საქართველოში საწვავმა გაძვირება დაიწყო. ცვლილება ჯერ მცირე ავტოგასამართ სადგურებს შეეტყო და ბოლო რამდენიმე დღეა მსხვილ ქსელებშიც დაიწყო კორექტირება.
საერთაშორისო ბირჟაზე „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი 73 დოლარამდე დაეცა, რუსული „ურალის“ მარკის ნავთობის ფასი კი 55 დოლარს ფარგლებშია, რაც ბოლო ერთ კვირაში 1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასის მერყეობის პარალელურად, საქართველოში საწვავის ღირებულებაც ზრდის მიმართულებით დაიძრა. დაახლოებით 3 კვირაა ბენზინი ძვირდება მცირე და საშუალო ავტოგასამართ სადგურებზე, ხოლო ბრენდირებულ აგს-ებზე ეს პროცესი 4-5 დღეა რაც დაიწყო. მცირე სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინის ფასმა უკვე მიაღწია 2.20 ლარს და ზოგიერთ შემთხვევაში გადააჭარბა კიდეც. სულ რაღაც 1 თვის წინ კი ფასი 2 ლარი ფარგლებში იყო.
რაც შეეხება მსხვილ ქსელებს, იქ ასეთი ვითარებაა:
„ვისოლის“ გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასები ბოლოს 23 მაისს შეიცვალა და 1 ლიტრის ევრორეგულარის ღირებულება 2.35-დან 2.39 ლარამდე გაიზარდა.
„გალფის“ ქსელში საწვავის ღირებულების ბოლო ცვლილება 29 მაისს განხორციელდა და ბენზინის ყველა ტიპის საწვავი 6 თეთრით გაძვირდა.
30 მაისის მონაცემებით, „პორტალის“ ქსელში პრემიუმი 15 მაისი მონაცემებთან შედარებით 10 თეთრით გაძვირდა, ხოლო დიზელი 3 თეთრით გაიაფდა.
როგორც ირკვევა, ფასთა ცვლილება რუსეთს უკავშირდება. მეზობელ ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ფასმა მოიმატა და თანაც ქვეყნიდან საწვავის მოწოდების მიმართულებით პრობლემა შეიქმნა. მისი შესყიდვა შეზღუდულია. გაძვირების მიზეზადაც სწორედ ამ გარემოებებს ასახელებს კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე და ხაზს უსვამს, რომ თუ ასეთი მოცემულობა გაგრძელდება, საქართველოში საწვავი კვლავ გაძვირდება.
„ბენზინის გაძვირების ძირითადი მიზეზი რუსეთში ფასების მატებაა. იქ ახლა გასაყიდი ფასი უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე იყო და შესაბამისად, ამ გარემოებამ საქართველოს ბაზარზე ღირებულების მცირეოდენი ზრდა გამოიწვია. გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის პერიოდში რუსეთში ადგილობრივი მოხმარება იზრდება, შესაბამისად, საქართველოში მოწოდება მცირდება. უფრო ნაკლები საწვავი შემოდის, შეზღუდულია შესყიდვა. ამ გარემოებამაც განაპირობა ჩვენთან ფასის მატება. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდეა და როგორც პროგნოზია, შესაძლოა, გაგრძელდეს კიდეც, მაშინ საქართველოს ბაზარზე ასახვა მომავალშიც იქნება“, - განაცხადა იაკობიძემ.
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილიც ადასტურებს, რომ ბენზინი ძვირდება და ეს ტენდენცია ჯერჯერობით გაგრძელდება.
„ბენზინზე ფასის ზრდას ველით, ეს არის ისევ მომწოდებლის „რუსული კაპრიზი“, რაც საბოლოო ჯამში, არასტაბილურობას განაპირობებს. ამასთან, დიზელზე ფასმა ქვემოთ იწყო სვლა, 10 თეთრით არის გაიაფებული ბოლო დღეებში, რაც პოზიტიური სიახლეა.
რაც შეეხება ბენზინს, თავის დროზე, როცა სექტორს პრემიერმა ფასის შემცირება სთხოვა, არაბრენდირებულმა კომპანიებმა გარკვეული ნაბიჯი გადადგეს, ფასი შეამცირეს იმაზე მეტად, ვიდრე რესურსი ჰქონდათ. ჯერჯერობით სერიოზული ძვრები არ შეიმჩნევა, მაგრამ მცირედით მომატებულია ფასი და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა იობაშვილი.
იმპორტიორები ადასტურებენ, რომ რუსეთის ფედერაციიდან გარვეული შეფერხებებით მოდის ბენზინი, ამას ემატება ისიც, რომ კომპანიებს, რომლებსაც რუსეთიდან ბენზინს შემოაქვთ, მოწოდების პირობები შეეცვალათ. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ღირებულებასთან შედარებით, მეზობელი ქვეყნის ტარიფები მაინც დაბალია, თუმცა საერთაშორისო ბაზრის ტენდენცია აჩვენებს, რომ ნედლი ნავთობის ფასი ეცემა. ასე რომ, ახლო მომავალში პროგნოზის გაკეთება უკვე რთული იქნება.