„იმედია, პრემიერმა მოიტყუა და ეს იყო რუსეთთან კეკლუცობის მორიგი რაუნდი“

„იმედია, პრემიერმა მოიტყუა და ეს იყო რუსეთთან კეკლუცობის მორიგი რაუნდი“

პრემიერ-მინისტრი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ გაერთიანების შექმნის პროცესს „ყურადღებით უყურებს“ და „სწავლობს“. ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება დამოკიდებული იქნება იმაზე - თუ რამდენად საინტერესო აღმოჩნდება ეს გაერთიანება საქართველოს სტრატეგიისთვის.

„რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ. ამ ეტაპზე, არანაირი პოზიცია არ გაგვაჩნია, თუმცა, თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა?!“, - დასძინა პრემიერმა, რომლის ამ პოზიციასაც საპარლამენტო წრეებში შეფასებები უკვე მოჰყვა.

საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებას კატასტროფულს უწოდებს, უმრავლესობა კი, ოპონენტებს ურჩევს - ჭიქაში ქარიშხალს ნუ მოაწყობენ.

როგორც for.ge-ს თინა ბოკუჩავამ განუცხადა, ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არის პრორუსული და არა პროდასავლური.

„პრემიერს მსგავსი განცხადებების გაკეთება სჩვევია. რკინიგზასა და „აგვისტოს ომზე“ მისი განცხადებები გვახსოვს, რომელიც მოგვიანებით, დააზუსტა, თუმცა, ზოგადად, ივანიშვილი განცხადებას აკეთებს, შემდეგ ცვლის, თითქოს, განმარტებას აკეთებს, მაგრამ ეს განმარტება კიდევ უფრო შემაშფოთებელია. ამ შემთხვევაშიც, პრემიერი განცხადების დაზუსტებას შეეცდება, იქედან გამომდინარე, რომ ამ საკითხზე საზოგადოებაში კითხვები გაჩნდება. ის ადამიანები, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ იმას, თუ საით მიისწარფვის ბატონი ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, პრემიერის მხრიდან ეს ნიშანდობლივი პასუხი იყო. ბატონი ბიძინას ეს განცხადება იყო პირდაპირი და მკაფიო სიგნალი, რომელსაც არანაირი ინტერპრეტაცია აღარ სჭირდება“, - დასძენს დეპუტატი, რომლის პათოსსაც გოკა გაბაშვილიც იზიარებს.

გაბაშვილი ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადებას კატასტროფულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მთავრობის ხელმძღვანელის რანგში, მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება, საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია.

„პრემიერ-მინისტრის რანგში, ეს არის კატასტროფული განცხადება, რადგან საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმზე ხმათა უმრავლესობით განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ნატო-ს წევრი უნდა გახდეს. პუტინის მიერ შექმნილ პროექტში გაწევრიანების თეორიულად დაშვებაც კი არის კატასტროფა და სრულიად გადახვევა საქართველოს მიერ არჩეული გზიდან. როცა ბატონი ბიძინა თავისუფალი ექსპერტი იქნება, მას შეუძლია ევრაზიული კავშირის და პუტინის სხვა პროექტების შესახებ თავისი აზრი გამოთქვას, მაგრამ სანამ ის პრემიერ-მინისტრია, მოვუწოდებთ, თავის გამონათქვამებს ბევრად უფრო ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდოს. იმედი მაქვს, რომ პრემიერმა მოიტყუა, საქართველოს მთავრობა ამ შესაძლებლობას არ სწავლობს და ეს იყო რუსეთთან კეკლუცობის მორიგი რაუნდი და არა სერიოზული პოლიტიკური განზრახვა“, - აცხადებს გაბაშვილი.

საკითხზე საუბრისას, უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი ყურადღებას მთავრობის არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ხელისუფლების მოქმედებები ეჭვებს აძლიერებს - თუ რა მიზნები ამოძრავებს საქართველოს მთავრობას რუსეთთან მიმართებაში.

