ბიძინა ივანიშვილი: „საზოგადოებას საკუთარ პიროვნებას თავს არ მოვახვევ“

ბიძინა ივანიშვილი: „საზოგადოებას საკუთარ პიროვნებას თავს არ მოვახვევ“

საპრეზიდენტო არჩევნები, მომავალი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები, - ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების კითხვებს, დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში პასუხობდა.

ივანიშვილის „მემკვიდრის“, ანუ მომავალი პრემიერ-მინისტრის შესახებ პრესკონფერენციაზე მკაფიო განცხადებები არ გაკეთებულა, კონკრეტულად მხოლოდ ის ითქვა, რომ ამ თანამდებობაზე წარდგენილი არ იქნება ბიზნესმენი ლევან ვასაძე. დიდი ალბათობით, პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებიდან შეირჩევა.

საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებას პირველივე ტურში ელის. ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ კი მინისტრთა კაბინეტის განახლების აუცილებლობას ვერ ხედავს. „გვყავს კარგი და ძალიან კარგი მინისტრები“, - განმარტავს ივანიშვილი.

დღეს პრემიერისთვის ერთგვარად მოულოდნელი აღმოჩნდა კითხვა საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილის დამარცხების შემთხვევაში პოლიტიკაში მის შესაძლო დარჩენასთან დაკავშირებით.

„მაშინ ჩემი გამოქვეყნებული წერილი ყირაზე დგება. აღმოჩნდება, რომ საზოგადოების ნდობა არ მაქვს. მაშინ ყველა გზა გახსნილი მექნება - რაც მომინდება გავაკეთებ და სადაც მინდა ვიცხოვრებ. ასეთ შემთხვევაში აღარ მექნება ვალდებულებები... არავინ იფიქროს, რომ საზოგადოებას თავს მოვახვევ საკუთარ პიროვნებას“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

თანამდებობიდან და პოლიტიკიდან შესაძლო წასვლამდე პრემიერი ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეჩერებაზე საუბარს სპეკულაციურს უწოდებს და ეკონომიკური მაჩვენებლების შემცირებაში ახალი ხელისუფლების ბრალეულობას ვერ ხედავს.

„ეკონომიკა არასწორი მეთოდებით იმართებოდა და ციფრებში გამოხატული ზრდა მიღწეული იყო სახელმწიფო სტრუქტურების აქტივობით... ეკონომიკის ვარდნა ივლისიდან იყო დაწყებული. ჩვენ ხელოვნურ მეთოდებზე უარი ვთქვით და ეკონომიკის გაჯანსაღება დავიწყეთ,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ პოლიტიკიდან მისი წასვლა ეკონომიკის შემდეგომ განვითარებაზე არ იმოქმედებს და იმედოვნებს, რომ საქართველო მალე საინვესტიციოდ ძალიან საინტერესო ქვეყანა გახდება. „15-20%-ის ალბათობით, საქართველო შეიძლება „მეორე დუბაიდ“ გადაიქცეს. ჩვენ გვაქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა და უნიკალური კლიმატური პირობები“, - აცხადებს ივანიშვილი. ინვესტორების სათანადოდ დაინტერესებამდე კი თანაინვესტირების ფონდში ინვესტიციების ჩადებას თავად გეგმავს.

ბიძინა ივანიშვილი პრესკონფერენციაზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების ჟენევის ფორმატში გაგრძელების მომხრეა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დაგვიანებას არ ნანობს, რადგან მიიჩნევს, რომ პარტნიორ ქვეყანაში წელგამართული ჩასვლა სჯობდა. მისივე თქმით, აშშ უკვე დარწმუნდა, რომ საქართველოს დასავლური კურსი უცვლელია და მისი „რუსეთის აგენტობა“ აღარც „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში სჯერათ.

„ბოკერიამაც კი ჩემი თანაშემწის მეშვეობით შემომითვალა, რომ თურმე ჩემთან რუსეთის თემაზე პრეტენზიები აღარ აქვს, რისთვისაც დიდი მადლობა შევუთვალე. თურმე, რუსეთის აგენტობის ბრალდება უკვე მომეხსნა“, - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილმა კითხვებს „ევრაზიულ კავშირში“ საქართველოს შესაძლო გაწევრიანების შესახებაც უპასუხა. მისი თქმით, მთავრობას ამ ეტაპზე „ევრაზიულ კავშირზე“ პოზიცია არ გააჩნია. „თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა?“, - განაცხადა პრემიერმა.

ადიგენის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს კი ბიძინა ივანიშვილი „ხელოვნურად ინსპირირებულს“ უწოდებს და მსგავსი საკითხების გართულებას კოაბიტაციის პროცესს უკავშირებს. პრემიერს შენიშვნები აქვს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთ მსახურთანაც. მისი თქმით, ეკლესიის მსახურები სახელმწიფოს ფუნქციებში არ უნდა ჩაერიონ.

„ეკლესიის ზოგიერთმა მსახურმაც კარგად უნდა გაიგოს, რომ მათ არ აქვთ უფლება სახელმწიფოს ფუნქციები შეითვისონ. ჩვენ მხოლოდ კანონზე დაფუძნებით უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი სკეპტიკურად უყურებს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ შეძენის მიზნით მედიაექსპერტ ია ანთაძისა და პუბლიცისტ ვასილ მაღლაფერიძის მიერ საქციო საზოგადოების შექმნის ინიციატივას.

„ეს არის ძალიან რთული განსახორციელებელი. საქართველოში დღეს საჯარო ორგანიზაცია არ გვაქვს. ტელევიზიის ბაზაზე, მითუმეტეს, ძნელია ამის განხორციელება. მათ არ მიიღეს ჩემი მტკიცებულებები. მივხვდი, რომ ვერ დავარწმუნებდი, იოლი გზა გამოვნახე, დავეთანხმე და დოკუმენტის მომზადება ვთხოვე. დღემდე არ მაქვს ეს პროექტი წარმოდგენილი“, - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებთან შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს. მანამდე კი მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებში მაღალი აქტივობისკენ მოუწოდებს და საზოგადოებას ჰპირდება, რომ ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში მთავრობაში მის მიერ დატოვებულ გუნდზე პასუხისმგებელი თავად იქნება.