ზელენსკის დემარში - უკრაინას ნატოში გაწევრიანებაზე უარი უთხრეს და „ღია კარში“ დატოვეს

ზელენსკის დემარში - უკრაინას ნატოში გაწევრიანებაზე უარი უთხრეს და „ღია კარში“ დატოვეს

ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ულტიმატუმს უყენებს. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზად არის და არ არსებობს არც ერთი ობიექტური ბარიერი, რომელიც ხელს შეუშლიდა ნატოში უკრაინის მიწვევის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას. იმ შემთხვევაში, თუკი ნატოს ვილნიუსის სამიტზე არ იქნება გაწევრიანების შესახებ „სიგნალი“, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის სამიტზე ყოფნას აზრი არ ექნება.

„ვილნიუსში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ, თუ უკრაინა არ მიიღებს კონკრეტულ სიგნალებს იმის შესახებ, თუ როდის შეძლებს ალიანსში გაწევრიანებას. მესმის, რომ უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი, სანამ ომი მიმდინარეობს, მაგრამ კიევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის მოსმენას, რომ უკრაინა ომის შემდეგ შეძლებს ბლოკში გაწევრიანებას.

ნატო-ს ზოგიერთ ქვეყანას ისე ეშინია რუსეთის, რომ მზად არ არის უკრაინა ბლოკში დაინახოს. თუ ვილნიუსში რაიმე სიგნალს არ მოგვცემენ, ვფიქრობ, რომ უკრაინას ამ სამიტზე არაფერი ესაქმება. გვესმის, რომ ამ ომის დროს ვერ ვიქნებით ნატო-ში ან უსაფრთხოების რაიმე ძლიერ ალიანსში, მაგრამ მითხარით, რამდენი სიცოცხლე ღირს ვილნიუსის სამიტზე ერთი ფრაზა: „უკრაინა ნატო-ში იქნება ამ ომის შემდეგ?“, - აღნიშნა ვოლოდიმერ ზელენსკიმ და აქვე დასძინა, რომ არ იცის, მიიღებს თუ არა კიევი იმ სიგნალს, რომლის იმედიც აქვს.

როგორც ჩანს, კიევი გაწევრიანების შესახებ სიგნალს არ და ვერ მიიღებს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება ვილნიუსში და არც უახლოეს მომავალში.  დასავლეთის ქვეყნები კვლავ უჭერენ მხარს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და მის დაფინანსებას ისე, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად კიევზე ზეწოლას არ ახორციელებენ.

„რეალისტები უნდა ვიყოთ და ვთქვათ: ეს არ მოხდება ვილნიუსში, ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში. რიგი ქვეყნები მზად არიან დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი „თავდაცვის პაქტები“ უკრაინასთან და მხარი დაუჭირონ გრძელვადიან გეგმებს ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების გასაზრდელად, რათა უზრუნველყონ, რომ მომავალში უკრაინაში შეჭრა ძვირი დაუჯდება რუსეთს თუ ვინმე სხვას. ამგვარი ორმხრივი შეთანხმებები შეიძლება წარმატებული იყოს რუსეთის შეკავებაში, რადგან რუსეთის სახმელეთო ძალები საგრძნობლად შესუსტდება მომდევნო 10 წლის განმავლობაში“, - აცხადებს ბენ უოლესი.

უკრაინის ადგილს ნატოში ვერ ხედავს გერმანია. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, ნატო ვერ მიიღებს ახალ წევრებს, რომლებიც ომში არიან ჩართული. თუმცა, ამბობს, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას საქართველოს მსგავსად მოუწევს ნატოს ღია კარში დგომა, მაგრამ უცნობია, როდის მიცემენ შიგნით შესვლის ბილეთს. თუკი საქართველოს მაგალითიდან ამოვალთ, უკრაინა ბილეთს ვერ მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ფასს იხდის.

მაშ ასე, ნატო უკრაინის გაწვერიანებას არ ჩქარობს. უკრაინა კი უკმაყოფილებას არ მალავს და ამის ფონზე უკრაინაში რომის პაპის დავალებით ორ დღიანი ვიზით იტალიელი კარდინალი მატეო ზუპი ჩადის, რომელსაც „მშვიდობის მისიის“ შესრულება დაავალა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, რომის პაპმა, ფრანცისკემ კარდინალ მატეო ზუპის დაავალა, უხელმძღვანელოს მისიას, რომელიც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში დაძაბულობის შემცირებას შეუწყობს ხელს.

ვატიკანის დიპლომატიური წყაროს ცნობით, ზუპი შეეცდება, ცალ-ცალკე შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმის მიუხედავად, რომ ვატიკანი პატარა სახელმწიფოა, პოლიტოლოგის, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტის, თამარ კიკნაძის განცხადებით, საერთაშორისო პოლიტიკაში ყოველთვის დიდი დატვირთვა ჰქონდა. მისი თქმით, დღევანდელი ვითარება იმითაც გამოირჩევა, რომ ყველა ცდილობს, რაღაცა ინიციატივა გამოიჩინოს, რომ ევროპის შუაგულში მიმდინარე ომი შეაჩეროს. მისი თქმით, ომის დასრულების ინიციატივა მხოლოდ ვატიკანს არ ეკუთვნის, არსებობს როგორც თურქეთის, ასევე ჩინეთის გეგმაც.

რაც შეეხება უკრაინის დემარშს, თამარ კიკნაძის განცხადებით, ნატოში გაწევრიანება შემდგომ კონფრონტაციას გამოიწვევს და ფაქტობრივად, რუსეთი და ნატო აღმოჩნდებიან ომის მდგომარეობაში.

„ამიტომ, უკრაინა არ მიიღება ნატოში და დემარში, რომელიც ზელენსკის მხრიდან დაფიქსირდა, ბუნებრივია. ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი მიანიჭეს, რომელიც პრაქტიკულად არაფრის მომცემი არ არის მისთვის. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნატოს სულაც არ აქვს გადაწყვეტილი, რომ უკარაინის გამო აღმოჩნდეს რუსეთთან პირისპირ. ამაში არაფერი ექსტრაორდინალური არ არის, ეს მოსალოდნელი იყო. უბრალოდ, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ზელენსკი არ იქცეოდა სწორად.

არ ვიცი ამის მიზეზი რა არის, მაგრამ გამომდინარე ამ საერთოშორისო ურთიერთობების თეორიიდან, შემიძლია ვთქვა, რომ ზელენსკიმ ქვეყანა ჩააყენა ე.წ. ვიქტიმიზაციის პოზიციაში. ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაშია, უნდა გათვალოს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ქვეყანა ასეთ ცეცხლის ალში არ გახვიოს. ახლა უკვე თითზე კბენა გვიან არის. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს და ისინი იმოქმედებენ თავიანთი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ ეს არის ობიქეტური რეალობის შეფასება ზელენსკის მხრიდან, რადგან იცის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.

„პრაქტიკულად, უკრაინის საკითხი ვილნიუსის სამიტზე უკრაინისთვის დადებითად ვერ გადაწყდება და ეს ზელენსკიმ იცის. აქედან გამომდინარე, იგი ცდილობს და თავისი ამ მოწოდებით ქმნის საზოგადოებრივ აზრს, რომ ზეწოლა განახორციელოს გადაწყვეტილის მიმღებ ჯგუფზე, რომ უკრაინა მიღებულიქნას ნატოს რიგებში. მე, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს პერსპექტივა არ ჩანს და უკრაინას ნატოში არ მიიღებენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.