მოგზაურობა... რაჭაში

მოგზაურობა... რაჭაში

ეს არ იქნება აკაკი წერეთლის მოგზაურობასავით სახალხო, გულიდან ამომხდარი ზეიმი, როცა 1912 წლის ზაფხულში მთლიანი რაჭა-ლეჩხუმი ზეიმობდა დიდი მგოსნის სტუმრობას თავიანთ მხარეში... ამჯერად პრეზიდენტი სააკაშვილი აპირებს რაჭა-ლეჩხუმში გამგზავრებას, ოღონდ რაჭაში გამგზავრების მსურველებს საკუთარი ადმინისტრაციის ხარჯით წაიყვანს.

როგორც ცნობილია, 31 აგვისტოს 16.00 საათზე ქალაქ ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის ტრადიციული ღვინის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე დასწრების მსურველებს საშუალება აქვთ, საფასურის გადახდის გარეშე დაესწრონ ღონისძიებას და მათ ტრანსპორტირებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

სააკაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი აცხადებს, რომ მსურველები თბილისიდან გამგზავრებას შეძლებენ ავტობუსებით, რომლებიც მათ ვარდების მოედანზე, სასტუმრო „რედისონის“ წინ 10:00-დან 11:00 საათამდე დაელოდება. უკან დაბრუნება შესაძლებელი იქნება იმავე ავტობუსებით 19:00-ზე.

ანდრო ბარნოვის თქმით, ფესტივალი მიზნად ისახავს რეგიონში ტრადიციული მეღვინეობის აღდგენა-შენარჩუნებას, მცირე მწარმოებლების ხელშეწყობას, ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციას, საოჯახო მარნების კულტურის განვითარებას, ტრადიციული ვაზის ჯიშების მოძიება-შენარჩუნებას და სხვა. სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული სპეციალისტების მიერ გამოვლინდება საუკეთესო მეღვინეები, რომლებსაც გადაეცემათ სიგელები და სპეციალური მედლები.

საინტერესოა, წინასაარჩევნო პერიოდში სააკაშვილის ადმინისტრაციის ასეთი „ქველმოქმედება“ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ამომრჩევლის მოსყიდვად? მით უფრო, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ტაქტიკას ნაციონალები ხშირად მიმართავდნენ - ცხვრების, ღვინის დარიგება, მთელი სოფლის დაპატიჟება პურმარილზე არჩევნების წინ, მაინცდამაინც წინასაარჩევნო პერიოდში უკვე მერამდენედ დასაქმების, სახლების გადახურვა-რეაბილიტაციის ამაო დაპირება და ა.შ.

რაჭაში ამომრჩევლების გამგზავრებაზე რომ არაფერი ვთქვათ, სულ ახლახანს, მიმდინარე წლის აგვისტოში, პრეზიდენტმა ფართომასშტაბიანი შეწყალების აქტი განახორციელა, რაც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მომზადებულ ანგარიშშიც მოხვდა, როგორც ამომრჩევლის გულის მოგების საშუალება.

შეიძლება თუ არა რაჭაში უფასოდ გამგზავრება არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩაითვალოს ამომრჩევლის მოსყიდვად და რა თანხები იხარჯება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ამასთან დაკავშირებით?

For.ge-სთან საუბარში უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ ეს საკითხი ცესკომ უნდა შეისწავლოს და დააზუსტოს, რა რაოდენობის თანხები იქნება გამოყოფილი და რამდენი ადამიანი ისარგებლებს ამ შეთავაზებით. ამის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, არის ეს მოსყიდვა თუ - კულტურული ღონისძიება მართლაც ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის.

თუმცა, ლია მუხაშავრიას თქმით, ქართველ ხალხს იმის მდიდარი გამოცდილებაც აქვს, რომ სააკაშვილი ბოლო ცხრა წლის განმავლობაში (უფრო ზუსტად, უკვე მეათე წელიწადია) შეეჩვია სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯზე საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებას.

რაც შეეხება სულ ახლახანს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს, ლია მუხაშავრიას აზრით, წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ეს ქმედება შეიძლება ჩაითვალოს მოსყიდვად და სრულიად უსინდისო აქციად, რომელიც ძირს უთხრის ზნეობას ჩვენს ქვეყანაში. კერძოდ, ადამიანი, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტის რანგში გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და ისტორიაში ჩემპიონები გაგვხადა არნახული რაოდენობის პატიმრებით, უცებ თავადვე უშვებს ასეთ ფართომასშტაბიან შეწყალებას.

