ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია... თანმიმდევრული პოლიტიკის შენარჩუნება... ყველა ამომრჩევლისთვის თანაბარი შესაძლებობის მინიჭება საპრეზიდენტო არჩევნების დროს... სწორი სამეზობლო პოლიტიკის წარმართვა, - ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს ძირითადი მესიჯები მოისმინეს სასტუმრო „რედისონში“ გამართულ ამბასადორიალზე საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და საქართველოს ელჩებმა.
სპეციალურად წარმოთქმულ მიმართვაში ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.
ამასთან, შეეხო ქართველი ერისთვის მეტად უცნაურ კოაბიტაციურ რეჟიმს, რომლის გამოცდილებაც საქართველოს აქამდე არ ჰქონია. ურთიერთობის ასეთ ფორმას, მართალია, ახლავს ობიექტური სირთულეები, მაგრამ, ამის მიუხედავად, პრემიერის თქმით, თანამშრომლობა გრძელდება, მით უფრო, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს განხორციელდა ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლის პირველი პრეცედენტი საქართველოში.
პრემიერი აქვე ქართველი ამომრჩევლის ღირსებას შეეხო, რომელმაც არჩევნებში პოლიტიკური სიმწიფე გამოიჩინა.
რაც შეეხება ახალი ხელისუფლების პრიორიტეტებს, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მათი უმთავრესი მიზანი ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა, კანონის უზენაესობის დამკვიდრებაა.
„ჩვენი უმთავრესი მიზანია, დავიცვათ ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები, დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა, შევქმნათ დემოკრატიული ინსტიტუტები, გამჭვირვალე გავხადოთ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი, განვავითაროთ სოციალური პოლიტიკა, რაც გახდება თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის საწინდარი“.
პრემიერის თქმით, ამიტომაც აღდგა ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის ბალანსი და კონტროლი; განხორციელდა სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც დაემყარა არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს;
რაც შეეხება ევროპულ ინტეგრაციას, პრემიერი ამ თვალსაზრისით, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვილნიუსის სამიტს. ამასთან, სწამს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები ძალისხმევას არ დაიშურებენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებისა და შემდგომ წარმატებით ხელმოწერის უზრუნველსაყოფად.
ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა“, - მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილი და აცხადებს, რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ჩვენი ქვეყანა სხვა ასპირანტ ქვეყნებთან ერთად ნატოს გაფართოების შემდეგ ტალღაში აღმოჩნდეს. მით უფრო, რომ ჩვენს ქვეყანას თავისი წვლილი შეაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
„ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. ჩვენს ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ამ მისიის შესრულება. საქართველოს მთავრობა ღირსეულ პატივს მიაგებს ავღანეთში დაღუპულ ჩვენს გმირებს. მთავრობამ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს უპრეცედენტო (ასი ათასლარიანი) კომპენსაცია გამოუყო. კარგად გვესმის, რომ დანაკლისს ვერაფერი აანაზღაურებს, მაგრამ ეს არის მათ მიმართ მოწიწების გამოხატულება“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მანვე ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიით განსაზღვრული პირობებით წარიმართება. ეს თანამშრომლობა კი ეფუძნება საერთო ინტერესებს.
რაც შეეხება საქართველოს ურთიერთობებს რეგიონში, პრემიერს მიაჩნია, რომ საჭიროა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება რეგიონის ქვეყნებთან, კერძოდ, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან. საქართველო კი თავისი უახლოესი მეზობლებისთვის უნდა იქცეს ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის სივრცედ. ამ მხრივ ბიძინა ივანიშვილმა გაიხსენა, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტები სწორედ ამ ქვეყნებში განახორციელა და იგი მოუწოდებს აზერბაიჯანში, თურქეთსა და სომხეთში აკრედიტებულ საქართველოს ელჩებს, გააღრმაონ და განავითარონ ეს კეთილმეზობლური ურთიერთობები.
რაც შეეხება რუსეთს, პრემიერის თქმით, ჩვენ დავიწყეთ ამ ქვეყანასთან ურთიერთობის გაუმჯობესება, უკვე გადაიდგა პრაგმატული ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის პოზიტიურად განვითარების მიმართულებით, კერძოდ ვაჭრობის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. რუსეთთან დიალოგის ეს ახალი ფორმატი ჩვენმა მეგობრებმაც მოგვიწონეს და დადებითად შეაფასეს.
პრემიერმა, ასევე, გამოარჩია ბალტიის ქვეყნების გამოცდილება და მათი მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში.
ამავე დროს, აღნიშნა, რომ საჭიროა, მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების განვითარება შავი ზღვის აუზის ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი და ბულგარეთი. ამასთან, საქართველოს, როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყანას, აქვს პოტენციალი ამ საინტერესო საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის გასააქტიურებლად.
მანამდე კი, პრემიერის თქმით, ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი - არჩევნების სახით და ისეთი შედეგი უნდა დადგეს, რომელშიც ეჭვს არავინ შეიტანს, განსხვავებით წინა არჩევნებისგან, როცა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები მიკერძოებულ დამოკიდებულებას იჩენდნენ მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ და არაფრად აგდებდნენ ჩვენი მოქალაქეების უფლებებს.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარშია ცხადებს, რომ ამბასადორიალზე ბიძინა ივანიშვილმა აქცენტები ყველა იმ საკითხზე გააკეთა, რომელიც ალბათ, კარგა ხანს იქნება აქტუალური ქართული საზოგადოებისთვის. წინასაარჩევნოდ, ჯერ კიდევ გასული წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე, განისაზღვრა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ევროპული არჩევანი გააკეთა და, გარდა პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობისა, ნატო ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთადერთი გარანტიაა.
ამასთან, ვახტანგ ძაბირაძის თქმით, დაიწყო ახალი მიდგომა რუსული პოლიტიკისადმი, რაც ჯერჯერობით გულისხმობს იმას, რომ რუსეთის ცუდ რეაქციაზეც კი გაწონასწორებულ მდგომარეობას ვინარჩუნებთ და ისტერიკას არ ვქმნით, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა.
„ამბასადორიალზე ამის ხაზგასმა ნიშნავს, რომ ქართულმა ხელისუფლებამ თვალი კი არ დახუჭა ამაზე, არამედ ამ თემის აქტუალიზაცია მოახდინა დიპლომატიურ რეჟიმში და არა - ორღობის პოლიტიკის რანგში. რამდენად წარმატებული იქნება ეს პოლიტიკა რუსეთთნ, არ ვიცი, მაგრამ წინა ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ შედეგი არ გამოიღო. ამიტომ ნებისმიერი ნორმალური ადამიანი რუსეთთან ურთიერთობის ტონს შეცვლიდა საქმიან ტონზე“, -აღნიშნა ვახტანგ ძაბრაძემ.