„მთავრობას საგარეო ფაქტორებზე თანმიმდევრული პოლიტიკა არ აქვს. ევრაზიულ კავშირზე სხვადასხვა განცხადებები კეთდება, რაც არათანმიმდებრულ პოლიტიკაზე მიუთითებს. თუმცა, მსგავსი განცხადებები ქვეყნის იმიჯზე ცუდად აისახება“, - განუცხადა for.ge-ს ბეჟაშვილმა, რომლის შეშფოთების არ ესმის უმრავლესობას და მმართველი გუნდი ოპონენტებს ამშვიდებს, რომ საქართველო არც ახლო და არც შორეულ მომავალში, ევრაზიის კავშირის წევრი არ გახდება.

ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, პრემიერის განცხადებაში არ იგულისხმება, რომ საქართველო ევრაზიის კავშირის წევრი გახდება.

„მან თქვა, რომ შესაძლოა, მომავალში, ეს საკითხი განხლული იქნეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამაზე მსჯელობა არც ახლო და არც შორეულ პერსპექტივაში არ იქნება. საქართველოს ევროკავშირს გარდა, სხვა არანაირი კავშირი არ ელოდება. ქარიშხლის დატრიალება საჭირო არ არის და ფაქტია, რომ ყველა ტიპის გამონათქვამი გამოყენებული იქნება საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ, მაგრამ არ მგონია, ეს იმ კანდიდატს წაადგეს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დანა-ჩანგლით გასვლას მოგვიწოდებდა. ივანიშვილი რომ რუსეთის აგენტი არ არის, ეს იქედანაც ჩანს, რომ ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს რუსეთი ღიად ეხმარება. ფაქტია, რომ ივანიშვილითა და ჩვენი ხელისუფლებით რუსეთი კმაყოფილი არ არის“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი, რომლის მსგავსადაც, პრემიერის განცხადებაში „კატასტროფულს“ ვერაფერს ამჩნევს ირაკლი ჩიქოვანი.

ჩიქოვანის მოსაზრებით, საქართველოს პოლიტიკური კურსი ნათელია, რადგან ქვეყანა საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ნატო-სა და ევროკავშირში ცდილობს.

„ევრაზიის კავშირი დიდი ორგანიზაციაა, რომელიც ამ კონტიგენტზე მოქმედებს, მაგრამ საინტერესოა, ამ ორგანიზაციას მომავალში რაში გარდაქმნიან. საქართველოს მიერ არჩევანი გაკეთებულია და ეს ევროპის კავშირია. ჩვენი ქვეყანა მწყობრი ნაბიჯებით ევროინტერგაციისკენ მიდის. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, მცდელობა იმისა, პრემიერის შეფასებები ინტერპრირებული იქნეს და წარმოარჩინონ როგორც რუსეთის გავლენა საქართველოში, ეს მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ „ქართული ოცნება“ არის ქართული პროექტი და არა ამერიკული და რუსული. დამერწმუნეთ, საქართველოს ევრაზიის კავშირში გაწევრიანების თაობაზე საუბარი არც აღმასრულებელ და არც საპარლამენტო წრეებში არ მიმდინარეობს“, - განუცხადა for.ge-ს ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ევრაზიული კავშირის შექმნის იდეა, რომელიც, ძირითადად, ევროპის კავშირის ინტეგრაციის ანალოგიურია, ყურადღების ქვეშ 2011 წლის ოქტომბერში, მაშინდელი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის წყალობით მოექცა, მაგრამ თავდაპირველად, როგორც კონცეფცია გაჟღერებულ იქნა ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მიერ 1994 წელს. 2011 წლის 18 ნოემბერს კი, ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს სამიზნო ხელშეკრულებას 2015 წლისთვის ევრაზიული კავშირის შექმნასთან დაკავშირებით. ხელშეკრულებამ მოიცვა სამოქმედო გეგმა მომავალი ინტეგრაციისთვის და ევრაზიული კომისიაც დაარსა.