„ამით მან სრულიად გააუფასურა მსჯავრდების, პატიმრობისა და შეწყალების ფასი, როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი აქტის მნიშვნელობა და სრული დევალვაცია გაუკეთა მომავალი პრეზიდენტის მიერ განსახორციელებელ შეწყალების აქტებს. ძალიან ძნელად წარმოსადგენია, რომ მომავალმა პრეზიდენტმა აჯობოს სააკაშვილს მისი ასეთი მასშტაბური შეწყალების შემდეგ. ასე რომ, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი უმსგავსო პოლიტიკური აქციაა, ძალიან სერიოზულად ლახავს საზოგადოების ზნეობას და ეწინააღმდეგება ქვეყნის მომავალს. არადა, პრეზიდენტი ზნეობისა და მორალის დაცვის პირველი მაგალითი უნდა იყოს. ეს კი სააკაშვილის უზნეო აქტებია“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ფიქრობს, რომ რაჭაში პოტენციური ამომრჩევლების სამოგზაუროდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაღებული ხარჯები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს შეიცავს. უფრო მეტიც, ამ კანონმდებლობის დარღვევის კლასიკურ მაგალითადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ჩვენი კანონმდებლობით, აკრძალულია როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ასევე, - უკანონო შემოწირულობის განხორციელება და ამომრჩევლის მოსყიდვა.

„ამ ამბავში შეიძლება იყოს უკანონო შემოწირულობის ფაქტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, როდესაც ცალკეული პირი, ყოველ შემთხვევაში, ერთი პოლიტიკური პარტიის წარმოამდგენელი, და, კონკრეტულად, პრეზიდენტი, უფასოდ ეპატიჟება მოსახლეობას რაჭა-ლეჩხუმში. ამიტომ ეს ითვალისწინებს დაჯარიმებას უკანონო შემოწირულობის ორმაგი ოდენობით. ამიტომ, თუკი კომპეტენტურმა ორგანომ დაადგინა ეს დარღვევა, მაშინ უნდა განისაზღვროს, რა თანხა დაიხარჯა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ამ სახის ღონისძიებაზე და იმ თანხის ორმაგი ოდენობით დაჯარიმება უნდა მოხდეს“, -აცხადებს კახა კოჟორიძე For.ge-სთან კომენტირებისას.

ამასთან, ცალსახად არასწორ არგუმენტად მიაჩნია, თითქოს ამ ხარჯების გაღება ღვინის ფესტივალის პოპულარიზაციას ემსახურება. მისი თქმით, თუ ეს არგუმენტი სწორად და კანონიერად იქნება მიჩნეული, მაშინ მსგავსი გამართლება ნებისმიერ ქმედებას შეიძლება მოეძებნოს. ამასთან დაკავშირებით კახა კოჟორიძე იხსენებს ერთ ფაქტს, როცა ახალგაზრდა იურისტებმა გააპროტესტეს და სარჩელიც შეიტანეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, რადგან მათ საბიუჯეტო სახსრები წინასაარჩევნო პერიოდში გაზარდეს.

მართალია, ეს საბიუჯეტო სახსრები ამ ადამიანებს სახლში არ წაუღიათ და ამით უნდა დახმარებოდნენ ავადმყოფ ბავშვებს, რაც ძალიან ჰუმანური და მორალურად ცალსახად გამართლებული ქმედებაა, მაგრამ ახალგაზრდა იურისტებმა მაინც ჩათვალეს, რომ, ამის მიუხედავად, ეს ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას.

ამდენად, კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ იგივე მიდგომაა პრეზიდენტთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ამაში ლოგიკა იყოს, რომ თურმე პოპულარიზაციას უწევ რაჭას, ეს არ უნდა მოხდეს კანონმდებლობის დარღვევის ხარჯზე.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, საიას თავმჯდომარე მიჩნევს, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ ეს საკითხი. მით უფრო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლის თანახმად, ამომრჩევლის მოსყიდვა დანაშაულია, თუკი შეთავაზებული ღირებულების მომსახურება აღემატება 100 ლარის ოდენობას.

ჩვენ დავუკავშირდით საპარლამენტო უმცირესობის წევრს ირმა ნადირაშვილს. მან აღნიშნა, რომ ზუსტად არ იცის, თუ რა ეღირება რაჭამდე ბილეთი - 5 თუ 10 ლარი, მაგრამ იმ ფონზე, რა დაპირებებიც გასცა პრემიერ-მინისტრმა, რაღაც სხვა ტიპის მოსყიდვებზე საუბარი, ალბათ, ზედმეტია. ამიტომ მეტ კომენტარს ამ თემაზე ირმა ნადირაშვილი არ აკეთებს.

ჩვენს შეკითხვაზე, დასავლეთში თუ ხდება მსგავსი ფაქტები, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტებმა პოტენციური ამომრჩევლების პატივსაცემად გაიღონ გარკვეული თანხები, ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ამის შესახებ პასუხი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ექნება.

ჩვენ დავუკავშირდით პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსს ნათია ბანძელაძეს. მან აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება უკვე რიგით მესამეა. პირველი განხორციელდა გორში, მეორე - იმერეთში, ხოლო მესამე - რაჭაში. თუმცა ნათია ბანძელაძემ ვერ დაგვიკონკრეტა, რა დაჯდება ავტობუსებით ხალხის გამგზავრება რაჭაში და სულ რამდენი ადამიანის წაყვანა იგეგმება.

ამ საკითხს გარკვევა ამაოდ ვცადეთ ანდრო ბარნოვთან და საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძესთან. ერთი მათგანი ტელეფონს არ პასუხობდა, ხოლო მეორე შვებულებაში იმყოფებოდა.