თბილისში წამოსული წვიმა შენობა–ნაგებობებში შეღწევის არნახული „უნარით“ გამოირჩევა. უკვე აღარავის უკვირს, მაგალითად, ახალი აეროპორტის შიგნით წვიმის რაკრაკი. მსგავსი ბედი პარლამენტის შენობამაც გაიზიარა.
სახალხო დამცველის მოსმენისას პარლამენტის სხდომათა დარბაზში წვიმა ჩავიდა. წვიმის წვეთები ოპოზიციის წევრებმა „იგრძნეს“. „ქართული დასის“ ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ხუმრობით უკმაყოფილებაც კი გამოთქვა, რომ მაინც და მაინც ოპოზიციას დააწვიმა.
რაც შეეხება სხდომის მიმდინარეობას, მიუხედავად „დაწვიმებისა“, ოპოზიციის წევრებმა კითხვებით სახალხო დამცველს მაინც მიმართეს. ოპოზიცია დარბაზის უკანა ფლიგელში ზის, თავად დარბაზი კი მინით არის გადახურული და წვიმამ ოპოზიციონერი დეპუტატების ფურცლებიც დაასველა.
ამ მიზეზით სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ცოტა მოგვიანებით კი გაირკვა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში წვიმის ჩასვლის მიზეზი სარემონტო სამუშაოები ყოფილა.
ამის შესახებ, რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა და მედიას მიმართა, რომ „მათ ტყუილად გაუხარდათ“. მისი თქმით, პარლამენტის სახურავზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და სამწუხაროდ ამ პროცესს წვიმამ მოუსწრო, რამაც დარბაზში წვიმის ჩასვლა გამოიწვია.
ცნობისთვის, პარლამენტის (ყოფილი მთავრობის სახლი) შენობა, არქიტექტურული იერსახით ხუროთმოძღვრების ძეგლი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების არქიტექტურულ ნაგებობათა ათეულში შედიოდა. სასახლის მშენებლობა 1938 წელს დაიწყო და 1953 წელს დასრულდა. რუსთაველის გამზირზე, შენობის თაღების წინ კომუნისტური ხელისუფლების სიმბოლო, ხელში ნამგლითა და უროთი ქალისა და კაცის ქანდაკება იდგა.
პარლამენტის შენობა ოთხი დამოუკიდებელი კორპუსისგან შედგებოდა. შენობის ზედა კორპუსის ავტორია ვიქტორ კოკორინი, მთავარი კორპუსის არქიტექტორი კი გიორგი ლეჟავაა. მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ შენობებს შორის გადაადგილება.
რუსთაველის, ჩიტაძის, ჭიჭინაძისა და ასათიანის ქუჩების დამაკავშირებელი ოთხი დიდი რკინის ჭიშკარი ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ჩაიკეტა.
შენობის ადგილას XIX საუკუნეში ალექსანდრე ნეველის სახელობის დიდი რუსული ეკლესია იდგა. „სობორის“ ტაძარი 1897 წელს აიგო. ეკლესია ბიზანტიურ სტილში იყო აგებული, მაგრამ რუსული ეკლესიისთვის დამახასიათებელი გუმბათი ჰქონდა. შუაგულში ავსტრიაში დამზადებული უზარმაზარი 300-სანთლიანი ჭაღი ეკიდა. ეკლესიის ეზოში სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ დაკრძალულნი.
1930 წელს, როცა კომუნისტებმა დაანგრიეს ეკლესია-მონასტრები, „სობორიც“ დაინგრა და ეკლესიის ჭაღი პიონერთა სასახლეში გადაიტანეს. მშენებლობის დამთავრების შემდეგ კი, 1953 წელს, პარლამენტის შენობაში რესტავრირებული დაკიდეს.
პარლამენტის შენობა ოთხი დამოუკიდებელი ნაწილისაგან შედგებოდა. თაღებიან კორპუსებში (A და B) განთავსებული იყო მინისტრთა საბჭო და უმაღლესი საბჭო, C კორპუსში – სამინისტროები და სხვადასხვა უწყებები.
1993 წლის 9 თებერვლის დადგენილებით შენობა მთლიანად საქართველოს პარლამენტს გადაეცა და პარლამენტის ადმინისტრაციულ შენობაში ნებისმიერი სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის განთავსება აიკრძალა, რაც უზრუნველყოფდა პარლამენტის ხელმძღვანელობის, კომისიების, კომტეტების, ფრაქციების, პარლამენტის წევრებისთვის გამართულ საქმიანობას.
უმაღლესი საბჭოს შენობის ინტერიერი სადა და აკადემიური იყო, შენობის სისადავე აუცილებელ პირობას წარმოადგენდა, რათა საზოგადოებას არ ეგრძნო განსხვავება მათსა და ხელისუფლებას შორის. შენობის III სართულზე სტუმრების მისაღები დიდი დარბაზი მდებარეობდა. საქართველოს მთავრობა უამრავ სტუმარს ღებულობდა.
უმაღლესი საბჭოს შენობაში განთავსებული იყო როგორც უმაღლესი საბჭო, ასევე საბჭოს პრეზიდიუმი. უმაღლესი საბჭო შედგებოდა 440 დეპუტატისგან. დეპუტატები კვოტების მიხედვით ირჩეოდნენ. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის, საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლები, მუშები, სოციალისტური შრომის გმირები, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
სესიები იმართებოდა წელიწადში ორჯერ სამ-სამი დღე – გაზაფხულზე და შემოდგომაზე. დეპუტატები ირჩეოდნენ ოთხი წლის ვადით. ისინი გაერთიანებულნი იყვნენ კომიტეტებში და კომისიებში. უმაღლესი საბჭო ირჩევდა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელშიც შედიოდნენ თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, მოწინავე მუშა, სოციალისტური შრომის გმირი, მეჩაიე. პრეზიდიუმის სხდომა იმართებოდა ყოველ თვე. ის იღებდა დადგენილებას, იხილავდა საკითხებს, რომელიც შეეხებოდა აღმასრულებელი კომიტეტების მუშაობას რეგიონებში და სხვა.