კაბინეტი „მემკვიდრის“ მოლოდინში

კაბინეტი „მემკვიდრის“ მოლოდინში

ვინ გახდება მომავალი პრემიერი? ამ კითხვაზე პასუხისგან კოალიციის წევრების უმეტესობა თავს იკავებს და აცხადებს, რომ ეს ნაადრევია და მომავალი პრემიერის კანდიდატურის განხილვა ბიძინა ივანიშვილთან არ მიმდინარეობს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ეს პოსტი შესთავაზონ ეკონომიკის მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, ენერგეტიკის მინისტრს, კახი კალაძეს, ან შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

ამ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილი ირწმუნება, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი ძალიან საინტერესო პიროვნება იქნება, რომელიც წარმატებით გაართმევს თავს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს. თუმცა მომავალი პრემიერ-მინისტრის გუნდში დარჩენისთვის თეა წულუკიანს ორი პირობა აქვს: ერთი - ახალ პრემიერს თავად აინტერესებდეს მასთან მუშაობა და, მეორე - თავად თეა წულუკიანის ინტერესი, რომ იმუშაოს იმ პრემიერ-მინისტრთან, ვინც იქნება ბიძინა ივანიშვილის შემცვლელი.

ის, რომ პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა მართლაც მოიაზრება, ამას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძეც ადასტურებს. თუმცა იმასაც განმარტავს, რომ ჯერ კონსულტაციები არ დაწყებულა.

ელისო ჩაფიძის აზრით, გიორგი კვირიკაშვილი გამორჩეული სახეა, თუმცა დღევანდელ მთავრობაში ბევრი ისეთი მინისტრია, რომლებიც პრემიერ-მინისტრის მოვალეობას თავისუფლად გაართმევენ თავს, მათ შორის - ირაკლი ღარიბაშვშვილიც. კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატურად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნას არ გამორიცხავს. ასევე, გიორგი კვირიკაშვილზე დებს ფსონს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილიც. თავად კვირიკაშვილს კი ამ თემაზე წინასწარი კომენტარის გაკეთება არაეთიკურად ეჩვენება.

ვინ გახდება ბიძინა ივანიშვილი რჩეული და რამდენად რთული იქნება ღირსეული ახალი პრემიერის შერჩევა? მით უფრო, რომ მომავალ პრემიერს ბევრად მეტი შესაძლებლობა ექნება, ვიდრე თუნდაც მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატს.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნული პერსონების მონაცემების შესახებ კონკრეტულ მსჯელობას არ აპირებს, თუმცა ფიქრობს, რომ არჩევანი გაკეთდება იმის გათვალისწინებით, თუ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისას როგორი პოლიტიკური სიტუაცია იქნება ქვეყნაში. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, იმ დროისთვის ვინ იქნება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და როგორი იქნება ძალთა განლაგება. სწორედ ამის მიხედვით უნდა მოხდეს პრემიერის კანდიდატურის შერჩევა.

პოლიტოლოგის განმარტებით, მართალია, პრემიერის პოსტზე კალაძე-კვირიკაშვილის შესახებ აქტიურად საუბრობენ, მაგრამ, როგორც წესი, ივანიშვილი საკმაოდ მოულოდნელ სვლებს აკეთებს. ანალოგიური ვითარება იყო პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით და მაშინაც სრულიად მოულოდნელად, ისე, რომ არსად სახელდებოდა მარგველაშვილის კანდიდატურა, სწორედ მარგველაშვილი გახდა საპრეზიდენტო კანდიდატი.

