ერთი წლის წინ ამ დროს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს სამხედრო ოპერაცია „ქვეყანაში რუსეთის მხრიდან შეიარაღებული დივერსიის აღსაკვეთად“, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლებამ უწოდა.
ეს ოპერაცია განხორციელდა პანკისის ხეობაში, სადაც საქართველოში მცხოვრებ ჩეჩენთა მცირერიცხოვანი თემია დასახლებული. ოპერაციის შედეგად, როგორც იუწყებიან, მოკლული იყო 11 ადამიანი. იმ დროს, ბიძინა ივანიშვილთან გააფთრებულ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სავარაუდო დივერსიას რუსეთის „პროვოკაცია“ უწოდა, რომლის მიზანიც არჩევნებზე გავლენა მოხდენა იყო.
თუმცა, ერთი წლის შემდეგ ამოტივტივდა დასაბუთება, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს ხელისუფლების თავდაპირველ ვერსიას. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდები, რომ ეს ოპერაცია რეალურად იყო სააკაშვილის ხელისუფლების მოუქნელი მცდელობის შედეგი, გაეწვრთნა ჩეჩენი მეამბოხეები რუსეთში დესტაბილიზაციის შექმნის მიზნით. როგორც ჩანს, ამოსავალი წერტილი ამ საკითხში არის ამას წინათ გამოცემაში Open Democracy გამოქვეყნებული სტატიის სათაური: „არის თუ არა საქართველო ტერორისტული სახელმწიფო?“
ოფიციალური ვერსიის გარშემო კითხვები ამ მოვლენების შემდეგ სწრაფადვე გაჩნდა, მაგრამ რეალური კონტრბრალდებები საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის აპრილის ანგარიშში გამოჩნდა, რომელმაც ასეთი დასკვნა გამოიტანა:
„მარტიდან დაიწყო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან თბილისში ჩეჩნების ჩამოყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. მათი წვრთნა იარაღის გამოყნებით რამდენიმე თვე გაგრძელდა, რათა მათ საბოლოოდ გადაეკვეთათ საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარი და შეერთებოდნენ ისლამისტ დივერსანტებს.
გარდა ევროპაში მცხოვრები ახალგაზრდა ჩეჩენი დევნილებისა, ოპერაციის ორგანიზატორებმა ასევე დაიქირავეს რამდენიმე ქისტი (საქართველოში მცხოვრები ჩეჩნები) ჩეჩნების თემიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე, პანკისის ხეობაში საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა“.
რადიო „თავისუფლების“ამომწურავი რეპორტაჟის თანახმად კი, ერთი წლის წინ მომხდარი სკანდალის შესახებ, ამ გეგმის უკან იდგა არა შინაგან საქმეთა, არამედ თავდაცვის სამინისტრო. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ, გეგმის მიხედვით, ჩეჩნებს უნდა განეხორციელებინათ თავდასხმა თავად ივანიშვილზე ან ტერორისტული აქტი საქართველოში, რომელიც ისევ ივანიშვილს დაბრალდებოდა.
სახალხო დამცველი აღნიშნავს:
„მიმდინარე ოფიციალური გამოძიება, თუ როგორ, რატომ და ვინ დაიქირავა ჩეჩნები, როგორც ჩანს, შეჩერებულია, თუმცა ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ივანიშვილმა განაცხადა აპრილში, რომ გამოძიება „უახლოეს მომავალში“ დასრულდება“.
რომ შევაჯამოთ, არსებობს საფუძვლიანი ბრალდებები, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიქირავა და გაწვრთნა ჩეჩნები დივერსიულ ისლამისტურ მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად. ცხადია, ამ ბრალდებებში პოლიტიკური ელემენტების შეიძლება იყოს. მე ვკითხე ქართველებს ამის შესახებ, მაგრამ არც ერთმა არ მიპასუხა, რომ ბრალდებები აბსურდულია. ისინი, როგორც წესი, მხრებს იჩეჩავდნენ და ამბობდნენ: „ვინ იცის?“
ნეტავ, რატომ არ მოჰყვა ამ ამბავს უფრო დიდი გამოხმაურება?