საქართველოში რუსების მასობრივი ჩამოსვლის შემდეგ გაიზარდა ვაკანსიები, სადაც დამსაქმებლები რუსული ენის ცოდნას ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით საქართველოში რუსებისთვის დასაქმების შეთავაზება 160%-ითაა გაზრდილი გასულ წელთან შედარებით. ამოქმედებულია რუსული დასაქმების პლატფორმა Headhunter-იც, რომლის მეშვეობითაც, 2023 წლის მხოლოდ იანვარ-მარტში რუსეთის მოქალაქეებმა 9000-ზე მეტი სამუშაო შეთავაზება მიიღეს საქართველოდან. ხელფასები ამ საიტზე 500-დან 1500 ლარამდეა და დასაქმების არეალიც მრავალფეროვანია.
„რუსი გიდების რაოდენობა უკვე საგანგაშოა“, - აცხადებენ ტურიზმის სფეროში დასაქმებული ქართველი გიდები და სახელმწიფოსგან რუსების დასაქმებაზე შეზღუდვის დაწესებას ითხოვენ.
შრომით ბაზარზე დასაქმების დროს რუსებთან შედარებით საქართველოს მოქალაქეებისთვის უპირატესობის მინიჭებას მოითხოვს ანა დოლიძეც. პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი პარლამენტს მიმართავს და კოლონიზაციის საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სამსახურში დასაქმების დროს პრიორიტეტი ქართველს რომ უნდა ჰქონდეს საქართველოში, ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ ეს ყველაფერი ქსენოფობიურ მიდგომაში არ უნდა გადავიდეს და ეროვნულ შუღლში არ უნდა გადაიზარდოს, ამ ყველაფერს გარკვეული ჩარჩოები და საზღვრები უნდა ჰქონდეს, რადგან სამარცხვინო ფაშიზმია, რაც ქსენოფობიაში გამოიხატება.
„ფაშიზმის ბაცილა ჩვენს ქვეყანაში არ უნდა გავახაროთ. რა თქმა უნდა, ქართველებს პრიორიტეტი უნდა ჰქონდეთ ყველაფერში, რადგან ეს ქართველების ქვეყანაა და შემოსული უნდა იყოს შემოსული, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ფაშიზმის ფარგლებში. ახლა ზოგიერთებს ისიც აღიზიანებთ, რუსებს რომ ხედავენ ქუჩაში. პრაღაში რომ ჩახვიდეთ, სულ ტურისტებითაა სავსე იქაურობა, მათ შორის, რუსი ტურისტებით, ყველა რჯულის და ეროვნების წარმომადგენლები არიან პრაღაში ჩასულნი, მაგრამ ტურისტები იმ ქალაქის შემოსავალია, იმით ცხოვრობს იქაური მოსახლეობა. ამდენად, ტურისტი რატომ უნდა აღიზიანებდეთ?! 21-ე საუკუნეში ვინ რომელ ქვეყანაში ჩავა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ქართველებიც ჩადიან სხვა ქვეყნებში, სულ რაღაც სამი მილიონი ვართ და ყველგან არიან ქართველები მოფენილნი. მესმის, რომ რუსეთის მხრიდან ოკუპაციის გამო ხალხის ნაწილი გაღიზიანებულია, მაგრამ ერთი მითხარით, რომელი მეზობელი გვყავს, რომელსაც ჩვენი მიწები არ აქვს წართმეული“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ რუსების მასობრივი დასაქმება პოლიტიკური დისკრიმინაციაა და ამან ეროვნულ უსაფრთხოებაზე დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს.
„რა გამოდის? რუსი მოქალაქეები საქმდებიან საქართველოში და შეიძლება მერე ამ ხალხმა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც მიიღოს მონაწილეობა, ეს უკვე პოლიტიკური გადატრიალებაა. ეს არის ჰიბრიდული ომის სახე, რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ. განა შეიძლება, რუსი მოქალაქე იღებდეს ფინანსურ სარგებელს და ქართველები თავის ტერიტორიაზე იყვნენ აპარტეიდის მდგომარეობაში. პოლიტიკური მერკანტილური ზომებია მისაღები. როგორც წესი, ეკონომიკაში მერკანტილური და პროტექციონისტური ზომები არ არის პოპულარული, მაგრამ პოლიტიკური პროტექციონისტური ზომები ნამდვილად არის მისაღები. ეს ფარული შემოსევაა, გეოპოლიტიკური ექსპანსიაა საქართველოს წინააღმდეგ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია for.ge-სთან საუბრისას.
ანალიტიკოსი განმარტავს, რომ ამისთვის საჭიროა ოკუპაციის კანონის ზედმიწევნით დაცვა, უნდა მივიღოთ ზომები, რომ ის რუსი მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ შემოვიდნენ საქართველოში. ვახტანგ მაისაიას ინფორმაციით, ფაქტობრივად, ყველას უშვებენ საქართველოში, ოკუპაციის კანონი არ მუშაობს და არავინ არ აქცევს ამას ყურადღებას.
ანალიტიკოსი საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტსაც, რომ ქართველები გადიან საქართველოდან და რუსები შემოდიან, ეუფლებიან უძრავ ქონებას, ფაქტობრივად, ეს არის დაკაბალება ჩვენი მოსახლეობის. ამიტომ საჭიროა გარკვეული აკრძალვა რუსების მხრიდან საქართველოში ქონების შეძენაზე. უკვე დაგვიანებულიცაა აკრძალვის დაწესება, რადგან ბევრი რამ იყიდეს რუსებმა საქართველოში.