„გიორგი მარგველაშვილი 60%-ზე მეტ შედეგს აჩვენებს“

„გიორგი მარგველაშვილი 60%-ზე მეტ შედეგს აჩვენებს“

პარლამეტის ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც თავისი პროგრამის განხორციელება შეუძლია. ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ სხვა ვერც ერთი კანდიდატი დაპირებას ვერ განახორციელებს იმ მარტივი მიზეზით, რომ მათ ამისათვის პოლიტიკური ბერკეტი არ ექნებათ.

For.ge-სთან საუბრისას ძიძიგური ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილს აქვს და ექნება როგორც პარლამენტის უმრავლესობის, ასევე მთავრობის მხარდაჭერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მელორ ვაჩნაძე მთვარობის დავალებით მოქმედებდა და ამისთვის გარკვეული თანხაც გადაუხადეს. ფაქტია, რომ დაწყებულია პრეზიდენტის დევნის ღონისძიება. რა კავშირი აქვს ამასთანქართულ ოცნებას?

ზვიად ძიძიგური: მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად უკვე არ არის საინტერესო ფიგურა, რომ მისი ყოველდღიური გაცოცხლება ასეთი თემებით შედიოდეს ჩვენს ინტერესებში, პოლიტიკური ინტერესი მაქვს მხედველობაში. მელოვ ვაჩნაძეს აფინანსებს კოალიცია იმიტომ, რომ სააკაშვილს სდიოს და ნერვები მოუშალოს, - ეს არის ძალიან არასერიოზული თემა. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცოტა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით ყოფილიყო დაკავებული.

სააკაშვილი ძალიან ბევრ ადამიანს მოექცა უსამართლოდ, უდანაშაულო ხალხი ციხეში ჩასვა, ადამიანები გაანადგურა და ამას რომ თავისი შედეგები მოჰყვებოდა, ეს არის რეალობა. პოლიტიკოსის ცხოვრება ამით განსხვავდება ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანის ცხოვრებისგან, რომ მის მიერ გაფუჭებულ საქმეს ხანდაზმულობის ვადა არა აქვს. სააკაშვილმა რა საქმეებიც გააფუჭა, ეს მას ყოველთვის წინ დახვდება.

ამაზე სთხოვენ დღეს პასუხს ეს ადამიანები და პრეზიდენტი რომ არ იქნება, შეიძლება, კიდევ უფრო მოსთხოვონ პასუხი იმისათვის, რაც გაუფუჭებია და დაუშავებია ხალხისთვის. დღეს სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა არის მძიმე. ის არ ფიქრობდა, რომ ოდესმე ასეთი დღეები დაუდგებოდა და ნერვიულობს.

სააკაშვილი ამბობს, რომ პუტინის დავალებით პრემიერი აპირებს მის დაკავებას. პრეზიდენტის თქმით, სანამ იგი ცოცხალია და, სანამ გარეთაა, არცერთი პოსტსაბჭოთა ლიდერი აღარ დაბრუნდება იმ მდგომარეობაში, როდესაც უსიტყვოდ ასრულებდა რუსეთის მითითებას...

- საკუთარი პერსონისთვის უფრო მეტი სიმძიმის მინიჭებას ემსახურება ეს განცხადება, რომ მთელი მსოფლიო შეკრულია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, - ეს, უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია.

პრემიერმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებზე, რომელიც მისი მართველობის პერიოდში მოხდა საქართველოში და მათ შორის კორუფციულ დანაშაულზე...

- პრემიერ-მინისტრის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია არის ასეთი - ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის ყველამ უნდა აგოს პასუხი, მიუხედავად იმისა, ვის რა თანამდებობა ეკავა. მიხეილ სააკაშვილს სერიოზულად ეშინია თავისივე ჩადენილი დანაშაულის გამო. როდესაც ის ასეთი ტიპის პოლიტიკურ შეტევაზე გადადის, ამით წინასწარ იკეთებს საფუძველს მის წინააღმდეგ უსიამოვნო პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით. არც ბიძინა ივანიშვილს და არც ჩვენი პოლიტიკური კოალიციის რომელიმე ლიდერს არა აქვს უფლება თქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ამის პრეროგატივა აქვს სასამართლოს.

