„უმრავლესობას „პიროვნული ერთგულების“ ფაქტორი გადაჭარბებულად ესმის“

„უმრავლესობას „პიროვნული ერთგულების“ ფაქტორი გადაჭარბებულად ესმის“

პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს, კობა დავითაშვილს ორი საარჩევნო ლოზუნგი ექნება - სამართლიანობის აღდგენა და სოციალური სამართლიანობა. დეპუტატი მეორე ტურის ჩატარებას არ გამორიცხავს და კონკურენტების შესაძლებლობებსაც აფასებს. კანონმდებელი დავით ბაქრაძეს არც კონკურენტად განვიხილავს და არც პოლიტიკოსად, ხოლო გიორგი მარგველაშვილს რეიტინგს უწუნებს და ამბობს, რომ მარგველაშვილს არათუ რეიტინგის, არამედ ცნობადობის პრობლემაც აქვს, რადგან მას მოსახლეობის ნახევარიც არ იცნობს.

ამას გარდა, კობა დავითაშვილი პრემიერის პოლიტიკიდან წასვლას მიესალმება, ყოფილი თანაგუნდელების არაპრინციპულობაზე აპელირებს და აცხადებს, რომ პოლიტიკოსები ივანიშვილის კრიტიკას მისი პოპულარობის გამო ერიდებიან.

რატომ გახდა რესპუბლიკელების კრიტიკა იოლი და მომგებიანი? რატომ არიან მმართველი გუნდის წევრები უპრინციპოები? რატომ ვერ ართმევენ დაკისრებულ მოვალეობას თავს მინისტრები? - ამ კითხვებზე პასუხს კობა დავითაშვილი სცემს, რომლის ინტერვიუსაც for.ge გთავაზობთ:

რამდენიმე თვის წინ, მმართველი გუნდი დატოვეთ. ამ გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ, სწორად მოიქეცით?

- ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი, რადგან ძალიან ბევრ ფუნდამენტურ და პრინციპულ საკითხზე, ჩემსა და გუნდს შორის წინააღმდეგობა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენაზე და მის ყველა კომპონენტზე უარი თქვა. კერძოდ, ვერც დამნაშავეთა დასჯას ვხედავთ, ვერც უკანონოდ ჩამორთმეული ქონების მეპატრონეებისთვის დაბრუნებას და ვერც სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების აღდგენის პროცესს. სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, ვხედავთ, რომ წინა ხელისუფლების ჯალათები პოსტებს ინარჩუნებენ. მათ შორის, ძალოვან უწყებებში. მარტო ის რად ღირს, რომ ცნობილი კასრების კადრების „შემოქმედი“ ექვსი პირიდან სამი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, ხოლო მეორე სამი თავდაცვის უწყების. ეს ყველაფერი იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ ამ უწყებებში ჯალათები იქამდე იმუშავებენ, სანამ ახალი კასრები არ იქნება აღმოჩენილი. ბატონმა ბიძინამ თქვა, რომ ეს ადამიანები პროფესიონალები არიან და სამსახურებში უნდა დავტოვოთო, მაგრამ მაინტერესებს, რისი პროფესიონალები არიან - ადამიანების წამების?! ეს კადრები რისთვის გვჭირდება, ხალხი კიდევ უნდა ვაწამოთ?!

ხელისუფლება რატომ ერიდება ამ პირების სამსახურებიდან გათავისუფლებას? რატომ არ იწყება საკადრო წმენდა?

- უკვე მესამე სერიას ვუყურებ. როცა ხელისუფლებაში ოპოზიცია მოდის, ის თავის გარშემო იმ ადამიანებს იკრებს, რომლებიც უსამართლობას არ ეგუებიან, მაგრამ როგორც კი, აწ უკვე ოპოზიციონერები მინისტრის სავარძლებს იკავებენ, მათთვის კომფორტული ის ხალხია, ვინც პრინციპულობით არ გამოირჩევა და ახალ ბრძანებებს შეასრულებს. ამ ყველაფრის შემყურეს, ერთი ანეკდოტი მახსენდება - „ბატონო სამსახურში მიმიღეთო და - გააჩნია, რას იკადრებთო“. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად პრინციპულები არიან და ამიტომ, მუდმივად ოპოზიციაში არიან, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც მთავრობას ემსახურებიან და თან ერგებიან კიდეც.

