ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში მუდამ არსებობდა ე.წ. სახელისუფლებო პარტია, რომელიც შეზრდილი იყო სახელმწიფო სტრუქტურებთან და მაქსიმალურად იყენებდა ე.წ. ადმინისტრაციულ რესურსს არჩევნების დროს. თავიდან ასეთი იყო „მოქალაქეთა კავშირი“, 2003 წლის შემდეგ კი მისი ადგილი დაიკავა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომელიც 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარდება, სახელისუფლებო პარტიის ფაქტორი შესუსტებული იქნება, ოღონდ არა იმიტომ, რომ როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, ხელისუფლებას აღარ სურს სახელმწიფოსთან შეზრდილი პარტიის შექმნა, არამედ იმიტომ, რომ უკვე აღარ შეუძლია ამის გაკეთება. მმართველი კოალიცია სუსტია და ამორფული, მის შემადგენლობაში შემავალი სუბიექტები კი ერთმანეთს ვერ იტანენ და მხოლოდ დროებით არიან ერთად. მიუხედავად ამისა, პირადად ბიძინა ივანიშვილის ჯერ კიდევ არსებული რეიტინგის და ავტორიტეტის გამო, სახელისუფლებო კანდიდატს საკმაოდ სერიოზული ფორა აქვს ამ არჩევნების დროს.
თუმცა, თავად სახელისუფლებო კანდიდატი იმდენად სუსტია, რომ ეს ფორაც კი ვერ შველის, გარანტირებული ჰქონდეს გამარჯვება პირველივე ტურში. ამიტომ, პირველად ბოლო წლების განმავლობაში, არსებობს შანსი მეტ-ნაკლებად კონკურენტული არჩევნების ჩატარებისა. თუ, რა თქმა უნდა, არჩევნების გაყალბების მცდელობები არ დაფიქსირდა ხელისუფლების მხრიდან, რაც უკვე ტრადიციად იქცა ჩვენში.
სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის რეიტინგი. ამის მიზეზი გახდა ის, რომ სახელისუფლებო კოალიციამ ვერ შეასრულა წინასაარჩევნო დაპირებები, რამაც გამოიწვია მისი ამომრჩევლების ნაწილში სერიოზული გაწბილება, ბურჯანაძემ კი სწორედ ის დაპირებები წამოაყენა, რომლებსაც ხალხმა ხმა მისცა 2012 წლის 1 ოქტომბერს.
27 ოქტომბრის არჩევნები, სხვათა შორის, ბურჯანაძის დებიუტი იქნება, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერის. აქამდე მას არჩევნებში ცალკე მონაწილეობა არ მიუღია, თუ არ ჩავთვლით 2003 წლის გაუქმებულ არჩევნებს, სადაც ის „ბურჯანაძე-დემოკრატების“ ბლოკის სახელით გამოდიოდა, თუმცა იმ ბლოკში ძირითად ძალას უფრო ზურაბ ჟვანიას გუნდი წარმოადგენდა.
თუ ბურჯანაძე მოახერხებს სერიოზული წარმატების მიღწევას ამ არჩევნებზე, ეს საკმაოდ დიდ ძვრებს გამოიწვევს მთელ პოლიტიკურ სპეტრში. ფაქტიურად, ამით დასრულდება ნაცმოძრაობის პოლიტიკური გაბანკროტების და მოუსავლეთში გადაბარგების პროცესი. „რებრენდინგებული ნაცების ნაშთები“ იძულებული გახდებიან, ადრე თუ გვიან შეუერთდნენ თავიანთ იდეურ თანამოაზრეებს რესპუბლიკური პარტიიდან. ბურჯანაძის და მისი პოლიტიკური ძალის ირგვლივ კი შესაძლოა ჩამოყალიბდეს ახალი პოლიტიკური ცენტრი.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ის ცდილობს ახალი ტიპის სახელისუფლებო პარტიის შექმნას. წინანდელისგან განსხვავებით, ეს უნდა იყოს არა ერთი ორგანიზაცია, როგორც მოქალაქეთა კავშირი და ნაცმოძრაობა იყო, არამედ ორად ან სამად გაყოფილი სტრუქტურა, რომლის ნაწილები როტაციის პრინციპით, მორიგებით იქნებიან საპარლამენტო უმრავლესობაში, ხანდახან კი კოალიციასაც შექმნიან. ამ ნაწილებს სხვადასხვა სახელები ექნება და მცირეოდენი განსხვავებები პროგრამებში („მემარჯვენე-ცენტრისტული“ ან „მემარცხენე-ცენტრისტული“ და ა.შ.), მაგრამ საბაზისო იდეოლოგიურ პოსტულატებში სრული ერთიანობა ექნებათ. ასევე, ყველა ეს წარმონაქმნი უპირობოდ და ცალსახად ორიენტირებული იქნება ე.წ. ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე.
თუმცა, ბურჯანაძის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ეს სისტემა, შესაძლოა, ეჭვის ქვეშ დადგეს. ჯერჯერობით, „დემოკრატიული მოძრაობის“ და სახალხო კრების პოზიციონირება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ისინი უფრო რეალისტურ ხედვებს იზიარებენ, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის სფეროში და არ არიან მიჯაჭვული უკვე საკმაოდ მოძველებულ პოლიტიკურ კურსს, რომელსაც „ნატომანია“ შეიძლება ეწოდოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბურჯანაძე რადიკალურად ანტიდასავლურ ლოზუნგებს იზიარებდეს. მისი პოზიცია უფრო პრაგმატიზმს, ეროვნულ ინტერესებს და რეალობის შეფასებას ეფუძნება, ვიდრე აკვიატებულ იდეოლოგიურ შაბლონებს.
ასეთი პოლიტიკური ცენტრი, თუ ის შეიქმნა, ალბათ მოსახლეობის დიდი ნაწილის, თუ უმრავლესობის არა, სიმპათიებს და კეთილგანწყობას დაიმსახურებს. ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს გაითვალისწინოს ამომრჩეველთა განწყობები და ითანამშრომლოს ამ და სხვა პოლიტიკურ ძალებთან. ეს იქნებოდა ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფოებრივი აზროვნების და ეროვნული ინტერესებით მოქმედების გამოხატულება. ხოლო თუ ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა „გაბუტული კაცის“ პოზიცია დაიკავა და ცალმხრივად პროდასავლურ იდეოლოგიურ სქემებს ვერ დააღწია თავი, ეს მისსავე პოლიტიკური და საზოგადობრივი მოღვაწეობისთვის საკმოდ მძიმე დარტყმა იქნება.