პოლიტიკური მოსაზრების გამოთქმის უფლება ყველას გვაქვს. მეც მიმაჩნია, რომ ცხინვალისა და სოხუმის აღიარება, დიახ, პირადად მიხეილ სააკაშვილის არა მარტო სინდისზე არის, არამედ მისი პასუხისმგებლობის საკითხია. სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ მის მიმართ იქნება უხერხული კითხვები და მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მისი პოლიტიკური ფართხალი ემსახურება იმას, რომ მისი ხვალინდელი მდგომარეობა არ იყოს დამძიმებული.

სააკაშვილმა მისი დაკავების კონტექსტში აღნიშნა, რომ დანაშაული არ უდასტურდება ყოფილ პრემიერ მინისტრს და ბაჩო ახალაიას. ფაქტია, რომ ახალაიას და მერაბიშვილის მიმართ არსებული ბრალდება არაა იმ სიმძიმის, რაზეც მუდმივად იყო საუბარი...

- ძალიან მშვიდად ვარ, როდესაც ამბობენ, რომ ვერაფერი ვერ დაგვიმტკიცესო. დაველოდები სასამართლოს საბოლოო განაჩენს. დღეს სასამართლო არის გაცილებით უფრო დამოუკიდებელი, ვიდერე ოდესმე ყოფილა. 9 წლის განმავლობაში ვუყურებდი ამ ხელისუფლების წარმომადგენლების საქმიანობას, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილის და მათ შორის - მიხეილ სააკაშვილის. მე მაქვს ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება მათ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ, თუ ჩვენ გვინდა ავაშენოთ სახელმწიფო, უნდა მივეჩვიოთ, რომ ასეთი ტიპის საქმეებში განაჩენის გამომტანი უნდა იყოს სასამართლო. სააკაშვილის განცხადება, რომ ჩვენ სუფთები ვართ და ვერაფერი ვერ დაგვიმტკიცესო, გადასამოწმებელი არის სასამართლოს მიერ.

რაც შეეხება .. რეიდებს, რომელსაც შს სამინისტრო აუცილებლობით ხსნის. ბატონო ზვიად, ეს ღონისძიება უკავშირდება თუ არა იმ უკანონო იარაღების არსებობას, რომელიც წინასაარჩევნოდ .. საყოველთაო რეზერვის შექმნის პარალელურად დარიგდა?

- რა თქმა უნდა. იცით, რომ წინასაარჩევნოდ სამეგრელოში და კახეთში ე.წ. მობილური ჯგუფები იყო შექმნილი. მეტსაც გეტყვით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ხელისუფლების მხრიდან თავიანთ მხარდამჭერებზე დიდძალი იარაღი იქნა დარიგებული, ამ იარაღების უკან დაბრუნება არ მომხდარა. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, როდესაც შსს აქტიურად ატარებს პრევნციულ ღონისძიებებს. გავიხსენოთ იარაღის ის სამალავები, რომელიც აღმოჩნდა სამეგრელოში. ეს არ იყო ოფიციალურდ შექმნილი, ეს იყო ბანდიტური მიზნით გაკეთებული სამალავები. ის პრევენციული ღონისძიება, რომელსაც შსს ატარებს, მიმაჩნია, რომ ძალიან სწორია და აუცილებელიც არის.

როგორ ფიქრობთ, წინასაარჩევნოდ ეს მასშტაბური ღონისძიება არ დააზარალებს მარგველაშვილის რეიტინგს? „ქართული ოცნებისმიერ ჩატარებულივლევით მას 53% უჭერს მხარს...

- როდესაც გამოკითხვით 53% აქვს კანდიდატს, ეს ნიშნავს, რომ ის აუცილებლად 60%-ზე მეტს აიღებს. პოლიტიკური კოალიცია არის რეიტინგული, მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე პოპულარული ადამიანი საქართველოში, შესაბამისად, ამ კოალიციის კანდიდატს ექნება ისეთი მხარდაჭერა, რომ ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს. შსს-ს საქმიანობა ეს არის მისი საქმე და გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური კამპანია არის სრულიად სხვა. ამას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

ამ კვლევას არ ენდობა ნინო ბურჯანაძე, რომელიც თვლის, რომ სწორედ ის გახდება საქართველოს პრეზიდენტი. მეტიც, „დემოკრატიულ მოძრაობაშიაცხადებენ, რომქართული ოცნებისწევრები გადადიან მათ პარტიაში...