თქვენ პოლიტიკოსთა პრინციპულობა-არაპრინციპულობაზე საუბრობთ, მაგრამ თავად საკანონმდებლო ორგანო რამდენად პრინციპულია, რადგან როგორც ვნახეთ, .. იპოთეკარებთან დაკავშირებით, პირველი მოსმენით მიღებული ინიციატივა დაიბლოკა და მისი განხილვა მხოლოდ იმიტომ შეჩერდა, რომ საკითხზე მთავრობას განსხვავებული პოზიცია აქვს?

- სამწუხაროდ, ესეც წინა ხელისუფლებისგან გამოყოლილი ტრადიციაა. ჩვენი კოლეგები, რომლებიც მინისტრების ადგილზე დასხდნენ, იგივე პოლიტიკას აგრძელებენ. დეპუტატები კი, პარლამენტის უუფლებობას ემორჩილებიან. ესეც იმის მაჩვენებელია, რომ სისტემა არ შეცვლილა. ნებისმიერი მთავრობა მიდრეკილია ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისკენ და უზურპაციისკენ, რის გამოც, აუცილებელი ძლიერი საპარლამენტო კონტროლია. მართალი გითხრათ, უმრავლესობაში არა მხოლოდ უპრინციპო ადამიანები არიან, არამედ მათ ბიძინა ივანიშვილის მიმართ „პიროვნული ერთგულების“ ფაქტორი გადაჭარბებულად ესმით. ბევრ მათგანს ეს განცდა აქვს და არცთუ უსამართლოდ, რადგან რომ არა ბატონი ბიძინა, ისინი პარლამენტში ვერ მოხვდებოდნენ. თუმცა, ამ პიროვნული ერთგულების გამო, ყველაფერზე თვალის დახუჭვა და არაფერზე ხმის არამოღება, ეს ხალხის ინტერესების ღალატია, რადგან საარჩევნო სია ივანიშვილმა კი შეადგინა, მაგრამ ეს სია ხალხმა აირჩია. ბატონ ბიძინას ძალიან დიდი პატივს ვცემ და მას არცერთ დამსახურებას არ ვუკარგავ, მაგრამ როგორც კი, მისი პოზიცია ხალხთან წინააღმდეგობაშია, მე ხალხის მხარეს ვიკავებ. ჩემსა და უმრავლესობის წევრებს შორის, სწორედ ეს სხვაობაა.

კოალიციაში რომელი პოლიტიკური ძალაა ანგარიშგასაწევი? რომელი პარტია სარგებლობს პრემიერის მანდატით?

- ჯერჯერობით, ანგარიშგასაწევი - ბიძინა ივანიშვილია. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პარტიები ძალიან სუსტები არიან და მათი პოლიტიკაც პიროვნებებზეა აგებული. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა ჩემს კოლეგებს დიამეტრულად განსხვავებულ საკითხებზე მხარი დაუჭერიათ, მაგრამ მათი პოზიცია ბიძინა ივანიშვილის პოზიციების კვალობაზე იცვლებოდა. ფაქტია, რომ მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. რამდენიმე კლასიკურ შემთხვევას დაგისახელებთ. აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის თაობაზე, როცა პრემიერის პოზიცია ცნობილი იყო, ჩემს მიერ მომზადებული კანონპროექტი პირველი მოსმენით საკმაოდ მშვიად ვითარებაში იქნა მიღებული, მაგრამ როგორც კი, ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ აზარტული თამაშების აკრძალვა ბიზნესს ზიანს მიაყენებდა, საკითხის მეორე მოსმენით განხილვისას, წინადადების წინააღმდეგ ის პირები გამოვიდნენ, რომელთაც მხარი პირველი მოსმენით დამიჭირეს.

ანუ, „ნაციონალური მოძრაობისმსგავსად, „ქართული ოცნება“ „ერთი კაცისპოლიტიკას მიჰყვება?

- რეალურად ასეა.

თქვენ ამბობთ, რომ პარტიებიძალიან სუსტებიარიან, მაგრამ ოპონენტები რესპუბლიკელებსურეიტინგო და პრემიერის კარზე ძლევამოსილპარტიად მიიჩნევენ. კოალიციაში რა როლი აქვთ რესპუბლიკელებს?

