ბიძინა ივანიშვილი, როგორც დათა თუთაშხია

ბიძინა ივანიშვილი, როგორც დათა თუთაშხია

იმ შემთხვევაში, თუ კოალიციის კანდიდატი -გიორგი მარგველაშვილი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მას გზა გახსნილი ექნება და უფრო სწრაფად გადადგება პრემიერობიდან. 

„მე ვიქნები თავისუფალი და თუთაშხია რომ ამბობდა, სადაც მომინდება და, როგორც მომინდება, ისე ვიცხოვრებ და აღარ დამრჩება ვალდებულებების გრძნობები“,- ბიძინა ივანიშვილის ამ ნათქვამმა საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია. ექსპერტთა ნაწილმა ეს განცხადება ულტიმატუმად აღიქვა, რადგან, უნებურად გამოდის, რომ, მოწონება-არმოწონების მიუხედავად, ხალხმა ხმა მაინც მარგველაშვილს უნდა მისცეს, რათა პრემიერი ბიძინა ივანიშვილი შეინარჩუნოს და მას, გასული წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვების მთავარ ფიგურანტს, გული არ ატკინოს.   

„თუ საზოგადოებისგან ვიგრძნობ, რომ ჩემი რესურსი ამოვწურე, აღარც ანალიზი შემიძლია და აღარც ნდობა მაქვს, საზოგადოებას არ მოვახვევ ჩემს თავს. მგონია, რომ საზოგადოებას მე ვჭირდები. მაქვს ზედმეტი ნდობა საზოგადოებისგან და, თუ აღმოჩნდება, რომ თურმე ესეც არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში, მე ჩავთვლი, რომ ჩემი ვალდებულებები შესრულებულია და ყველა გზა გახსნილი მექნება", - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, განმარტა, რომ მას კარგი ანალიზი ხელეწიფება, სწორი ხედვები აქვს და სწორ პროგნოზსაც აკეთებს. ამდენად, მარგველაშვილი უალტერნატივო კანდიდატურად ესახება, რომელიც პირველსავე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს და სხვა გეგმაზე არც უფიქრია.

რატომ შეეპარა პრემიერის გამონათქვამს სევდიანი ნოტა და მართლაც შეიცავს თუ არა მისი ნათქვამი შეფარულ მესიჯს, რომ ამომრჩეველმა მხარი მაინცდამაინც მარგველაშვილს დაუჭიროს?! წინააღმდეგ შემთხვევაში, პრემიერი იგრძნობს, რომ  თურმე ეს დრო დასრულებულა და, რაც მან თავის დროზე ღია წერილში დაწერა, თავდაყირა დამდგარა.

ამის შესახებ ექსპერტები For.ge-სთან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ.

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ თავდაპირველად ძალიან კარგი ჟესტი იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი წასვლის შესახებ გადაწყვეტილება პოსტფაქტუმ -არჩევნების შემდეგ, სიურპრიზის სახით კი არ ამცნო საზოგადოებას, არამედ იგი მოიქცა გულწრფელად და მანამდე განაცხადა პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე, სანამ საპრეზიდენტო კანდიდატს აირჩევდნენ. ამით მან საზოგადოებას შესაძლებლობა მისცა, საკუთარი სურვილისამებრ და არა- ვინმეს კარნახით აერჩიათ სასურველი პრეზიდენტი; ანუ, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა მარტივად განაცხადა, რომ მე მივდივარ პოლიტიკიდან, თანამდებობიდან და ჩემს გამო ნურავის ნუ დაუჭერთ მხარს; მეტიც, ვისაც გინდათ, მას მიეცით ხმა. თუმცა, როგორც კახა კახიშვილი ვარაუდობს, ამ ტიპის განცხადებამ სერიოზულად იმოქმედა ამომრჩეველზე. ამიტომ, ალბათ, გარკვეული კონსულტაციების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა სთხოვეს ბიძინა ივანიშვილს, რომ იქნებ, რამენაირად, პირიქით, მხარდაჭერა დაედასტურებინა მარგველაშვილისადმი. სწორედ ამით ხსნის ექსპერტი, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ ასეთი ტონით შეეცადა, ირიბად მხარი დაეჭირა მარგველაშვილისთვის.