„როდესაც ეს საკითხი რეალურად დადგება, სრულიად შესაძლებელია, სულ სხვა პერსონა ვიხილოთ ამ პოსტზე. ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ რისიც ყველაზე მეტად მეშინია ისაა, რომ კოალიციასა და ხელისუფლებაში დაშლის პროცესი დაიწყება. ამიტომ, ვინც არ უნდა იყოს მომავალი პრემიერი, უპირველესად, ის უნდა იყოს ადამიანი, რომელიც შეძლებს არა ახალი გუნდის ჩამოყალიბებას, არამედ არსებული გუნდის ძირითადი ბირთვისა და პარლამენტში არსებული უმრავლესობის შენარჩუნებას. ასევე - თანამშრომლობას პრეზიდენტთან“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე და მომავალი პრემიერის სახით გამაერთიანებლისა და შემაკავშირებლის როლზე ამახვილებს ყურადღებას.

ამასთან, იცნობს რა არსებულ პოლიტიკურ სპექტრს, უჭირს ასეთი რჩეული კანდიდატურის მოძებნა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, კალაძე-კვირიკაშვილს პრემიერის პოსტისთვის აუცილებელი რესურსი ჰქონდეთ, მაგრამ აქამდე მათ არ ჰქონიათ ამ რესურსის გამოვლენის საშუალება. პოლიტოლოგის თქმით, ამ ფუნქციის შესრულება უფრო ხელეწიფება ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც, ასევე, სახელდება ამ თანამდებობაზე. მეტიც, სოსო ცინცაძის აზრით, ღარიბაშვილმა მენეჯერული რესურსი მეტ-ნაკლებად გამოავლინა, ამიტომ მას უფრო მეტი შანსი უნდა ჰქონდეს ამ პოსტზე. რაც შეეხება კვირიკაშვილ-კალაძის ტანდემს, პოლიტოლოგის აზრით, არც ეკონომიკაში, არც ენერგეტიკაში უკეთესობისკენ სვლა არ იგრძნობა.

„ეს იგივე არჩევანი იქნება, როგორიც გააკეთა ივანიშვილმა მარგველაშვილთან მიმართებით, რომელსაც არანაირი მიღწევა არ ჰქონდა განათლების სფეროში და უცებ საპრეზიდენტო კანდიდატად მოგვევლინა. როგორც წესი, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი ხდება პრემიერი და ის პოლიტიკიდან არ მიდის. 20-იან წლებში საფრანგეთს პრემიერი ჰყავდა  - არისტიდ ბრიანი, რომელიც 12-ჯერ ეკავა ეს პოსტი და 18-ჯერ იყო სხვადასხვა მთავრობის მინისტრი. ასე რომ, ერთმა კაცმა შვიდი წლის მანძილზე მიაღწია ამ პოსტს, რადგან ის პოლიტიკოსად იყო დაბადებული. არ ხდება ისე, რომ პრემიერის პოსტი გენერალური მინდობილობით სხვას გადასცე“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ეეჭვება, რომ პრემიერის პოსტი დაიკავოს კვირიკაშვილმა ან კალაძემ, რადგან პრემიერ-მინისტრის მიერ ამ თანამდებობაზე დასახელებული პიროვნება უნდა სარგებლობდეს საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობით და რაც მთავარია, ცნობადი უნდა იყოს.

„მიუხედავად ჩემი პატივისცემისა კვირიკაშვილისა და კალაძის მიმართ, ისინი დღეს არ სარგებლობენ ისეთი ცალსახა ავტორიტეტით, რომ მათი დასახელება იოლი იყოს. ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო უფრო მშვიდ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური სტაბილურობაა. პრემიერ-მინისტრის ფიგურა უნდა იყოს ისეთი, რომელიც შეძლებს, შეინარჩუნოს ალიანსის მთლიანობა, „ქართული ოცნების“ მიმართ ნდობის მაღალი ხარისხი. ასევე, უნდა შეინარჩუნოს ის რეიტინგი მაინც, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ გააჩნია“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

მისი თქმით, ასეთი პიროვნების მოძიება საკმაოდ რთულია, თუმცა ბატონი ბიძინა უკეთესად იცნობს თავის გარემოცვას და იმ ადამიანებსაც, რომლებსაც, ალბათ, ამ თანამდებობაზე განიხილავს.