- რესპუბლიკელების გარშემო ილუზიები შეიქმნა, რომ ისინი პროცესებს მართავენ, არადა, მათ პარლამენტში ცხრაკაციანი ფრაქცია აქვთ, მაშინ როდესაც, უმრავლესობის რაოდენობა ლამის 2/3-ს უკაკუნებს. რესპუბლიკელები პროცესებს მარტო იმის გამო ვერ წარმართავენ, რომ პარლამენტის თავმდჯომარე დავით უსუფაშვილია. კოალიციაში გადაწყვეტილების მიღება ან ერთად ხდება, ან რიგი პირები საერთოდ ჩუმდებიან. რესპუბლიკელების უკან ამოფარება და იმის თქმა, რომ „რაც ცუდი ხდება მათი ბრალია“, „ჩვენ კარგი გვინდოდა და მათ ამის უფლება არ მოგვცეს“, ეს ძალიან სასაცილოა, რადგან გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთარი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიაზროს. რესპუბლიკელების კრიტიკა გავრცელებული ფორმაა და ამანაც ილუზია შექმნა. ხშირად, პოლიტიკოსები ივანიშვილის კრიტიკას მისი პოპულარობის გამო ერიდებიან, მაგრამ რესპუბლიკელების ნეგატივის გამო, მათი კრიტიკა იოლი და მომგებიანი გახდა.

ცოტა ხსნის წინ, მმართველი გუნდის წევრმა, ომარ ნიშნიანიძემ for.ge-სთან საუბარში, დავით საგანელიძეშეზღუდვებისდაწესებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ უმრავლესობის ლიდერი თანაგუნდელებს მოქმედების არეალს უზღუდავს. თქვენს შემთხვევაში, მსგავს ფაქტებს, ადგილი ჰქონდა?

- ასეთი რამ არ მსმენია. დავით საგანელიძეს ჩემთვის აკრძალვები არ დაუწესებია, მაგრამ მასთან საპირისპირო შენიშვნა მქონდა. კერძოდ, ის უმრავლესობის სხდომებს მუდმივად არ ესწრებოდა, მე კი, სხდომის ჩატარების აუცილებლობას ხშირად ვსვამდი. ვფიქრობ, რომ სამუშაო კვირა სხდომით უნდა დაწყებულიყო, სადაც ამა თუ იმ საკითხის თაობაზე პოზიციები შეჯერდებოდა და დეპუტატებს შორის წინააღმდეგობები აღარ იქნებოდა, მაგრამ უმრავლესობის სხდომების რეგულირებას ვერ მივაღწიე და საგანელიძეს ხელმძღვანელობისა და ორგანიზებულობის ნაკლებობას უფრო ვამჩნევდი, ვიდრე ზედმეტობას.

უმრავლესობის წევრებთან ხშირად კონფლიქტი მოგდიოდათ. რატომ არ გწყალობდნენ თანაგუნდელები?

- ისინი ჩემზე ღიზიანდებოდნენ - დავითაშვილმა კიდევ ერთი კანონპროექტი შემოიტანაო. ბოდიში, მაგრამ პარლამენტის წევრი რომ ხარ, შენი მთავარი საქმე კანონშემოქმედებაა და არა რაიონის გამგებლის ფუნქციების საკუთარ თავზე აღება! როგორც ჩანს, ჩემს კოლეგებს პარლამენტის წევრის სტატუსი სხვანაირად ესმით და მე სხვანაირად, მაგრამ მათგან განსხვავებით, მე იმის მიხედვით ვხელმძღვანელობ, რაც კონსტიტუციაში წერია.

რადიკალური ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. მათ პოზიციას იზიარებთ?

- რიგგარეშე არჩევნების მომხრე ვარ, რადგან პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა ქართველი ერის ნებას არ ასახავს. კერძოდ, ნაციონალები მოსახლეობის განწყობის 40 პროცენტს არ ასახავენ და ეს შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა.

თუმცა, რიგგარეშე არჩევნების წინააღმდეგ ნაციონალების გარდა, მმართველი გუნდის წევრებიც გამოდიან. For.ge- მიერ გამოკითხული 10 დეპუტატიდან არევნების მომხრე მხოლოდ ერთი კანონმდებელი აღმოჩნდა. მათი მოტივაციაა, რომ ვადამდელი არჩევნები არასტაბილურ გარემოს ქმნის. რატომ ეწინააღმდეგება კოალიაცია არჩევნებს?

