კონსტიტუცია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, ელჩების დამტკიცებაში პარლამენტის როლს არ ითვალისწინებს. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ აღნიშნული კანონის ახალ კონსტიტუციურ დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანას უკავშირდება, დიპლომატიური სამსახურების ხელმძვანელ პირებს პრეზიდენტი და მთავრობა, პარლამენტის გვერდის ავლით დანიშნავს და მოხსნის. დაგეგმილი ცვლილებების ავტორი და ინიციატორი საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლები თედო ჯაფარიძე და ანი მიროტაძე არიან. კომიტეტისთვის კანონპროექტი მიუღებელია, თუმცა იძულებულია მხარი დაუჭიროს.
სადღეისოდ მოქმედი კანონით, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პრეზიდენტი თანამდებობაზე პარლამენტის თანხმობის მიღების შემდეგ, ათი დღის ვადაში ნიშნავს, ხოლო თანამდებობიდან ანთავისუფლებს საგარეო საქმეთა მინისტრის წარდგინებით. პარლამენტში ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით კი, ელჩებს პრეზიდენტი დანიშნავს და მოხსნის მთავრობის წარდგინებით. კანონპროექტის მიხედვით, დიპლომატების დამტკიცების საქმეში პარლამენტი აღარ ერევა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ პარლამენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია სწორედ საგარეო პოლიტიკის ზედამხედველობაა, ხოლო ელჩები ის თანამდებობის პირები არიან, რომლებიც ამას უშუალოდ ანხორციელებენ. საკითხზე მსჯელობისას, დეპუტატების მხრიდან რამდენჯერმე ითქვა, რომ ელჩებთან მიმართებაში კონსტიტუციიდან პარლამენტის ამოღების გადაწყვეტილება, მათთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის ფუნდამენტური გადახედვის მიზნით, შესაბამისი სახელმწიფო კომისია მუშაობას დაიწყებს, ეს ერთ-ერთი საკითხი უნდა იყოს, რომელიც აუცილებლად გადაიხედება და შეიცვლება. მისივე თქმით, შესაბამისი წინადადებით საკონსტიტუციო კომისიას თავად კომიტეტიც მიმართავს.
ჩიქოვანის განმარტებით კომიტეტი გეგმავს, მოამზადოს კანონპროექტი ან შეთანხმება მიაღწიოს მთავრობასთან იმის შესახებ, რომ ვიდრე ელჩების კანდიდატურები პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინება, პარლამენტის წევრებს, თუნდაც მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დონეზე, მათთან შეხვედრის და მოსმენის შესაძლებლობა მიეცეს.
რატომ იქნა კანონში ეს ცვლილება ინიცირებული?
ირაკლი ჩიქოვანი: როგორც აღმოჩნდა, კონსტიტუციაში არსებობდა დებულება, რომელიც განსაზღვრავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას და იქვე მითითებულია, რომ ერთ-ერთი ასეთი უფლებამოსილება არის ელჩის დანიშვნა. დებულებაში მითითებულია, რომ ელჩებს ამტკიცებს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით. რა თქმა უნდა ეს არის არასწორი. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მიმართული იყო პარლამენტის, როგორც საკანომდებლო ორგანოს დაკნინებაზე, ეს იყო დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც გააჩნდა წინახელისუფლებას პარლამენტის მიმართ.
ეს ცვლილებები რომ არ ყოფილიყო ინიცირებული, უბრალოდნ კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ იქნებოდა არაკონსტიტუციური და, აქიდან გამომდინარე, ჩვენ ვერაფერს ვერ შევძლებდით. არასწორია, მაგრამ კომიტეტის და მთლიანად პარლამენტის პოზიციაა, რომ ეს არის დროებითი მოვლენა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოსწორებული მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყებთ მუშაობას კონსტიტუციურ რეფორმაზე, რომელზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ.
კომიტეტი და ზოგადად პარლამენტი ამ კანონპროექტის წინააღმდეგი იყო, თუმცა ამის მუხედავად, იძულებული გახდით ამ კანონპროექტისთვის მხარი დაგეჭირათ. რატომ, მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილმა მართველმა გუნდა დებულებაში ჩადო ეს მუხლი?
- რა თქმა უნდა. ეს წერია კონსიტუციაში და სხვანაირად ვერ მოიქცეოდა კომიტეტი, ვინაიდან მაშინ შეეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას. ერთად-ერთი მიზეზი რატომაც მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს იყო ის, რომ კანონი კონსტიტუციასთან ყოფილიყო შესაბამისაობაში. გვინდა თუ არ გვინდა, პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ეს კონსტიტუცია ძალაში შედის. მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზეზით დაუჭირა კომიტეტმა მხარი და სხვა არაფერი.
ეს ცვლილება არ აკნინებს იმ ელჩების ფუნქციას, რომლებიც პარლამენტის მიერ არიან დამტკიცებულნი?
-დიპლომატიური სამსახური ერთ-ერთი უმაღლესი სამსახურია, რომელშიც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსს, რეაგალიებს და ა.შ. რა თქმა უნდა პარალამენტის მიერ დამტკიცებული და პარლამენტისგან მანდატმიცემული ელჩი დიდ მნიშვნელობას ატარებს. აქიდან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ელჩების შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანი იყო პარლამენტის როლი. თუმცა ეს არის დროებითი მოვლენა.
ვთანხმდებით, რომ ეს უნდა გამოვასწოროთ და უნდა შევცვალოთ. ამავდრულად მიდის ფიქრი იმაზეც, რომ შესაძლოა ჩვენ რაღაცა შუალედურ გამოსავალზეც ვიფიქროთ, მაგრამ ეს მთავრობასთან ერთად არის განსახილველი, სადაც შევძლებთ რაღაცა შუალედურ გამოსავალზე ვისაუბროთ ან პროცედურაზე, რომელიც უზრუნველყოფდა პარლამენტის ჩართულობას დიპლომატიური კორპუსის დამტკიცების პროცესში.