საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით, დაახლოებით, 160 კანონპროექტის მიღებას გეგმავს, რომლის გათვალისწინებითაც, პრემიერ-მინისტრის უფლებების გაზრდის ხარჯზე, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის უფლებამოსილების არეალი მნიშვნელოვანწილად იზღუდება.
ცვლილებების მომზადება განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წელს შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულია პროექტების ნაწილი და რიგ კანონებში ტექნიკური სახის შესწორებები შედის, ზოგი კანონპროექტი კი, მსჯელობის საგანი გახდება.
უწყებაში წარდგენილი 61 ინიციატივიდან მსჯელობის საგანი „რეფერენდუმის შესახებ“ კანონპროექტის მეოთხე მუხლი გახდა, რომელიც პლებისციტის ჩატარების წესს ეხება.
კერძოდ, კანონის დღეს მოქმედი ნორმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, საზოგადოების აზრის გაგების მიზნით, ქვეყნის პირველი პირი პლებისციტს ნიშნავს. საკანონმდებლო წინადადებით კი, პრეზიდენტს ეს უფლებამოსილება ერთმევა და პლებისციტი მთავრობის ინიციატივით ინიშნება, ან საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მოთხოვნით. შესაძლოა, კანონპროექტით განსაზღვრული ეს ახალი ნორმა შეიცვალოს, რადგან საკითხზე ამ დრომდე, კონსულტაციები მიმდინარეობს.
როგორც for.ge-ს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ და ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პავლე კუბლაშვილმა განუცხადეს, საკითხის დაზუსტება მოხდება და გადაწყვეტილება ხვალ იქნება მიღებული.
რაც შეეხება სხვა კანონპროექტებით გათვალისწინებულ ცვლილებებს, წარდგენილი ინიციატივები არეგულირებს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების პრემიერ-მინისტრის მიერ კონტრასიგნაციის საკითხს და კონტრასიგნაციის პრინციპის შემოღებასაც, რაც პრეზიდენტის მიერ გამოცემული დოკუმენტების პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერას გულისხმობს.
კერძოდ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ პროექტით, პრეზიდენტის ბრძანებულება აღარ იქნება ერთბლივი ნორმატიული აქტის გამოცემის საფუძველი. შესაბამისად, ნორმატიული აქტების მიღების-გამოცემის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა შეიძლება მიიღონ ერთობლივი ნორმატიული აქტი მხოლოდ საკანონმდებლო აქტითა და მთავრობის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე ცვლილებებით, სამოციქულო ავტოკეფალურ მართმადიდებელ ეკლესიასთან საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას დებს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებები იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრასაც ეხება და შესწორებები „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონში შედის. კერძოდ, დღეს მოქმედი კონსტიტუციური ნორმით, პარლამენტის მიერ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრისას საკითხი განსახილველად გადაეცემა უზენაეს სასამართლოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს. კერძოდ, თუ საკითხის აღძვრის საფუძველი სისხლის სამართლის დანაშაულია, იგი უზენაეს სასამართლოს გადაეცემა, ხოლო კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში - საკონსტიტუციო სასამართლოს. ცვლილებებით კი, ორივე შემთხვევაში, საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, ანუ იმპიჩმენტის პროცედურის მონაწილე სუბიექტი უზენაესი სასამართლო აღარ არის.
ცვლილებები დიპლომატიურ საქმიანობასაც ეხება და საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად რეგულაციებსაც განსაზღვრავს. კერძოდ, „დიპლომატიური სამსახურების შესახებ“ პროექტით, დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხი პირების თანანმდებობათა ნუსხის დამტკიცება პრემიერის კომპეტენციაში გადადის, თუმცა, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თანანმდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით. ამასთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის იმუნიტეტზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრემიერი, ნაცვლად, პრეზიდენტისა.
ასევე, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ პროექტით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და შეწყვეტის თაობაზე საჭიროებს პრემიერ-მინისტრის კონტსაგნაციას.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ პროექტით კი, საქართველოს ვიზების გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესს, ასევე უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესს, პირისთვის ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესს განსაზღვრავს მთავრობა, ნაცვლად პრეზიდენტისა.
„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ ცვლილებებით, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ დებულება დამტკიცდება მთავრობის მიერ.
პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის არეალსაც ეხება. კერძოდ, „სასაზღვრო პოლიტიკის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, სასაზღვრო პოლიციას პასუხისმგებლობა პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე განესაზღვრება.
პროექტით, სასაზღვრო პოლიციის უფროსს თანანმდებობაზე პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე, შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით ნიშნავს.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ პროექტით კი, ნორმა უქმდება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილების, სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ დებულება პრეზიდენტის მიერ მტკიცდება.
ამავე ცვლილებებით, სამსახურეობრივი უსაფრთხოების სამსახურისგან სახელმწიფო უშიშროებისათვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეტყობინებას პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერი იღებს და საერთაშორისო ღონისძიებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილებასაც მთავრობის ხელმძღვანელი იღებს.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონპროექტით, ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კორდინაციის წესს პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერი განსაზღვრავს და გაწესული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია სწორედ მთავრობის ხელმძღვანელს წარედგინება.
„სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ პროექტით კი, სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, ღია პორტების ნუსხას, სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლს პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერი ამტკიცებს.
ამავე ცვლილებებით, პრემიერის უფლებამოსილებას განეკუთვნება სასაზღვრო ზოლში გარკვეული სახის სამეურნეო საქმიანობის დაშვება და საშიშ ინფექციურ დაავადებათა გავრცელების საფრთხის შემთხვევაში კარანტინის ან მიმოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოს.
„საზღვაო სივრცის შესახებ“ წინადადებით, უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდისთვის საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში შესვლის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პრემიერს ექნება.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებები ეკონომიკურ სფეროსაც ეხება. კერძოდ, „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით, გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის, იმპორტის გადასახადისგან გათვალისწინებული წესი განისაზღვრება პრემიერის მიერ, ნაცვლად პრეზიდნეტისა.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ პროექტით, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მირებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება მთავრობა, ნაცვლად პრეზიდენტისა.
„ადგილორბივი თვითმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ ცვლილებებით, თვითმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ქონების სახეობების ნუსხა მტკიცდება მთავრობის მიერ, პრეზიდენტის ნაცვლად.
პარლამენტი აღნიშნული ცვლილებების დამტკიცებას სექტემბერის ბოლომდე გეგმავს. 20-მდე კანონპროექტი კი, პირველი მოსმენით დღეს იქნა მიღებული.