- ალბათ, მათ გარანტიები არ აქვთ, რომ მომავალ პარლამენტში მოხვდებიან და ამის გამო, ვადამდელ არჩევნებს ეწინააღმდეგებიან. რიგგარეშე არჩევნების წინააღმდეგობა ყოველთვის ამ მოტივაციით განისაზღრება.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, თქვენ ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებით. რა იქნება თქვენი საარჩევნო ლოზუნგი?

- ორი ლოზუნგი მექნება - სამართლიანობის აღდგენა და სოციალური სამართლიანობა. უმრავლესობასთან უთანხმოება სწორედ ამ თემებზე მომივიდა. სამართლიანობის აღდგენა სამი ელემენტისგან შედგება. კერძოდ, ეს არის - დამნაშავეების დასჯა, საკუთრების დაბრუნება და უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანების სამსახურებში აღდგენა. რაც შეეხება სოციალურ სამართლიანობას, როცა ხალხი ბიზნესს დაუპრისიპირდა, ხელისუფლებამ ბიზნესის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღო.

„შრომის კოდექსი“ გაიხსენეთ, რომელიც დამსაქმებლების სასარგებლოდ ორჯერ შეიცვალა და რომელსაც, გიორგი მარგველაშვილმა როზა ლუქსემბრუგის კოდექსი უწოდა. კოდექსში დღესაც რჩება დამსაქმებლის უფლება, რომ „სხვა ობიექტური მიზეზების გამო სამსახურიდან გათავისუფლებული იყოს პირი“, მაშინ როდესაც, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება საპირისპირო იყო.

ასევე კონფლიქტია სადაზღევო კომპანიებში, ექიმებსა და პაციენტებს შორის, მაგრამ კომპანიები სახელმწიფო ფულს ღებულობენ, ექიმებს ხელფასს არ უხდიან და პაციენტებს მომსახურებას არ უწევენ. ასეთ დროს კი, სახელმწიფო მათ ფულის მიცემას განუსაზღვრელი ვადით უგრძელებს. რომელი ერთი მაგალითი დაგისახელოთ?! ეს არის თანამიმდევრულად არასახელმწიფოებრივი და ფეხზე დაკიდების პოლიტიკა. ბიზნესს ინტერესების ლობირება ხდება და როგორც ჩანს, ამ ბიზნესებს საკმაოდ ბევრი ლობისტი საპარლამენტო უმრავლესობაში ჰყავს.

საპრეზიდენტო არჩევნებში, როგორ აფასებთ თქვენს შანსებს?

- კანონით სამპროცენტიანი ბარიერია განსაზღვრული და არ მინდა, იმ პარტიებს დავემსგავსო, რომლებიც ყველა არჩევნებში მონაწილეობენ და 0,001 პროცენტს იღებენ. პარტია კვალიფიციურად რომ ჩაითვალოს, სამპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს და თუ კვალიფიციური ძალა არ ხარ, სჯობს, საქმიანობა შეწყვიტო და ასპარეზი სხვას დაუთმო. არ მსურს, პოლიტიკას მუდმივად ჩამოკიდებული ადამიანი ვიყო და თუ მინიმალურ ბარიერს ვერ გადავლახავ, სხვას ფეხებში არ გავებლანდები.

თქვენი კონკურენტების - ნინო ბურჯანაძის, გიორგი მარგველაშვილისა და დავით ბაქრაძეს შესაძლებლობებს როგორ აფასებთ?

- ბაქრაძეს არც კონკურენტად განვიხილავ და არც პოლიტიკოსად, რადგან მიმაჩნია, რომ ის დანაშაულებრივი რეჟიმის „თვალსაჩინო მოღვაწეა“, რომელსაც თავადც დანაშაული აქვს ჩადენილი. მოგეხსენებათ, რომ თბილისის პარლამენტის დემონტაჟის განხორციელება მისი დამსახურებაა. სახელმწიფო ხარჯით სახელმწიფო ქონების დაზიანება მოხდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ახლა, ბაქრაძე საარჩევნო შეხვედრებს კი არ უნდა მართავდეს, არამედ პროკურატურაში უნდა დადიოდეს.