ამის მიუხედავად, კახა კახიშვილი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნებისმიერი შედეგით დასრულების შემთხვევაშიც კი, ბიძინა ივანიშვილი არ მიატოვებს საკუთარ ქვეყანას, ვერ დაჯდება გულგრილად და შორიდან ვერ შეხედავს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს.

„შესაძლებელია, საზოგადოების ნაწილმა პრემიერის ეს განცხადება მიიღოს ისეთი სახით, რომ, რა გვეშველება, თუკი მარგველაშვილმა არ გაიმარჯვა, მაშინ ბატონი ბიძინა ყურადღებას აღარ მოგვაქცევს და ვინ იქნება ამ ქვეყნის პატრონი?! თუმცა, საბედნიეროდ, ეს არის ასეთი ტიპის ჯერჯერობით პირველი განცხადება და არ ვფიქრობ, ამ ერთმა განცხადებამ სერიოზული დარტყმა მიაყენოს საარჩევნო პროცესს. ამიტომაც, თუ არ გაიმეორებს პრემიერი ასეთი ტიპის განცხადებას, მე მგონი, საარჩევნო კამპანიისთვის უკეთესი იქნება“, - აცხადებს კახა კახიშვილი. 

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ამ კითხვაზე პასუხისთვის ბიძინა ივანიშვილი მზად არ იყო; მეტიც, არც უფიქრია საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილის წაგების შესახებ, თუმცა არ მოეშვა ჟურნალისტი, თუ რას აპირებდა და სად წავიდოდა არასასურველი სცენარის შემთხვევაში. ამიტომ ივანიშვილმა აბეზარი კითხვა ასეთივე პასუხით მოიცილა. ექსპერტის აზრით, ვისაც სურს, ეს რაიმე ტიპის გზავნილად აღიქვას, ამის სრული უფლება აქვს.

„თუკი მარგველაშვილი პრეზიდენტი არ გახდება, რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილს  არანაირი ვალდებულება სხვა პრეზიდენტის მიმართ არ გააჩნია. შესაბამისად, მისი მზაობა, რომ უფრო მალე დატოვოს თანამდებობა, სრულიად ბუნებრივია. ვერაფერ ტრაგიკულს ვერც კითხვაში ვერ ვხედავ და ვერც პასუხში და აქ შესაშფოთებელი არაფერია“,-აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

ამასთან, განმარტავს, რომ, მოწონება-არმოწონების მიუხედავად, მხარს დაუჭერენ თუ არა გიორგი მარგველაშვილს, ეს თითოეული მოქალაქის პოლიტიკური გემოვნების საკითხია. თუ ამომრჩევლები თვლიან, რომ მარგველაშვილისთვის ხმის მიცემისას ხმას აძლევენ ივანიშვილს, ისინი ასეც მოიქცევიან. ხოლო, თუ ასე არ თვლიან, ესეც მათი ნებაა. უფრო მეტიც, სოსო ცისკარიშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილს  არავისთვის შეუზღუდავს არჩევანი; პირიქით, იხვეწებოდა კიდეც, რომ ჩვენი მოქალაქეები საკუთარი ვალდებულების ერთგულნი ყოფილიყვნენ და ისე მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, ბიძინა ივანიშვილი დარწმუნდა, რომ მარგველაშვილს ძალიან გაუჭირდება საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან მას დაბალი ცნობადობა აქვს. ამიტომაც წინასაარჩევნო ბრძოლაში მძიმე არტილერია, სტრატეგიული რეზერვი ჩართო, თავისი პირადი ავტორიტეტის სახით. ამით მან გააგებინა საზოგადოებას, რომ მარგველაშვილს კი არა, პირადად მას უნდა მისცენ ხმა.