- პირველი და მეორე ნაწილი რომ განვიხილოთ, რამდენადაც სწორია ის, რომ „ქართული ოცნების“ ასობითი წევრები გადადიან ბურჯანაძესთან, იმდენად სწორია ის, რომ ნინო ბურჯანაძე გახდება საქართველოს პრეზიდენტი. დიდი ალბათობით, მარგველაშვილის კონკურენტებს ბაქრაძეს და ბურჯანაძეს აქვთ იმისი შანსი, რომ ორ ციფრიანი შედეგი აჩვენონ, ანუ 10%-ზე მაღლა მიიღონ ხმები. გიორგი მარგველაშვილი საკმაოდ სოლიდური უპიტრატესობით 60%-ზე მეტ შედეგს აჩვენებს, ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

ისევ ბურჯანაძის განცხადებიდან გამომდინარე შეგეკითხებით, ის ამბობს, რომ ამ ხელისუფლებას ჰქონდა შანსი იმისა, რომ სამართლიანობა აღედგინა ქვეყანაში. მოსახლეობასთან შეხვედრაზე ხაზგასმით ამბობს, რომ ის არის კანდიდატი, რომელიც აღადგენს სამართლიანობას, ამ ლოზუნგით გამოდის ბურჯანაძე, რასაც ვერ ვიტყვით დავით ბაქრაძის შემთხვევაში, რომელიც ძირითადად წარსულ შეცდომებზე საუბრობს...

- მოდით გულწრფელად ვილაპარაკოთ, პროგრამა რომელსაც გიორგი მარგველაშვილი წარუდგნეს საზოგადოებას, პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, მას აქვს შესაბამისი ბერკეტი, რომ ეს პროგრამა შეასრულოს, რასაც ვერ ვიტყვი სხვა ვერც ერთ კანდიდატზე. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას და ვიღაცეების დაპატიმრებას, რასაც ქალბატონი ბურჯანაძე გულისხმობს, მე ვფიქრობ, რომ მას ერთი მცირე დეტალი გამორჩა, ამ შემთხვევაში, სასამართლოს სახით. ვინ უნდა დაისაჯოს და ვინ უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ, ეს სასამართლოს პრეროგატივაა და არა საქართველოს პრეზიდენტის.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ მის პროგრამაში ისეთი პოპულისტური ელემენტია, რომლის შესრულება ჩემის აზრით გამორიცხულია. ვფიქრობ, რომ ნინო ბურჯანაძეს მაგ ქადილის ძალი არ შესწევს, იმ შემთხევაშიც კი, თუ მისი თვალებით დავინახავთ მომავალ პოლიტიკურ არჩევნებს და თვითონ თუ გახდება პრეზიდენტი, აი, მაშინაც კი არ შეუძლია ამის გაკეთება.

როგორ ფიქრობთ, ამ შემთხვევაში, მარგველაშვილის გამარჯვების განმსაზღვრელი მისი წარსულია თუ პრემიერის მხარდაჭერა?

- ფუნდამეტური მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გიორგი მარგველაშვილი არის ჩვენი კოალიციის მიერ მხარდაჭერილი და ბიძინა ივანიშვილის მიერ მოწონებული კანდიდატი. გიორგის აქვს ძალიან კარგი თვისება, რომ ის არის კომუნიკაბელური და რაც მთავარია, საკმაოდ ჭკვიანია. კოალიციის მხარდაჭერა არის ერთ-ერთი უმთავრესი პოლიტიკური ფაქტორი. ამ მხარდაჭერის გარეშე, რა თქმა უნდა, გიორგი ვერ გახდებოდა პრეზიდენტი. ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც პოლიტიკური კოალიციიდან იქნებოდა წარმოდგენილი, მასაც ასევე დიდი პოლიტიკური ფორა ექნებოდა. ამას ვინც ვერ ხედავს, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ რეალობას არადეკვატურად უყურებს.

გიორგი ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც თავისი პროგრამის განხორციელება შეუძლია. სხვა ვერავინ ვერ განახორციელებს იმ მარტივი მიზეზით, რომ მათ ამისათვის პოლიტიკური ბერკეტი არ ექნებათ. გიორგი მარგველაშვილს აქვს და ექნება პარლამენტის უმრავლესობის და მთავრობის მხარდაჭერა, რაც უმნიშვნელოვანესია.

ალბათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვინ გავა მეორე-მესამე ადგილზე.

- ეს მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია იმ პოლიტიკურ კამპანიაზე, რომელსაც სხვა კანდიდატები ატარებენ. მე ერთი შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი მარგველაშვილის ყველა კონკურენტმა ძალიან კარგად იცის, რომ ისინი ვერ გახდებიან პრეზიდენტი. მათი ხვალინდელი პოლიტიკური დღისთვის არის მნიშვნელოვანი ვინ დაიკავებს მეორე-მესამე ადგილს.