ასევე, ზაზა ფირალიშვილი განმარტავს, რომ ახალი კონსტიტუციით, პრემიერის ფუნქციები საკმაოდ გაზრდილია და ეს ფუნქციები გართულდა და გამრავალფეროვნდა. ამიტომ ფილოსოფოსის აზრით, მომავალი პრემიერის მოძებნა ისევე რთული იქნება, როგორც ეს პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებისას მოხდა.

„შეიძლება, ეს უფრო რთულიც აღმოჩნდეს, რადგან გარდა იმისა, რომ პრემიერი გაწაფული პოლიტიკოსი უნდა იყოს, ის კარგი ეკონომისტი და არაჩვეულებრივი მენეჯერიც უნდა იყოს. ეს კი არ არის მარტივი ამოცანა“, - გვითხრა ზაზა ფირალიშვილმა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ეკონომიკასთან კავშირის, განათლებისა და წესიერების მიხედვით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას გიორგი კვირიკაშვილი იმსახურებს. მისი თქმით, კვირიკაშვილი ყალბი პროპაგანდისთვის არაფერს გააკეთებს.

„მე მას პარლამენტიდან ვიცნობ, ჩვენ ერთად ვიყავით პარლამენტის წევრები და ვიცი, რამდენად სერიოზული ადამიანია. მაშინ შედარებით ახალგაზრდა იყო, ამიტომ დღეს მისგან შეცდომები გამორიცხული იქნება. ის ფრთხილია, არ არის ზედმეტად მოლაპარაკე და არც - გარეგნულ ეფექტებზე აგებული, რაც მისი უდიდესი თვისებაა. მას შეუძლია, შესაბამისი გუნდი „აკრიფოს“. იმდენად მძიმე მდგომარეობაა საქართველოში და, მათ შორის, ქართულ ეკონომიკაში, რომ აქ თანამდებობას დახარბებული კაცი არ უნდა მოვიდეს. კვირიკაშვილმა შესანიშნავად იცის, შედეგი თუ არ ექნება, მას ვერაფერი გადაარჩენს“, - აღნიშნავს დემურ გიორხელიძე და მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სხვა კანდიდატურა იმდენად დამძიმებული იქნება გვერდითი პოლიტიკური ზეწოლებისგან, რომ ეფექტურად ვერ იმუშავებს.

***

რაც შეეხება პრემიერობის სავარაუდო კანდიდატურებს, შეგახსნებთ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ამავე სფეროში მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ილინოისის უნივერსიტეტში, აშშ–ში. ის წლების მანძილზე სხვადასხვა ბანკში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის, 2006 წლის თებერვლიდან 2011 წლის ოქტომბრამდე იყო „ქართუ ბანკში“, რომლის გენერალური დირექტორიც თავად გახლდათ.

2005–2006 წლებში გიორგი კვირიკაშვილს პირველი კომერციული ბანკის აღმასრულებელი საბჭოს მრჩევლის პოზიცია ეკავა, მანამდე კი იყო 1999 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი. პარლამენტარობამდე გიორგი კვირიკაშვილი მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში, ექსპორტ-იმპორტის ბანკსა და გაერთიანებულ ქართულ ბანკში.

პრემიერის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვინაობაც სახელდება. ღარიბაშვილი დაიბადა 1984 წლის 28 აპრილს სიღნაღში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი, შემდეგ სწავლა პარიზში, სორბონას უნივერსიტეტში გააგრძელა. საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლის გაზაფხულზე დაბრუნდა და მუშაობა საქველმოქმედო ფონდ „ქართუში“ ლოჯისტიკის დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტად დაიწყო. 2005 წელს ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე და „ქართუს“ პრეზიდენტი გახდა.

რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრ, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, იგი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ცხრა წლის მანძილზე საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი გახლდათ. მილანში ჩარიცხვამდე იგი თბილისის „დინამოსა“ (1993-1997) და კიევის „დინამოში“ (1998-2001) თამაშობდა. 2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, მილანმა მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. კალაძე რამდენჯერმე დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ. მან სპორტული კარიერა 2012 წელს დაასრულა.