პარლამენტის დარბაზების დემონტაჟის გამო, ბაქრაძის პასუხისმგებლობის საკითხი იყო დასმული, მაგრამ ამჟამად, ამ საკითხზე აღარავინ საუბრობს და საინტერესოა, რატომ არ დადის ექს-სპიკერი პროკურატურაში?

- ეს არის შერჩევითი სამართალი და უკანონობაზე ხელის დაფარება. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დუეტი აწყობს, იმიტომ, რომ მათ ასეთი ოპოზიცია საფრთხეს არ უქმნის. ნაციონალებმა რაც არ უნდა სასწაული სიმართლე თქვან, მათ ყოველთვის ცხრაწლიან მმართველობას გაახსენებენ. რაც შეეხება მარგველაშვილს, მას არათუ რეიტინგის, არამედ ცნობადობის პრობლემაც აქვს. მას მოსახლეობის ნახევარიც არ იცნობს და რა რეიტინგზე საუბარი?!

მეორე ტურის ჩატარების ალბათობა ძალიან მაღალია და მეორე ტურში გასვლას ვაპირებ. ბურჯანაძესთან სამართლიანობის ნაწილში კი, თანხვედრა მაქვს და მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწევს - მე დამიჭიროს მხარი, თუ მას. რაც შეეხება სოციალური სამართლიანობის თემას, ბურჯანაძე „მემარცხენე“ იდეებით არასოდეს გამოირჩეოდა და მისთვის რიგითი ადამიანების გასაჭირი პრიორიტეტული არასოდეს ყოფილა. ის „მემარჯვენეობდა“ და მისი სათაყვანებელი პერსონა - მარგარეტ ტეტჩერი იყო.

ანუ, მეორე ტურში თქვენ თავს და მარგველაშილს მოიზარებთ?

- ამის თქმა რთულია. შესაძლოა, სხვა დუეტიც შედგეს.

პრემიერ-მინისტრის პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ისევ საუბრობს და ამბობს, რომ ეს დეკემბრამდე მოხდება. რატომ ჩქარობს ბიძინა ივანიშვილი?

- მის გადაწყვეტილებას მივესალმები, რადგან ეს ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას გამოიწვევს და პოლიტიკურ პარტიებს იმის საშუალებას მისცემს, რომ თავიანთი სახე გამოკვეთონ, რადგან ბევრმა პარტიამ სახე უკვე დაკარგა. ეს პირველი პრეცედენტია, როცა ხელისუფალი პოლიტიკიდან თავისი ნებით მიდის. ისეთი ხელისუფლება გვინახავს, რომელიც სკამს ებღაუჭებოდა.

სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის განვითარება და ქვეყნის წინსვლა ყველას მუშაობის შედეგი უნდა იყოს და ერთ კაცზე ჩამოკიდებული არ უნდა ვიყოთ, არც მის ჯიბეზე და არც მის კისერზე! ბევრისთვის ივანიშვილი ფულის ტომარაა, რომლისგანაც დივიდენდებს მოელის. მე კი, მისთვის ასე არ შემიხედავს. მას არ უყვარს პოლიტიკა, ის არ არის პროფესიონალი პოლიტიკოსი და მას არ ეხერხება პოლიტიკა. შესაბამისად, რომ მიდის ეს ლოგიკურია.

პრემიერი აცხადებს, რომ ის მთავრობის მუშაობით კმაყოფილია. მინისტრების საქმიანობა მოგწონთ?

- ვერც კარგ და ვერც ცუდ მინისტრს ვერ გამოვყოფ, რადგან მათ თანაბარი პრობლემები აქვთ. როგორც წესი, ყველა გამოუცდელია, მათ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა ერიდებათ და ისინი საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ. ყველა მინისტრი ერთი კაცის ნებაზე არის დამოკიდებული. რაც მთავარი პრობლემაა, ეს იმ კადრების შენარჩუნებაა, რომლითაც სააკაშვილი ქვეყანას მართავდა და ამან სანამდეც მიგვიყვანა ვნახეთ, მაგრამ უკეთესობას არც მომავალში ველი.

და ბოლოს, უმრავლესობიდან წამოსვლის შემდეგ, პრემიერს შეხვდით?

- ბეშუმში, შუამთობაზე ვიყავით და ყოფით თემებზე საკმაოდ ნორმალურად ვისაუბრეთ.