„ამის ქვეტექსტი ის იყო, რომ მარგველაშვილი სულაც არ მაინტერესებს, არამედ ეს იქნება ჩემდამი ნდობის ტესტი. ხოლო, თუ თქვენ არ მენდობით, მაშინ მე რა მინდა პოლიტიკაში?! საკუთარი პოლიტიკური რესურსი მან უკვე დადო მარგველაშვილის სასწორზე და ეს უკიდურესი ზომაა“,-აცხადებს პოლიტოლოგი. ამასთან, მსოფლიო არჩევნების ისტორიაში ასეთი პრეცედენტი არ ახსენდება. მართალია, ცალკეულ ლიდერებს ბევრჯერ მოუწოდებიათ საკუთარი მომხრეებისთვის, ხმა მიეცათ მათ მიერ მოწონებული კანდიდატისთვის, თუმცა იმის თქმა, რომ, თუ მხარს არ დაუჭერდნენ მის კანდიდატს, მაშინ პოლიტიკიდან წავიდოდნენ, ეს უკვე ულტიმატუმის ფორმას იღებს, რაც, სოსო ცინცაძის აზრით, უჩვეულოა.

ამასთან, პოლიტოლოგს დღემდე აინტერესებს, რატომ შეაჩერა პრემიერმა არჩევანი მარგველაშვილზე, წინასწარ მოტყუვდა თუ მოატყუეს საკუთარ გათვლაში, რომ მარგველაშვილი ყველა შემთხვევაში გაიმარჯვებდა. სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ რეიტინგული გათვლის თვალსაზრისით, პრემიერმა მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და, რუსები რომ იტყვიან, „იმ ცხენზე არ დადო ფსონი“. თუმცა ახლა პოლიტოლოგს კანდიდატის შეცვლა გამორიცხულად და კაპიტულაციად ეჩვენება.

„მთელ თავის ავტორიტეტსა და პოლიტიკურ რესურსს პრემიერი უკვე სასწორზე დებს. თუ მართლაც ევროპული ღირებულებებისაა მარგველაშვილი, მაშინ იგი თვითონ უნდა გამოეთიშოს ბრძოლას. უღირს კი მარგველაშვილს ისეთი პრეზიდენტობა, რომ მთელი ხუთი წლის განმავლობაში ყველა მარგინალ პოლიტიკოსს სრული მორალური უფლება ექნება, მას ეს წამოაძახოს?! თვითონ მარგველაშვილს არ უნდა ჩაეყენებინა პრემიერი ასეთ მდგომარეობაში, როცა თანხმდებოდა ამ პოსტს; ჩვენ რომ ძლიერი, თავმოყვარე სამოქალაქო საზოგადოება გვყავდეს, პრემიერის ეს განცხადება იქნებოდა პოლიტიკური სიკვდილის განაჩენი მარგველაშვილისათვის. ხალხი იტყოდა, პრემიერს ვენდობით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის ყველა კარისკაცს ვენდოთ. ეს ცივილიზებული მსოფლიოსთვის მიუღებელია“,-აღნიშნა პოლიტოლოგმა.

ამასთან, უცნაურად მიიჩნია, რომ, ერთი მხრივ, პრემიერი მესიანიზმის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ საქმით ისევ მესიანიზმს ამტკიცებს. აქვე, მარგველაშვილთან დაკავშირებით სოსო ცინცაძეს მეტად საეჭვოდ მიაჩნია პრემიერის მხრიდან უსუფაშვილის გვარის რამდენჯერმე დამოწმება. პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ჩვენს პარლამენტს აწყობდეს კიდევ მარგველაშვილისნაირი ფიგურა, რადგან სხვა  ძლიერ პოლიტიკოსს ვერაფერს აიძულებენ.

სოსო ცინცაძე მარგველაშვილის ღირსებაზეც საუბრობს. კერძოდ, დალაგებულ ქვეყანაში მარგველაშვილი იდეალური, უკონფლიქტო საპარლამენტო პრეზიდენტი იქნებოდა.