ივანიშვილი და ბოკერია რიგაში ვილნიუსისთვის მოემზადებიან

ივანიშვილი და ბოკერია რიგაში ვილნიუსისთვის მოემზადებიან

პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს ბიძინა ივანიშვილი დაესწრება რიგის კონფერენციის დისკუსიას – „აღმოსავლეთის პარტნიორობა ვილნიუსიდან რიგამდე, გასავლელი გზა" და კონფერენციის დასკვნით დისკუსიას – „რა არის ევროკავშირის სტრატეგიული ხედვა".  კონფერენციას ასევე დაეწსრება სქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი, რომლიც იმედოვნებს, რომ საქართველოში მიმდინარე „საგანგაშო პროცესები" ვილნიუსის სამიტის შედეგებზე გავლენას არ მოახდენს.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს რიგაში განუცხადა, ის მოწადინებულია, რომ ვილნიუსის სამიტი იყოს წარმატებული.

„იმედია, ის ძალიან საგანგაშო პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს, ვგულისხმობ პოლიტიკურ რეპრესიებს მთავარი ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გენერალური მდივნის წინასწარ პატიმრობაში ყოფნას, აქტივისტების მუდმივ დაკითხვებს, დაუსჯელ ძალადობას, პრემიერის სკანდალურ განცხადებას ევრაზიულ კავშირზე, შეჩერდება, შემოტრიალდება და ხელს არ შეუშლის საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას განცხადებას უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი პასუხობს და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძარაობა“ ხშირად აპელირებს იმაზე, რომ ვილნიუსის სამიტი შეიძლება უკან გადადგმული ნაბიჯი იყოს, თუმცა მისივე განცხადებით, ამის საფრთხე ჯერ-ჯერობით არ არსებობს და არც იარსებებს, ვინაიდან მისი თქმით საქართველო ძალიან მწყობრად და თანმიმდევრულად ემზადება ვილნიუსის სამიტისთვის.

„ასეთ საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ. ძალაინ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან და ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით. ერთი რამ ფაქტია - ქვეყანაში პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ცდილობენ არასწორად და არადეკვატურად წარმოაჩინონ მიმდინარე პროცესები, რაც არ შეესაბამება სიმართლეს“, - აცხადებს for.ge-სთნ საუბრისას ირაკლი ჩიქოვანი.

„გიგა ბოკერიას მხრიდან საუბარი დაუსჯელ ძალადობასა და ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით, არასერიოზულია იქიდან გამომდინარე, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ შერწყმა მიმდინარეობს სახელისუფლებო ძალასთან. ყველაზე ხელშემწყობი რეჟიმი დღეს ხელისუფლების მხრიდან აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“.  ამას თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებიც ღიად აფიქსირებენ, რომ თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ისეთი ადამინი იყო, ვისი გარიყვაც არაფრით არ შეიძლება. მეტიც,  მათი რესურსი უნდა იყოს გამოყენებული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეშიო. ამიტომ, ბოკერიას მხრიდან ამ თემის წამოწევა და გააქტიურება, მე ვფიქრობ თითიდან გამოწოვილია და მეტი არაფერი“, - აცხადებს პოლიტიკური ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე.

მისივე განცხადებით, ქართული მხარისთვის ამ ხელშკრულების პარაფირება მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინს სომხეთში, როდესაც როგორც სომხეთის პოლიტიკური და ექსპერტული წრეები აცხადებენ, იძულებული გახდნენ დაჰყოლოდნენ რუსეთის უპრეცედენტო ზეწოლას და თანხმობა განაცხადა ჯერ არ არსებული ევრაზიის კავშირში გაწევრიანებაზე.  

„ტრადიციული აღშფოთება-შეშფოთებით გამოეხმაურა ამას ევროპა. ამას არ გასცდენია მისი რეაქცია, ესეც ძალიან დამაფიქრებელი და სიმპტომატურია. აქიდან გამომდინარე, შეშფოთებით უყურებენ პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებს, როგორც ამ სივრცის წევრი ქვეყნები, ასევე - დასვლეთი.

აქიდან გამომდინარე, მართლაც მნიშვნელოვანია საქართველოსათვის ვილნიუსის სამიტი, ანუ მოახერხებს თუ არა ის ვილნუსის სამიტამდე ისე მისვლას, რომ თუნდაც პარაფირება მოხერხდეს ამ ხელშეკრულების. რადგან, როგორც ვხედავთ, ბოლო პერიოდი რუსეთის მხრიდან ეს უპრეცედენტო ზეწოლა  უფრო და უფრო ფართოვდება. იგივე პროცესები მიდის უკრაინაშიც“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, თუ  ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ ვილნიუსის სამიტს და „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება თავისი აქტივობით ხელი შეუშალოს ვილნიუსში ამ ხელშეკრულების პარაფირებას, ეს მაშინ პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.