რუსეთი მეზობლებს აშინებს

რუსეთი მეზობლებს აშინებს

შეიძლება გამოგრჩათ, მაგრამ 14 აგვისტოს რუსეთმა გამაფრთხილებელი ეკონომიკური ცეცხლი გაუხსნა უკრაინას. იმ დღეს, რუსეთის საბაჟო სამსახურმა საბაჟო პროცედურები გაამკაცრა, რითაც ფაქტობრივად აკრძალვა შემოიღო ყველა ტიპის უკრაინული პროდუქტის შეტანააზე რუსეთში. ეს ყველაფერი კიევს შეიძლება 2.5 მილიარდ დოლარზე მეტ სავაჭრო ზიანად დაუჯდეს წლის ბოლოსათვის.

ეს ნაბიჯი, როგორც ჩანს, უკრაინისათვის მოულოდნელი იყო. არანაირი ოფიციალური მიზეზი არ თქმულა, მაგრამ მოსოვი იშვიათად ცდილობს იმის ახსნას, თუ რატომ აწესებს ხოლმე სანქციებს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.

რამდენიმე დახურული ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთს და უკრაინას შორის (და 20 აგვისტოს ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის ფონზე) მოსკოვმა საბაჟო შემოწმებები შეწყვიტა.

მოსკოვის უკრაინაზე თავდასხმის მიზეზი ცხადია: კიევი ეწინააღმდეგება მოსკოვის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრინებას – ბლოკში, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ძალისხმევის ცენტრალური ელემენტია ისეთ საქმეში, როგორიცაა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების (ბალტიისპირეთის გარდა) ხელახალი თავმოყრა რუსეთის ფრთის ქვეშ. უკრაინა პირიქით, მიისწრაფვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისკენ, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებას, რასაც ხელი უნდა მოეწეროს ნოემბერში, ვილნიუსში.

ეს უკრაინას სუვერენიტეტის განმტკიცების შესაძლებლობას მისცემს და ნაკლებად დამოკიდებულს გახდის რუსეთზე, როგორც ეკონომიკურად ასევე პოლიტიკურად.

ასე, რომ მოსკოვი ახლა კიევის დასჯას ცდილობს. პუტინის მრჩეველმა სერგეი გლაზევმა, რუსეთის მიერ ჩატარებული მასშტაბური პროცედურების შემდეგ, ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა „იმ შემთხვევისთვის, თუკი უკრაინა უცბად გადადგამს ამ სუიციდურ ნაბიჯს და ხელს მოაწერს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას“.

რუსული მედიით გავრცელდა გაფრთხილება, რომ თუკი უკრაინა ხელს მოაწერს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ამას შეიძლება შემდგომი ეკონომიკური ქმედებები მოჰყვეს.

უკრაინა არ არის ის ერთადერთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც მოსკოვისგან ეკონომიკურ ზეწოლას განიცდის.

ამ ზაფხულში რუსეთმა სომხეთს ენერგომატარებლებზე ფასები გაუძვირა იმის ნიშნად, რომ უკმაყოფილო იყო ერევნის მოლაპარაკებებით თავისუფალ ვაჭრობაზე ევროკავშირთან. მან ასევე 4 მილიარდი დოლარი გაიღო შეიარაღებაში სომხეთის რეგიონული მტრის, აზერბაიჯანისთვის, რითაც მკვეთრად გაზარდა ამ ორ ქვეყანას შორის სამხედრო კონფრონტაციის შანსი.

მოსკოვის რისხვას ტაჯიკეთიც კი ვერ გადაურჩა: რუსეთს ჩვევაში გადაუვიდა რუსეთის ფედერაციაში მომუშავე ტაჯიკ მიგრანტებზე თავდასხმა, რომელთაც ფულის გადარიცხვებს (რაც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ქვეყნის ეკონომიკის შენარჩუნებისთვის) დამსაქმებლები ხშირად უკავებენ.

რუსეთს წნეხში ჰყავს ბელორუსიც, რათა აიძულოს მას მიჰყიდოს მოსკოვს ბელორუსის გაზის მილსადენებისა და შიდა გამანაწილებელი ქსელის საკონტროლო პაკეტი, და ზეწოლას ახდენს კრიტიკულად განწყობილ პოტაშის კომპანიაზე Belaruskali, რათა დათანხმდეს შთანთქმას რუსული მხრიდან.

ამ ტიპის ეკონომიკური იძულება სიტყვებზე ბევრად უფრო კარგად მეტყველებს რუსეთის გეოპოლიტიკურ შეხედულებებზე. კრემლი ღიად ლახავს მისი მეზობლების დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მაგალითად, გლაზევი, უკრაინის ევროპული კურსის იდეას უწოდებს „ავადმყოფური თვითმოტყუების“ აქტს.

მხოლოდ ევროკავშირმა დაგმო რუსეთის ქმედება უკრაინის მიმართ. შეერთებულ შტატებს არაფერი უთქვამს.

ის, რომ ვაშინგტონი და ევროკავშირი ვერ ახერხებენ შეთანხმებული პოლიტიკის არტიკულირებას აღმოსავლეთ ევროპის, უკრაინის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართ, მოსკოვის მხრიდან ინტერპრეტირებულია, როგორც რუსეთის გავლენის სფეროს უხმო აღიარება ყოფილ საბჭოთა სივრცეზე და ერთგვარი ლიცენზია მოსკოვისთვის იქ ბატონობის აღდგენაზე.

ფსონები მაღალია. იმ შემთხვევაშიც, თუკი უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ტაჯიკეთი და სხვები არ არიან ლიბერალური დემოკრატიის მაგალითები, მათი დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება უნდა შედიოდეს შეერთებული შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეების ინტერესებში.

მართალია, ნაკლებად სავარაუდოა ის, რომ რუსეთის მეზობლები პასიურად გაიზიარებენ საბჭოთა სტილის წარსულში დაბრუნებას, თუმცა რუსეთის პოლიტიკა საბოლოო ჯამში ნიშნავს კონფლიქტებსა და ხანგრძლივ პოლიტიკურ არასტაბილურობას.

პუტინს შეუძლია სჯეროდეს იმის, რაც რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფაა, მაგრამ დასავლეთის პოლიტიკის მარცხმა ევრაზიაში არ უნდა წაახალისოს მისი განცდა, თითქოს მას სსრკ-ს აღდგენა შეუძლია. ეს ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა.

სტივენ ბლენკი – რუსეთის საკითხების მკვლევარი ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოში (ვაშინგტონი)

foreignpress.ge