოდი ელის მომდევნო 10 წლის განმავლობაში, რადგან ეკონომიკური მოდელი ისე კარგად ვეღარ მუშაობს, როგორც წარსულში. ზრდის ტენდენცია შენელდა. თავად ჩინეთს ახლა დიდი საშუალო კლასი ჰყავს, და მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდწილად რეჟიმის მხარდამჭერები არიან, არ მგონია, ეს გაგრძელდეს ეკონომიკის შენელების ფონზე. ამიტომ, ჩემი აზრით, 10 წლის შემდეგ ჩინეთი იმაზე ნაკლებად მიმზიდველი ალტერნატივა იქნება დასავლური დემოკრატიისა, ვიდრე დღეს არის.
საკუთარ ანალიზში, თქვენ ხშირად ახსენებთ პუტინს და იანუკოვიჩს, მაგრამ არასდროს ახსენებთ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს. ეს ტენდენციაა. თქვენ არ ხართ ერთადერთი მკვლევარი, რომელიც ბელარუსს საკუთარი ანალიზიდან გამორიცხავს. რატომ?
ვფიქრობ, მიზეზი ის არის, რომ რუსეთშიც და უკრაინაშიც რეალური დემოკრატიის განვითარებაზე მეტი იმედი არსებობდა კონკრეტული მომენტისთვის. როდესაც პუტინმა ელცინი შეცვალა, ბევრი ადამიანი იმედოვნებდა, რომ შეიძლება მას რუსეთში წესრიგი გარკვეული დოზით შეეცვალა, მაგრამ ის მაინც დემოკრატი იქნებოდა. ანალოგიური განცდა არსებობდა უკრაინაზეც ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ. ადამიანებს დიდი იმედები გაუჩნდათ.
სამწუხაროდ, ბელარუსს დღეს იგივე ადამიანი მართავს, რომელიც მართავდა მას კომუნიზმის დამარცხების შემდეგ. ანუ ეს არის ქვეყანა, სადაც არ ყოფილა მომენტი, როდესაც შეიძლებოდა გეფიქრა, რომ ცვლილება რეალურად მოსალოდნელი იყო, როგორც ეს გარკვეულ მომენტში მოხდა რუსეთშიც და უკრაინაშიც.
მე მყავდა ბელარუსი სტუდენტები, ველაპრაკები ადამიანებს ამ ქვეყნიდან და ვცდილობ გავიგო, რატომ წავიდა ეს ქვეყანა ასეთი გზით, განსხვავებით რუსეთისა და უკრაინისაგან, მაგრამ პასუხი დღემდე არ მაქვს.
foreignpress.ge